ასლან ბჟანია: აფხაზეთის საჰაერო ძალებს მოდერნიზება სჭირდება და ჩვენ რუსეთის დახმარების იმედი გვაქვს

ასლან ბჟანია: აფხაზეთის საჰაერო ძალებს მოდერნიზება სჭირდება და ჩვენ რუსეთის დახმარების იმედი გვაქვს

აფხაზეთის საჰაერო ძალების მოდერნიზება სჭირდება და ქვეყანა რუსეთისგან ამ საკითხთან დაკავშირებით დახმარებას ელოდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ TASS- თან ინტერვიუში განაცხადა.

„აფხაზეთს ჰყავს საჰაერო ძალები, მაგრამ საჭიროა მათი მოდერნიზაცია. ჩვენ გვჭირდება ახალი თვითმფრინავები და კარგად გაწვრთნილი აფხაზი მფრინავები. ჩვენ ველოდებით მხარდაჭერას რუსეთისგან და ეს მხარდაჭერა სავარაუდოდ მალე გვექნება“, - აღნიშნა ბჟანიამ.

მისი თქმით, რუსეთის გენშტაბის წარმომადგენლები ახლახან აფხაზეთში იმყოფებოდნენ და ე.წ. „თავდაცვის სამინისტროში“ მოლაპარაკებები გამართეს.

“რამდენიმე პოზიციაზე პროგრესი მიღწეულია,“- აღნიშნა ბჟანიამ.

რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას დე ფაქტო ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ რომელიმე მხარის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში „ყველა ვალდებულება შესრულდება.“

„ეჭვგარეშეა, რომ რომელიმე მხარის მიმართ აგრესიის შემთხვევაში ყველა ვალდებულება შესრულდება ”, - აღნიშნა ბჟანიამ.