მულტიკულტურიზმის ტრაგიკული განაჩენი (წერილი მეორე)

მულტიკულტურიზმის ტრაგიკული განაჩენი (წერილი მეორე)

"ამ ქვეყნად ყველაზე დიდი პოლიტიკაა ილაპარაკო სიმართლე. თუ გეშინია, ნუ ილაპარაკებ, მაგრამ თუ ლაპარაკს დაიწყებ შიშზე ნუ ფიქრობ!" (აღმოსავლური სიბრძნე )

ტრადიციულ ღირებულებები თუ "მკვდარი მიმბაძველობა“?

ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების შეცვლის მოთხოვნა, ეს დაკავშირებულია ენასთან, ეთნიკურ წარმომავლობასა და რელიგიასთან.

რადგან ფასეულობებს ვეხებით, მისი დეფინიციაც გავიხსენოთ: კულტუროლოგიის დარგს, რომელიც კულტურის სფეროში ფასეულობას სწავლობს აქსიოლოგია ეწოდება. აქსიოლოგიაში ფასეულობანი აპრიორულია იმიტომ, რომ ფასეულობისათვის პრიორიტეტის მინიჭების კრიტერიუმი მყარია. ეს კრიტერიუმებია: ფასეულობათა დროში შემოწმებული მარადიულობა. მათი გაუფასურების მიზნით დეკოდირებამ არ შეიძლება ნორმალური ფსიქიკისა და მენტალობის მქონე ადამიანში გამოიწვიოს კმაყოფილების გრძნობა. ამიტომ არის, რომ ყველა დროში და ყველა ერში ეროვნულ კულტურას განსაკუთრებული მისია აკისრია. იგი აქცევს ხალხს ერად, ერს კი, მხოლოდ დამოუკიდებელსა და თავისუფალს, შეუძლია გამოავლინოს მთელი თავისი სულიერი მშვენიერება, რაც არა მარტო მისთვის, მთელი კაცობრიობისათვის არის საჭირო და აუცილებელიც! კულტურის ტრადიციული, ისტორიული ხასიათის ხელოვნური შეცვლის ცდა, როგორ უცნაურადაც უნდა მოგვეჩვენოს, მთელ ხალხს, მთელ ქვეყანას ეპიგონობისკენ უბიძგებს. ეპიგონური კულტურა კი ეროვნული ვერ იქნება, თუნდაც იმიტომ, რომ ვერ შეასრულებს განგებისგან დაკისრებულ მოვალეობას - ხალხი გარდაქმნას ერად!

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას, ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

ამიტომ არის, რომ დღევანდელ დღეს, საკმაოდ რთულ და ბოლომდე გაურკვეველ საერთაშორისო ვითარებაში, როდესაც სამართალი არ არის ძლიერი, ხოლო ძალა -სამართლიანი, ჩვენისთანა მცირერიცხოვან ერებისთვის ტრადიციულ ღირებულებებზე უარის თქმა და  "მკვდარი მიმბაძველობა“ ხელოვნურად შექმნილი  "მითიური სამყაროს“ მიმართ, გაცილებით სახიფათოა, რადგან ეროვნული კულტურის გაქრობის საფრთხეს რეალურად აჩენს.

რამდენი რეზოლუცია ან რეკომენდაციაც უნდა მიიღოს ევროსტრუქტურებმა, მორწმუნეს ვერ დაავალდებულებ, „პატივი სცეს“ იმას, რასაც მისი მრწამსით ცოდვა ეწოდება. თუ ცოდვას პატივსაცემ მოვლენად ჩათვლით, იგი ცოდვა აღარ იქნება. როცა ცოდვაზე ვლაპარაკობთ, სულაც არ ვგულისხმობთ, რომ თავად უცოდველნი ვართ, მაგრამ სახელის დარქმევა ცოდვისთვის (და არა ცოდვილთან ანგარიშსწორება!) ჩვენი რწმენის საფუძველია.

ათი მცნება ყველა ქრისტიანისთვის ერთნაირად ჟღერს, მაგრამ რელიგიური პრაქტიკა სხვადასხვა გვაქვს. ცოდვის ცნების გამორეცხვა თვალსაჩინოა თანამედროვე მსოფლიოში. იგი სულ უფრო მისაღები ხდება. მეტიც - ცოდვასა და ე.წ. „ნორმას“ შორის საზღვარი იშლება. აი, რისკენ მიბაძვისკენ მოგვიწოდებენ!

ჩვენ ყველანი ცოდვილები ვართ. განსხვავება მხოლოდ იმაშია, ვაღიარებთ თუ არა ჩვენი ადამიანური ბუნების ყველაზე ბნელ და ბინძურ გამოვლინებებს „ნორმად,“ თუ ცოდვად ჩავთვლით?

ეს ყველაფერი კი ძალზედ სახიფათო ხდება, რადგან დღეს დემოკრატიის დამყარების და ხალხის დაცვის საბაბი ისე გაშარჟდა და გამარგინალდა, როგორც ერთ დროს დიადი საბჭოთა კავშირის მიერ დედამიწაზე სოციალისტურ-კომუნისტური სამოთხის დამყარების უტოპიური იდეები.

ამაზე კი ჩვენს მდგომარეობაში მყოფი თითოეული ჩვენგანი მხოლოდ გულდაწყვეტით თუ ილაპარაკებს.

დღეს, როცა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმა - სუვერენული სახელმწიფოს საზღვრები და ხელშეუხებლობა, ადამიანის უფლებათა ტოტალური დაცვის ეპოქაში, ფაქტობრივად, ფიქციად იქცა, როდესაც დაუფარავად ლაპარაკობენ მსოფლიო პოლიტიკური რუკის გადასინჯვაზე, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დამოუკიდებლობა და თავისუფლება მსხვერპლად არ ეწირებოდეს ამა ქვეყნის ძლიერთა ახირებას. გამოსავალი ერთია: მსოფლიო თანამეგობრობასთან ერთად, ან ძალა უნდა გავხადოთ სამართლიანი, ან სამართალი ძლიერი. ამას კი ერთ შემთხვევაში შევძლებთ თუ ჩვენ ურთიერთობებს დასავლეთთან და მსოფლიო თანამეგობრობასთან კიდევ უფრო გავაღრმავებთ. მაგრამ, არა უმცროსი ძმის პოზიციებიდან.

ახლა ისიც ვიკითხოთ, როგორია ჩვენი ურთიერთობა დასავლეთთან. მასთან დამოკიდებულებაში საქართველოს უკვე აქვს თავისი არჩევანი გაკეთებული. ეს არის ევროპულ ოჯახში დაბრუნება. მიიღოს დასავლური ფასეულობები, რათა ევროპისგან მოითხოვოს პოლიტიკური თავშესაფარი - შესაძლოა ეს ერთი შეხედვით ჩანდეს, როგორც პოლიტიკის ნაწილი, მაგრამ ჩვენი საერთო იდენტურობის შეგნებაში არსებითია არა სურვილები, არამედ ის, რომ ქართულსა და დასავლურ ცივილიზაციას ბევრი რამ აქვს საერთო. ორივე ანტიკური კულტურისა და ბიბლიის ფესვებზეა აღმოცენებული. საქართველო, არა მარტო ქრისტიანული რწმენით, თავისი კულტურით, ევროპის თანამეგობრობის მსგავსად, ისტორიული ფაქტებით ემყარება ევროპული კულტურისა და დასავლური ცივილიზაციის საერთო საფუძვლებს. ამდენად, ჩვენი ქვეყნის სწრაფვა ევროსტრუქტურებისაკენ, ეს არის მცდელობა-საქართველო დაბრუნდეს თავის ბუნებრივ გარემოში.

ამიტომ, საუბარი ჩვენს საზოგადოებაში და პოლიტელიტაში იმაზე კი არ უნდა მიდიოდეს თუ როგორ  "გადმოვნერგოთ“ ევროპული ფასეულობები ჩვენს ნიადაგზე, არამედ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეს ფასეულობები, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ კულტურაში როგორ ვეძიოთ.

მაგრამ, ერთია რას ვფიქრობთ, ან რა გვსურს დასავლეთისგან და მეორეა, რამდენად თანხვედრია ჩვენი ამჟამინდელი შეხედულებები თანადროულ დასავლურ ფასეულობებთან. ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ დღემდე გარკვეულწილად დროში აღმოვჩნდით აცდენილნი.

რადგან მისი ახსნა არცთუ მარტივია, რაზეც ნაწილობრივ უკვე ვისაუბრეთ: თუ წლების განმავლობაში ევროპაში მიმდინარე ინტეგრაციული პროცესების შედეგად, დასავლეთის ბევრი ქვეყნისთვის ტრადიციული ღირებულებებიდან წარსულმა, რატომ დაკარგა მნიშვნელობა. ამჯერად კიდევ ერთ თვალსაზრისზე შევჩერდეთ, რომელიც ალან ბალოქს ეკუთვნის. მისი აზრით, ამგვარი მიზეზი სამია:

პირველი მიზეზი ცვლილებათა ტემპის მუდმივი ზრდაა; მეორე - ცვლილებების ტემპის ზრდასთან ერთად აქამდე არნახული მასშტაბებია; მესამე მიზეზად კი მომავლის გამოწვევა დასახელდა, მომავლისა, რომლისკენაც ჩვენ მუდმივად მზარდი სიჩქარით მივექანებით, ამიტომაც დღეს ბევრი დარწმუნებულია, რომ ამ გამოწვევას უნდა უპასუხოს მხოლოდ მეცნიერული აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების მეშვეობით. "ასეთი შეხედულების თანახმად, წარსულში პასუხების ძიება დროის ფუჭი ხარჯვაა. მომავლისაკენ ორიენტირებული ცივილიზაციისათვის ისტორიული მეცნიერება, ლიტერატურასა და ხელოვნების სხვა დარგებთან ერთად, მხოლოდ თავისთავად თუ ფასობს. ასეთ დამოკიდებულებას ფრენსის ბეკონმა თავის მახვილ გამონათქვამში  "მეტყველების სამშვენისი“ უწოდა.

დასკვნა გასაგებია, განაჩენი გამოტანილია: ბევრისთვის ისტორიულ მეცნიერებას არ ძალუძს არსებითი წვლილის შეტანა საზოგადოების საქმიანი ყოფა-ცხოვრების განვითარებაში. ამიტომ წარსულის შესწავლამაც მნიშვნელობა დაკარგა.

მაგრამ, თუ იმავე ალან ბალოკის ნააზრევს დავაკვირდებით ჩანს ის მიზეზები, რომელთა შესახებაც გვესაუბრება იგი, არ ყოფილა საკმარისი წარსულის მნიშვნელობის დაკარგვაზე. ამის დასტურად მოვიყვან მის კიდევ ერთ არგუმენტს:  "აღმოსავლეთ ევროპის ხალხები, კერძოდ პოლონელების, სლოვაკების, იუგოსლავებისა და რუმინელების, ასევე უკრაინელებისა და კავკასიელების, ქართველების, აზერბაიჯანელებისა და სომხების ისტორიული თვითმმყოფადობა იყო ის ძალა, რომელიც წინ აღუდგა კომუნისტური გაერთგვაროვნების ძალმომრეობას. კომუნიზმის გადავარდნის შემდეგ მათივე ისტორიული იდენტურობა და ტერიტორიული მომხვეჭელობა გახდა მიზეზი მუდმივი მტრობისა და არეულობისა.“

მისივე აზრით, იგივე ითქმის დასავლეთ ევროპის, აფრიკის, აზიის ქვეყნებზე, მათ შორის ახლო აღმოსავლეთზე და ა. შ. სადაც, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების ერთადერთ საფრთხედ კვლავაც წარსული რჩება.

უნდა ვიფიქროთ, რომ სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, წლების განმავლობაში სრულიად მიზანმიმართულად დასავლეთის ქვეყნებში პოლიტიკური ისტორიის ადგილი მულტიკულტურების პროპაგანდამ დაიკავა. მაგრამ იყო კი ეს პრობლემის გადაჭრა, თუ მან კიდევ უფრო უარესი თავსატეხი დაბადა?

მართალია, წავიდა ის დრო, როდესაც ამა თუ იმ სახის  "იზაცია,” თავს ზემოთ დაკიდებული მახვილის ქვეშ მიიღებოდა მაგრამ, ფაქტია, რომ წლების განმავლობაში „ჯვაროსნული ლაშქრობა“ დანარჩენი სამყაროსთვისაც მულტიკულტურების დამკვიდრებისათვის“ არანაკლები თავგამოდებით ხდებოდა.

მცდარია აზრი, თითქოს ევროკავშირში მულტიკულტურიზმის შინაარსი, ძირითადად ხიზნების პრობლემასთან იყოს დაკავშირებული. გავითვალისწინoთ ისიც, რომ გავრცელებული შეხედულებით, კერძოდ, ალექსანდრე ტომოროვის აზრით, რასაც სხვა მკვლევარებიც ეთანხმებიან, გლობალიზაცია და მულტიკულტურიზმი ერთმანეთს არ გამორიცხავს.

გლობალიზაცია - რასთან გვაქვს საქმე და რას გვიქადის?

სანამ ინტელექტუალები ამ ახალ, ჯერაც ბოლომდე შეუსწავლელ ფენომენს იკვლევენ, მის დეფინიციას იძიებენ და ნაირ-ნაირ კონცეფციებს ამუშავებენ, ის განუხრელად შემოდის ჩვენს ცნობიერებაში და დიდ გავლენას ახდენს თითოეული ჩვენგანის აზროვნებასა და ქცევაზე. ამიტომ ვალდებულნი ვართ ვიცოდეთ, რა არის გლობალიზაცია? რასთან გვაქვს საქმე, რას გვიქადის მომავალში.

პლატონს, “ფედროსის” დასასრულს ასეთი მაგალითი მოჰყავს: დამწერლობის სავარაუდო გამომგონებელი ჰერმესი ფარაონს უჩვენებს თავის აღმოჩენას:  "ეს გამოგონება ადამიანებს შესაძლებლობას მისცემს, დაიხსომონ ის, რაც სხვაგვარად დავიწყებას მიეცემოდა. ”ფარაონი უკმაყოფილოა:  "მოხერხებულო ტოტ, მეხსიერება საოცარი ნიჭია, მას შენარჩუნება უნდა. შენი გამოგონების წყალობით ადამიანებს მეხსიერება დაუჩლუნგდებათ, ისინი დაიხსომებენ არა შინაგანი ძალისხმევით, არამედ – გარეგანი საშუალებებით.”

ძნელია არ დაეთანხმო ფარაონს, როგორც ყველა ახალი ტექნიკური მხარდაჭერა, წერაც ხომ ადუნებს ადამიანს. მაგალითად, ავტომობილი ვნებს ფეხით სიარულს, წერა სახიფათოა, რადგან ადამიანებს სთავაზობს გაქვავებულ სულს, მინერალურ მეხსიერებას.

ვისაც ჰერმან ჰესეს  "ტრამალის მგელი" ან მის ესეებთან ერთად წაუკითხავს მისი ბიოგრაფიაც, მან კარგად იცის, თუ როგორ სძულდა ამ მართლაც ჭკვიან კაცსა და მწერალს ისეთი უვნებელი რამ, როგორიც რადიოა. კლასიკური მუსიკის რადიოში ტრანსლირება კი კატასტროფათა შორის ერთ-ერთ უპირველეს უბედურებად მიაჩნდა; ის ფიქრობდა, რომ მცირე ზომის ყუთიდან გამომავალი ბგერები მსმენელებს ერთხელ და სამუდამოდ შეაძულებდნენ მოცარტისა და ბეთჰოვენის სიმფონიებს. მწერლის აზრით, რადიოტრანსლაცია მუსიკის ცოცხალი თანაგანცდის შესაძლებლობას უსპობდა მსმენელს და სულიერად აყრუებდა.

დღეს მსოფლიოში მიმდინარე პროცესების მიმართ, ვიღაცას შეიძლება მართლაც ჰქონდეს, ამდაგვარი შიშები, რომელიც ღიმილს იწვევს, მაგრამ არსებობს სხვა შიშებიც, ზოგი გაცნობიერებული და ზოგიც გაუცნობიერებელი.

როდესაც მკვლევარები გლობალიზაციაზე საუბრობენ, ჩვეულებრივ გულისხმობენ ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ინტეგრაციისა და უნიფიკაციის გამომწვევი პროცესების ერთობლიობას. გამოთქმულია მოსაზრებები, რომ გლობალიზაციის გარკვეული ნიშნები ჯერ კიდევ უძველეს დროში ვლინდებოდა.

გლობალიზაციის მომხრეებს თავიანთი პოზიციის სასარგებლოდ საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტები მოჰყავთ. ჯერ ერთი, ამბობენ ისინი, კაცობრიობა დღეს ისეთი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომლებთან გამკლავებაც მხოლოდ ერთად არის შესაძლებელი. აქ ძნელია არ დაეთანხმო, თუ გავიხსენებთ, მაგალითად, ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხეს. რომელიმე ცალკე აღებული ქვეყანა, თუნდაც ყველაზე ძლიერი, ამ შემთხვევაში უძლურია. რადგან პრობლემა ყველას ეხება და მისი გადაწყვეტა (თუ დავუშვებთ, რომ საერთოდ შესაძლებელია მისი გადაწყვეტა) მხოლოდ ერთობლივი ძალებით შეიძლება. იგივე ეხება ბოლო დროის ისეთ საფრთხეებსაც, როგორიცაა ტერორიზმი. ამიტომაც არის ის საერთაშორისო, რომ მის წინააღმდეგ საერთაშორისო გაერთიანების ერთობლივი ძალისხმევით არის საჭირო ბრძოლა.

გლობალიზაციაში იგულისხმება მსოფლიო მასშტაბით წარმოების გასაზოგადოება-ინტერნაციონალიზაცია, კაპიტალის თავისუფალი ბრუნვა, საერთო ბაზრის ჩამოყალიბება, ინფორმაციის, იდეების, თანამედროვე მენეჯმენტისა და მარკეტინგის გამოცდილების სწრაფი გაცვლა. აქედან გამომდინარეობს, პოლიტიკურად, ეკონომიკურად, იდეოლოგიურად მოწესრიგებული სამყაროს ჩამოყალიბება. უეჭველია, გლობალიზაცია ეხმარება მსოფლიო მასშტაბით თავისუფალი, დემოკრატიული საზოგადოების ჩამოყალიბებას. ხელს უწყობს მილიონობით ადამიანს იმ დახურული სივრციდან გასვლაში, რომელიც ასწლეულების განმავლობაში აშორებდა პროგრესულ პროცესებს. უკანასკნელ წლებში ჩვენ ამის, ისიც არაერთგზის, მომსწრენი და თვითმხილვენნი გავხდით.

...მიუხედავად იმისა, რომ ვაღიარებთ გლობალიზაციის სიკეთეს, რომ თანამედროვე ეპოქა, ეს არის კულტურათა და ცივილიზაციათა დიალოგის, ინვესტიციის, ურთიერთდაახლოების, სამეცნიერო-ტექნიკური და სახელოვნებო ინფორმაციით ურთიერთგამდიდრების ეპოქა. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს რისკის ფაქტორებიც, როგორც თანმდევი მიმდინარე პროცესების. უწინარესად კი უნდა გავაცნობიეროთ, მთავარი, რომ გლობალიზაცია არ ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ ფასეულობებს.

ამ ყოველივეს შედეგი კი გახლავთ ის, რომ მთელ მსოფლიოს და მათ შორის ჩვენს ქვეყანასაც, როგორც წამლეკავი ძალა, თავს დაატყდა ქარბორბალა, რასაც ჰქვია მასობრივი კულტურა.

მასობრივი კულტურის წარმოშობის დროისა და წყაროების შესახებ კულტუროლოგიაში სხვადასხვა თვალსაზრისი არსებობს. მასობრივ კულტურას უწოდებენ კულტურული პროდუქციის იმ სახეობას, რომელიც ყოველდღიურად იწარმოება დიდი ოდენობით. ესაა ყველაზე ფართო აუდიტორიის მიერ ყოველდღიური მოხმარებისათვის განკუთვნილი კულტურა, რომელიც მას სხვადასხვა არხით, მათ შორის მასობრივი ინფორმაციისა და კომუნიკაციის საშუალებით მიეწოდება.

მასობრივი კულტურის როლს თანამედროვე ცივილიზაციის განვითარებაში მკვლევარები სხვადასხვაგვარად აფასენ. მასობრივი კულტურა აყალიბებს პასიურ, არაკრიტიკულ აუდიტორიას. იგი ორიენტირებულია არა რეალისტურ, არამედ ხელოვნურად შექმნილ სახეებსა (იმიჯი) და სტერეოტიპებზე. მხატვრულ შემოქმედებაში მასობრივი კულტურა ასრულებს ილუზორულ-კომპენსაციურ სოციალურ ფუნქციას, რომელსაც ადამიანი შეჰყავს აუხდენელი ოცნებების სამყაროში. მას ერთვის და, რაც უფრო მეტად საგანგაშოა, რადგან ვლაპარაკობთ დღეს არსებულ საფრთხეებზე, მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული სატელევიზიო პროგრამები ამერიკული ფორმატის გადაცემებით, დასავლურის ანალოგი თოქშოუებით, ჰოლივუდური ფილმებით, სისასტიკით, სადისტური პორნოგრაფიული თემებით, ხშირ შემთხვევაში უგემოვნო, მაგრამ ქვეტექსტებით მკაფიოდ იდეოლოგიზირებული ლათინურამერიკული სერიალები და ფილმები, რომელმაც წალეკა ყველა და ყველაფერი. ტელევიზიებით მათმა უსასრულო პროპაგანდამ ჩვენს დროში ასეთი ტერმინიც დაამკვიდრა - "სატელევიზიო ინტოკსიკაცია.” ასევე მიმდინარეობს ინგლისური ენის გლობალიზაცია მსოფლიო მასშტაბით. ინგლისური, როგორც საერთაშორისო ენა უკანასკნელ წლებში ფართოდ გავრცელდა და მისი ზეგავლენა საქართველოშიც იგრძნობა.  "ანგლიზაცია,“ ცხადია, უმტკივნეულოდ არ მიმდინარეობს სხვადასხვა ენებში, მათ შორის ქართულში.

სამწუხაროდ, სატელევიზიო ინტოკსიკაციის გავლენის ქვეშ მარტო ჩვენისთანა პატარა ქვეყნები როდი მოექცნენ. ისეთი ზემძლავრი და მაღალი კულტურის ქვეყნებიც კი როგორებიც არიან საფრანგეთი, გერმანია და ა.შ. კარგახანია მასობრივი კულტურის გავლენის სფეროში იმყოფებიან.

რა ვქნათ ასეთ დროს, შევეგუოთ ახალი ტიპის მსოფლიოს? ეს ნიშნავს მისმა დამანგრეველმა ძალამ წაგვლეკოს.

აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ რადგან მსოფლიო ინტეგრაციის პირობებში თანამედროვე ქვეყნების პოლიტიკური და ეკონომიკური საზღვრები თანდათან კარგავს თავის უწინდელ დანიშნულებას, ერთა თვითმყოფადობის უმთავრეს ფაქტორად დღეს კულტურული არეალიღა რჩება. კულტურა მხოლოდ მწერლობაში, ხელოვნებასა და მეცნიერებაში არ ვლინდება, არამედ მთელი საზოგადოების ცნობიერებასა და ყოფა-ცხოვრებაში.

გავიხსენოთ, როგორ მიმართავდა ეთნიკური წარმომავლობით პოლონელი რომის პაპი იოანე პავლე II მშობელ ერს, ეხსნათ ქვეყანა და მისი მორალი მასობრივი კულტურის გამხრწნელი ზემოქმედებისაგან. თუ ეს გუშინდელი დღეა, მაშინ შევხედოთ დღევანდელობასაც:

"კაცობრიობა სიკეთისა და ბოროტების გაურჩევლობის გამო სიბნელეში იძირება. ამის შესახებ სააღდგომო მესის დროს თეოლოგიაში უაღრესად განსწავლულმა რომის პაპმა ბენედიქტ XVI-მ განაცხადა.

"სიბნელე, რომელიც ეფარება ღმერთს და ჩრდილის ქვეშ აქცევს ფასეულობებს, ეს არის რეალური საფრთხე ჩვენი არსებობისათვის და მთელი მსოფლიოსთვის,"-მისივე თქმით:  "თუ ღმერთი და მორალური ფასეულობები, განსხვავება სიკეთესა და ბოროტებას შორის დარჩება სიბნელეში, მაშინ სხვა "სინათლე", რომელსაც გვაძლევს ჩვენ დაუჯერებელი ტექნიკური მიღწევები, არის არამხოლოდ პროგრესი, არამედ საშიშროება, რომელიც ჩვენ გვემუქრება".

იგივეს ბრძანებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე:  "თავისუფლება და ზნეობრიობა ბუნებითია ადამიანისათვის. რომელიმე მათგანის უგულვებელყოფა იწვევს პიროვნების და ასევე საზოგადოების დამახინჯებას. სეკულარიზაციის მიმდევრებმა წინ წამოწიეს რა ცრუ თავისუფლების იდეა, ზნეობა საერთოდ ჩამოაშორეს მას და ბოლოს უკვე ასეთი პრინციპიც წამოაყენეს - რაც მსურს, ყველაფერი ბუნებრივია, დასაშვები და მისაღებია! ეს ნიშნავს, რომ ბოროტებაც მისაღებია და ამაში ცუდი არაფერია!" - აღნიშნავს პატრიარქი.

უწმინდესის თქმით, ასეთი ცხოვრების ფილოსოფია ერთ მნიშვნელობას ანიჭებს ყველა იდეასა და შეხედულებას, ღირებულებათა ყველა სისტემას და ადამიანს ნებისმიერი არჩევანის გამართლებას სთავაზობს.

როგორც ილია მეორე ბრძანებს, საყოველთაო ჭეშმარიტება აღარ არსებობს და რჩება მხოლოდ ინდივიდუალური  "ჭეშმარიტებები", რომელთა შორის წარმატებულია ის მიმართულება, რომელიც ინფორმაციული მანქანისგან მხარდაჭერილი და კარგად რეკლამირებულია.

"თეოლოგთა შეხედულებით, ფეხს იკიდებს ვულგარული აზროვნება, რომელიც ადამიანში მხოლოდ ცხოველური ინსტინქტების წინ წამოწევას ემსახურება. ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლების სრული ანტიპოდი. ეს არის ცოდვის და ეშმაკის ისეთი ბატონობა, რომლის მსგავსიც არ ახსოვს კაცთა მოდგმას! ამგვარი აზროვნების წესსა და დამოკიდებულებას პროპაგანდას უწევენ ყველგან და მათ შორის საქართველოშიც“.

როცა დიდი სახელმწიფოები და, მათ შორის, მრავალმილიონიან მორწმუნეთა სულიერი მამები ასე არიან შეშფოთებულნი, მით უფრო ჩვენ ქართველებს გვმართებს მეტი ფიქრი და განსჯა. დღეს, როცა ოთხივე კუთხით გაიხსნა კარები და საინფორმაციო საშუალებათა მეშვეობით გაჩნდა შესაძლებლობა დაუბრკოლებლივ შემოდიოდეს ისეთი  "კულტურის ნიმუშები,“ რომელთაც ერთვის ცხოვრების ამა თუ იმ წესის აშკარა თუ ფარული პროპაგანდა, ასეთი ყოფისთვის მაქსიმა ხდება: რაც უფრო გათახსირებულია ადამიანი, უფრო თანამედროვეა? და ისმის კითხვა - რით უნდა დავიცვათ თავი ამ ნიაღვრისაგან, რა ორიენტირი უნდა ვიპოვოთ ქართული კულტურის გადასარჩენად და ასაღორძინებლად, როგორ შევძლოთ ამ მორევში საკუთარი თვითმყოფადობის შენარჩუნება?

პასიურობა და მაყურებლის როლში ყოფნა არას გვარგებს: გლობალიზმი ბუნებრივი პროცესია თუ მართული, როგორც სამყაროს შეცვლის მორიგი ექსპერიმენტი, ერთი რამ ცხადია - ის უნდა კონტროლდებოდეს. თუ როგორ? ცალკეულმა სახელმწიფოებმა ამის მაგალითებიც უკვე მოგვცეს. მათგან ზოგი რამ მისაღები და მოსაწონი, ზოგიც მიუღებელი. ვინაიდან მარტოოდენ აკრძალვა, არასოდეს არ იძლევა და ისიც - 21-ე საუკუნეში, სასურველ შედეგს,  "გზა ხსნისა“ თავადვე უნდა მოვძებნოთ. ამ გადასახედიდან საქართველოსთვის სასიცოცხლო მნიშვნელობას იძენს: შექმნას თანამედროვე ტექნოლოგიები და ტრადიციებზე დაფუძნებული ქართული, ეროვნული სახელმწიფო.