თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი უკრაინასა და რუსეთს შორის კონფლიქტში მხარეს არ ირჩევს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
„ჩვენი ურთიერთობები როგორც რუსეთთან, ასევე უკრაინასთან მშვენიერია. პრობლემების მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად ორივე ქვეყანას ერთი და იგივე შეთავაზებით მივმართავთ. თურქეთის პოზიცია ამ საკითხში მკაფიოა“, - აღნიშნა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თურქულ ტელეარხ NTV-სთან ინტერვიუში.
რამდენიმე დღის წინ, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინელ კოლეგასთან გამართული შეხვედრის შემდეგ დონბასში განვითარებულ მოვლენებს შემაშფოთებელი უწოდა და მისი დასრულების მოწოდებით გამოვიდა.
თავის მხრივ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ თურქეთმა და სხვა პასუხისმგებლიანმა ქვეყნებმა უკრაინაში საომარი განწყობები არ უნდა გაამძაფრონ.