ეუთოს წევრმა სახელმწიფოებმა უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო აქტიურობა დაგმეს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
შეხვედრის ჩატარება უკრაინულმა მხარემ მოითხოვა, რომელზეც რუსეთს თავისი ქმედებების განმარტება სთხოვეს. რუსეთმა შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.
გაერთიანებულმა სამეფომ რუსეთის არმიის მოქმედებასთან დაკავშირებით მეტი გამჭვირვალობა მოითხოვა და შეშფოთება გამოხატა რუსეთის გადაწყვეტილების გამო, შეხვედრას არ დასწრებოდა.
აშშ-მა ხაზი გაუსვა იმას, რომ გამჭვირვალობის არარსებობა მიანიშნებს, რომ ეს არ არის ტრადიციული და წინასწარ დაგეგმილი წვრთნები.
მსგავსი პოზიციები და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მხარდაჭერა ასევე გამოხატეს საქართველომ, პოლონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ და თურქეთმა.
უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ვითარება კვლავ დაძაბულია. 1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა. 30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.