აშშ რუსეთს მიმართავს, უკრაინის საზღვართან პროვოკაციების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია განმარტოს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
„აშშ შეშფოთებული იქნება მოსკოვის ნებისმიერი მცდელობით, უკრაინა დააშინოს, მოხდება ეს რუსეთის ტერიტორიაზე თუ უკრაინის შიგნით. რუსეთს მოვუწოდებთ, თავი შეიკავოს ესკალაციური მოქმედებებისგან. ჩვენ რუსეთს ვთხოვეთ ამ პროვოკაციების განმარტება“, - აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.
1-ელ აპრილს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთი უკრაინასთან საზღვარზე კუნთებით თამაშში დაადანაშაულა.
30 მარტს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, რუსლან ხომჩაკმა განაცხადა, რომ რუსეთი სამხედრო სწავლებების საბაბით უკრაინის საზღვართან შეიარაღებულ ძალებს კრებს.