აშშ-ის სამართალდამცავი ორგანოების ვარაუდით, ნოა გრინი, რომელიც კაპიტოლიუმთან პოლიციას დაესხა თავს, მოძრაობა „ისლამის ერის“ წევრი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია MSNBC ავრცელებს.
ბოლო დღეების განმავლობაში ნოა გრინი Facebook-ზე წერდა, რომ სამსახური დაკარგა და „სულიერი მწყემსი“ სჭირდება. პოლიცია ჯერჯერობით მუშაობს თავდამსხმელის მოტივების დადგენაზე.
ამასთანავე, CNN-ის ცნობით, ნოა გრინი ხშირად წერდა სოციალურ ქსელში, რომ სპეცსამსახურები, კერძოდ, „გამოძიების ფედერალური ბიურო“ და „ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო“ მის წინააღმდეგ ოპერაციებს ატარებდნენ და მისი მოწამლვა სურდათ, ამიტომ არაა გამორიცხული, რომ მას ფსიქიკური აშლილობა ჰქონოდა. გრინი ასევე ამტკიცებდა, რომ აშშ-ის ხელისუფლება „შავკანიანების ნომერ პირველი მტერია“.
კაპიტოლიუმთან ინციდენტი 2 აპრილს მოხდა მოხდა. მას შემდეგ, რაც ავტომობილი პოლიციელებს დაეჯახა, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა და პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა. სამართალდამცველებმა მას ცეცხლი გაუხსნეს.
ინციდენტის შედეგად, თავდამსხმელი და ორი პოლიციელი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტომობილის მძღოლი და ერთ-ერთი პოლიციელი მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალნენ.