პატიმრობაში მყოფმა რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ შიმშილობა გამოაცხადა. ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის Twitter-ის გვერდზე გამოქვეყნდა.
„ექიმის მოთხოვნისა და მისგან კონსულტაციის მიღების უფლება კანონით ყველა მსჯავრდებულს აქვს, მათ შორის, მეც. ამიტომ, ვითხოვ ექიმს და სანამ ამ მოთხოვნას არ დააკმაყოფილებენ, შიმშილობას არ შევწყვეტ“, - ნათქვამია Twitter-ის პოსტში.
მანამდე ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ ინფორმაცია მისმა ადვოკატებმა გაავრცელეს. პოლიტიკოსს ფეხისა და ზურგის ძლიერი ტკივილი აღენიშნება, თუმცა იმის ნაცვლად, რომ სამედიცინო დახმარება გაუწიონ, პოლიტიკოსს ძილის საშუალებას არ აძლევენ. ნავალნის თქმით, მას კოლონიაში უძილობით აწამებენ.