ტრამპი: კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირები შენობაში მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ

ტრამპი: კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირები შენობაში მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ კაპიტოლიუმზე შტურმში მონაწილე პირები შენობაში მყოფთათვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის ირგვლივ მავთულხლართების აგება სამარცხვინო ფაქტია.

„ვფიქრობ, ეს სამარცხვინოა. მსოფლიო უყურებს ამას. ეს აბსოლუტურად პოლიტიკური მანევრია. თავიდანვე არანაირი საფრთხე არ იყო“, - განაცხადა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ კაპიტოლიუმის შენობაში შესვლისას საპროტესტო აქციის წევრები პოლიციელებს ეხვეოდნენ და კოცნიდნენ.

„ისინი შენობაში შევიდნენ. ეს არ უნდა გაეკეთებინათ. ზოგი მათგანი შევიდა და ისინი პოლიციასა და დაცვას ეხუტებიან და კოცნიან. შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ“, - აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

6 იანვარს ვაშინგტონში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, სადაც საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს ამტკიცებდნენ. დემონსტრანტები ჯო ბაიდენის გამარჯვებას აპროტესტებდნენ. შენობიდან კონგრესმენთა ევაკუაცია განხორციელდა. არეულობის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა. ვითარების კონტროლქვეშ აყვანას რამდენიმე საათი დასჭირდა, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა და ჯო ბაიდენის პრეზიდენტის პოსტზე არჩევა დაამტკიცა. აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) დირექტორმა, კრისტოფერ რეიმ განაცხადა, რომ მისი უწყება კაპიტოლიუმზე შტურმს ტერორიზმის აქტად განიხილავს.