ბევრი არაა ისეთი მუსიკოსი, თავგადაკლული გულშემატკივრები რომ არ ჰყავდეს, მაგრამ ჰქმნიდეს ამინდს და რომლის გარეშეც როკ სცენა, გაცილებით ღარიბი იქნებოდა. მით უფრო საინტერესოა, თუკი ასეთი მუსიკოსი მულტიინსტრუმენტალისტია, ჰქმნის მუსიკას და მსოფლიო მნიშვნელობის მუსიკოსებთან, ერთობლივი ალბომების ჩაწერაში აქვს მონაწილეობა მიღებული.
დავიწყოთ იმით, რომ ედრიან ბელიუ, გარდა იმისა, რომ შესანიშნავი მომღერალია, იგი მხოლოდ საკუთარი ხელწერის მქონე, ბრწყინვალე გიტარისტია. ბელიუს ხელწერის უმნიშვნელოვანესი მახასიათებელია მისი მხოლოდ მუსიკასთან დამოკიდებულება. სადაც არ უნდა დაეკრა თუ ემღერა მას, იქნებოდა ეს ფრენკ ზაპასთან თუ King Crimson-ში, ვერასოდეს მივხვდებით, ამერიკელია იგი, თუ ინგლისელი.
გასული საუკუნეების 80-ების პერიოდში, როდესაც როკ მუსიკამ დიდი მეტამორფოზა განიცადა როგორც იდეური, ასევე საშემსრულებლო თვალსაზრისით, ბელიუმ ფრენკ ზაპას ალბომ Sheik Yerbouty-ზე დიდი ზეგავლენა მოახდინა არა იმდენად როგორც გიტარისტმა, არამედ როგორც მომღერალმა და შოუმენმა, ხოლო City Of Tiny Lights-ის ვოკალის პარტია, მთელს ორდისკიან ალბომში ერთ-ერთი საგულისხმოა. გაივლის წლები და ბელიუ იტყვის, რომ ამ ალბომში მონაწილეობასთან ერთად, მან წარმატებით ჩააბარა ფრენკ ზაპას როკ სკოლაში შესასვლელი გამოცდა...
ზაპას გარდა, ბელიუმ 70-იანების ბოლოს Talking Heads-შიც დაუკრა. საბოლოოდ კი იგი ახალი იდეებით განმსჭვალულ რობერტ ფრიპს არ გამოჰპარვია, რომელსაც განახლებული King Crimson -ით, ახალი სიტყვის თქმა სურდა როკ მუსიკალური სამყაროსათვის. მან 70-იანი წლების შემადგენლობიდან დრამერი ბილ ბრაფორდი დატოვა. ახალი სტილის წარმართვისათვის კი მასთან ერთად 70-ების მეორე ნახევრის ორი აღმოჩენა - ბას გიტარისტი ტონი ლევინი და მომღერალი და გიტარისტი ედრიან ბელიუ მიიწვია.
King Crimson გამორჩეულად გიტარული ჯგუფი თვით 70-იან წლებშიც კი არ ყოფილა, 80-ებში კი მით უფრო საინტერესო იყო გიტარული ექსპერიმენტი, როდესაც ზოგადად გიტარ სოლოების პრაქტიკა მოდიდან თანდათანობით გადადიოდა და ჰენდრიქსთან ერთად, წარსულის კუთვნილებად რჩებოდა.
King Crimson-ის შემადგენლობაში ედრიან ბელიუს მოღვაწეობა სამ ეტაპად შეიძლება დაიყოს და საბოლოოდ იგი 20(!) წელიწადზე მეტ ხანს ითვლის. 80-იან წლებში რობერტ ფრიპის ჯგუფმა სამი ალბომი ჩაწერა. მათში იგრძნობოდა ეპოქასთან უკომპრომისო დამოკიდებულება და მხოლოდ საკუთარის კეთების სურვილი არანჟირების საყოველთაოდ მიღებული სტილის მინიმალური დაცვით. ამიტომაც ალბომებს Discipline, Beat და Three Of A Perfect Pair, პრაქტიკულად არაფერი აქვს საერთო 80-ების დასაწყისის პერიოდის არცერთ ნამუშევართან განსხვავებით 70-ებისა, როდესაც King Crimson-ს მკვეთრად გამოხატული ხელწერის მიუხედავად, საერთო ბევრი ჰქონდა სხვა პროგრესივ როკ ჯგუფებთან.
რამდენად პროგრესულ როკს ქადაგებდა უკვე ბელიუს პერიოდის King Crimson? ეს უკვე სხვა საკითხია და ამის პასუხს ისევ რობერტ ფრიპი გვაწვდის, რომელმაც 1975 წელს King Crimson-ის დაშლისას განაცხადა, რომ უკვე აღარ იყო დრო დიდი, ბაბინებიანი მაგნიტოფონებისა, რომლებზეც ეფექტურად ისმინებოდა თორმეტწუთიანი კომპოზიციები...
80-ების King Crimson-ში, პროგრესივი უფრო სტუდიურ-აპარატურულ წიაღსვლებში გამოიხატებოდა, ვიდრე თემატიკაში, რაშიც ედრიან ბელიუს უდიდესი წვლილი მიუძღვის. რობერტ ფრიპთან, ენდი სამერსთან და პეტ მეტენისთან ერთად, იგი პირველი იყო, ვინც გიტარა-სინთეზატორი გამოიყენა. დღესდღეობით ეს ჩვეულებრივი ამბავია, მაგრამ 1981 წლისთვის კი სიახლე იყო.
ედრიან ბელიუ თვითნასწავლი გიტარისტია და დაკვრის განუმეორებელ ხელწერას, მან უკომპრომისო შრომისა და სხვადსახვა ჟანრებში საკუთარი ხელწერის ჩაქსოვით მიაღწია. ამიტომ მულტიინსტრუმენტალისტობის გარდა, იგი საოცრად მრავალმხრივი მუსიკოსია, რომლისთვისაც გიტარ სტილისტური ბარიერები არ არსებობს. სწორედ ასეთმა მრავალმხრივობამ აფიქრებინა რობერტ ფრიპს, რომ უკვე 1994 წელს King Crimson დაბლ ტრიოდ ექცია და სცენაზე ორ გიტარასთან ერთად, ორი ე.წ. ბასი (რადგან ამ ბასური ტენდენციის ინსტრუმენტების გამოყენების სფერო და მათზე შემსრულებლების შემოქმედებითი არეალი გაცილებით ფართო იყო) და ორი დრამერი გამოეყვანა.
ამ დროისათვის ბელიუსა და ფრიპის გიტარ ტანდემი, კიდევ უფრო დაახლოვებულიყო და კონცერტებზე მუსიკოსები ლამის ავტომატური სიზუსტით ახერხებდნენ ურთულესი მოტივების შეთანხმებულად დაკვრას.
ალბომ THRAK შედევრად იქცა და King Crimson-ის 80-იანი წლების ნამუშევრებთან შედარებით, ბევრად პროგრესული გამოვიდა. გიტარ სოლოებს ძირითადად ედრიან ბელიუ ტვირთულობდა. King Crimson-ის იაპონიის ტურის ამსახველი ვიდეოს პირველად მნახველები, არ უწყიან რა რობერტ ფრიპის სცენური წარმოჩენის შესახებ, სწორედ ბელიუზე ფიქრობენ, რომ ფრიპია. სცენაზე ბელიუ მართლაც წამყვანი ფიგურაა შესანიშნავი ხმის ტემბრითა და ფილიგრანული გიტარ სოლოებით რეპერტუარში, რომლის კრედოც, თითქოს არ უნდა იყოს მელოდიურობა.
მაგრამ ნახეთ; მეორეს მხრივ, Dinosaur-ისა, VROOM-ის ყაიდის მძიმე გიტარ ინსტრუმენტული კომპოზიციების გვერდით, ალბომში შეყვანილია ორი მშვიდი სიმღერა One Time და Walking On Air. ამ უკანასკნელში დამწყები მსმენელისთვისაც კი ნათელია ჯონ ლენონის ვოკალურ და ჯიმი ჰენდრიქსის გიტარულ ხელწერასთან მსგავსება. სიმღერა განწყობით და არა მიბაძვით, ჰენდრიქსის Drifting-საც კი შეიძლება მოგვაგონებდეს. ვოკალური პარტია კი აუცილებლად ჯონ ლენონის იმ სიმღერის გამოხმაურება უნდა იყოს, რომლის დაწერაც მან ვერ მოასწრო...
King Crimson-თან ერთად, იგი უკანასკნელად 2001-2003 წლებში გამოჩნდა, როდესაც მონაწილეობა კიდევ ორი სტუდიური ალბომის ჩაწერაში მიიღო. ჯგუფის ჟღერადობა ამ პერიოდში კიდევ უფრო გამძლავრებული და ყოველგვარ კომპრომისს მოკლებულია. ალბომებში Construction Of Light და Power To Believe, სულ უფრო გახშირებულია სხვადასხვა მანქანა მოწყობილობების ქარხნული ჟღერადობა თუ რობერტ ფრიპის „საუნდსქეიფსები“. განსაკუთრებით მძაფრი, პირქუში და მათემატიკური სიზუსტით გათვლილი გიტარ იმპროვიზაციული ტანდემი King Crimson-მა 2000 წლის სამდისკიან საკონცერტო ალბომ Heavy Construction-ში წარმოადგინა, რამაც შეიძლება დაასრულა კიდეც 21-ე საუკუნის დასაწყისის King Crimson, რადგან ეპოქის მუსიკალურად ასახვის იდეა, უბრალოდ ამოიწურა... ზემოთქმული ალბომები იმდენად თანამედროვედ ჟღერს, რომ მოძველებულად, იგი ათწლეულების შემდეგაც არ მოგვეჩვენება.
ედრიან ბელიუ, 2010 წელს მორიგი შეკრების შემდეგ, King Crimson-ში აღარ დაბრუნებულა. სამაგიეროდ მან თავად დააარსა The Crimson Projekct, რომელიც 1994-1995 წლის ფორმაციის King Crimson-ის მსგავსად, დაბლ ტრიოს წარმოადგენს, რომელშიც ბელიუს გვერდზე ძველი მეგობრებიდან, ტონი ლევინსა და დრამერ პატ მასტელოტოს ვხედავთ.
The Crimson Projekct-ის კონცერტებზე King Crimson-ის კომპოზიციებთან ერთად, სცენაზე ფრენკ ზაპას City Of Tiny Lights, Talking Heads-ის Once In A Lifetime, პოლ საიმონის You Can Call Me Al და რა თქმა უნდა ბელიუს საკუთარ ჯგუფ The Bears-ის კომპოზიციები სრულდება.
ბელიუს, როგორც მოწვეული მუსიკოსის ნამუშევრებიდან მნიშვნელოვანია ასევე დევიდ ბოუის, ჟან მიშელ ჟარესა და Nine Inch Nails-თან ერთად ჩაწერილი ალბომები.
და ბოლოს, უნდა აღინიშნოს, რომ მულტიინსტრუმენტალისტობასთან ერთად, ბელიუს მუსიკალური ხედვის უსაზღვრო დიაპაზონი ჩამოუყალიბდა. ამაში კი რობერტ ფრიპთან ერთად, უდიდესი დამსახურება ფრენკ ზაპას მიუძღვის. მომავალში ედრიან ბელიუ მასთან თანამშრომლობას, მუსიკის თეორიის „ინტენსიურ კურსად“ დაახასიათებს.
ბელიუს მოღვაწეობის ყველაზე ვრცელი პერიოდი კი რობერტ ფრიპთან თანამშრომლობას უკავშირდება. ტანდემი შეიძლება ოდესმე აღდგეს, მაგრამ ფაქტია, რომ მათ თავიანთი სიტყვა უკვე თქვეს. აი ბელიუ კი? The Crimson Projekct-ისა არ იყოს, სიურპრიზი მისგან მომავალშიც მოსალოდნელია.