რაც შეეხება უთანხმოებას, ეს უთანხმოება და წყალგამყოფი წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი და შეკრული, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, როდესაც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნაზე მსჯელობდნენ, გიორგი გახარიას პოზიცია იყო პრინციპული.
„როდესაც უმრავლესობის სხდომაზე ჩვენ, მთელი გუნდის შემადგენლობით და ამ სხდომას ყოფილი პრემიერ-მინისტრი ესწრებოდა, განვიხილავდით საკითხს, ნიკანორ მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნა არ მოხსნის შესახებ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი იყო ის ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, რომელიც ამბობდა, რომ ჩვენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ უნდა დავუმტკიცოთ ის, რომ ეს არის ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, კანონის პატივისცემასა და სამართლის უზენაესობაზე დაფუძნებული სახელმწიფო, რომ ჩვენი ხელისუფლების მართვა სწორედ ამ პრინციპებზეა ორიენტირებული. შესაბამისად, გუნდში ეს პოზიცია გაზიარებული იქნა. რაც შეეხება უთანხმოებას, ეს უთანხმოება და წყალგამყოფი წარმოიშვა სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით. „ქართული ოცნების“ გუნდი არის ერთიანი შეკრული. ეს იყო უშუალოდ ბატონი გიორგი გახარიას გადაწყვეტილება წყალგამყოფიდან გამომდინარე და სამწუხაროა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.