ანრი ოხანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ის არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია პროფესიონალიზმთან და ქვეყნის სიყვარულთან

ანრი ოხანაშვილი ირაკლი ღარიბაშვილზე: ის არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია პროფესიონალიზმთან და ქვეყნის სიყვარულთან

„ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ერთსულოვნად გამოუცხადებს მხარდაჭერას. შესაბამისად, მათი გადასაწყვეტია, რა პოზიციაზე დარჩება საპარლამენტო ოპოზიცია, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დასახელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მათ (ოპოზიციის) სახეებზე ამოიკითხავდით, რამდენად გაოგნებულები იყვნენ. წინ გველის საინტერესო პროცესები. ჩვენი უპირველესი საზრუნავია ჩვენი საზოგადოების ინტერესები, მათი ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტას, რომელიც თანმდევი პროცესია, უზრუნველყოფთ დემოკრატიულ ფარგლებში“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციას კითხვები თუ აქვს, შეუძლია, მობრძანდეს პარლამენტში და დასვას, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა კითხვას პასუხს გასცემს.

„ოპოზიციას თუ აქვს რაიმე ინტერესი, ან შეკითხვა, შეუძლიათ მობრძანდნენ პარლამენტში და დასვან. დარწმუნებული ვარ, ირაკლი ღარიბაშვილი ყველა შეკითხვაზე გასცემს პასუხს. შეკითხვები არ მაქვს, ვინაიდან ის არის ადამიანი, რომლის სახელიც დაკავშირებულია პროფესიონალიზმთან და ქვეყნის სიყვარულთან“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.