ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს

ანრი ოხანაშვილი: ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს

„ჩვენ ოპოზიციის იმედად არ ვართ, ჩვენ ვართ „ქართული ოცნების“ სოლიდური გუნდი, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერას ერთსულოვნად გამოუცხადებს“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტში განუცხადა.

მისი თქმით, პროცედურები კონსტიტუციის და პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად წარიმართება.

„უახლოეს მომავალში ჩვენ გამოვუცხადებთ ნდობას ახალ პრემიერ-მინისტრს და მის სამთავრობო გუნდს. წინ გველის საინტერესო პროცესები. ჩვენი მთავარი საზრუნავია ჩვენი საზოგადოების ინტერესები, ჯანმრთელობა, დასაქმება, ეკონომიკა. ყველა სხვა საკითხის გადაწყვეტას დემოკრატიულობის ფარგლებში უზრუნველვყოფთ, რომელიც თანმდევი პოლიტიკური პროცესია“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

მისივე თქმით, კანონისმიერი გადაწყვეტილება შესაბამისად აუცილებლად აღსრულდება.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.