ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომლის პრემიერობის დროსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა გააკეთებს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას უმრავლესობის სხდომაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
„ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას პოლიტსაბჭომ მხარი დაუჭირა, მაგრამ ჩვენ ასევე უმრავლესობის შეხვედრაც გვქონდა და იქაც აბსოლუტურად ერთმხრივი მხარდაჭერა ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას. აქ გუნდია ძალიან შეკრულია და ჩვენ მომართული ვართ იმისკენ, რომ პროაქტიურად წინ წავწიოთ ქვეყანა.
ირაკლი ღარიბაშვილი არის ის ადამიანი, რომლის პრემიერობის დროს ხელი მოეწერა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას და ირაკლი ღარიბაშვილი იქნება ის პრემიერ-მინისტრი, რომლის პრემიერობის დროსაც საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადა გააკეთებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.