მამუკა მდინარაძე გახარიაზე: პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს

მამუკა მდინარაძე გახარიაზე: პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს

პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ჯერჯერობით არ იცის, დატოვა თუ არა გიორგი გახარიამ პარტია „ქართული ოცნება“.

„ამის შესახებ ჯერჯერობით არ მომისმენია, დეტალებს დავაზუსტებ და ზუსტად გიპასუხებთ, რომ რამე შეცდომა არ დავუშვა. მან რაც განაცხადა ის ვიცით ჩვენ ყველამ ერთად. დილითაც, როდესაც ამაზე გვქონდა საუბარი და მასთან კომუნიკაცია იყო, პარტიისა და გუნდის დატოვებაზე საუბარი არ გვქონია, ამბობდა, რომ დატოვებდა პრემიერ-მინისტრის პოსტს და ასეც განაცხადა ბრიფინგზე თუ არ ვცდები, შესაძლოა, რაღაც დეტალი გამომრჩეს, ამიტომ დავაზუსტებ და მოგახსენებთ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.