არავის არაფერი დაუბარებია. იქედან გამომდინარე, რომ ძალიან სპეკულაციურია იმ ადამიანზე საუბარი, რომელიც ყველამ კარგად იცის, თქვენც მათ შორის, რომ აბსოლუტურად დისტანცირებულია პოლიტიკისგან – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. კითხვა ეხებოდა, ხომ არ იყო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელება ბიძინა ივანიშვილის დავალება.
მისი თქმით, კანდიდატურა პარტიაში ერთხმად მიიღეს და ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესიდან სრულად არის დისტანცირებული.
„არა მხოლოდ ჩვენი პარტიისგან და ჩვენგან, რაც პოლიტიკის საკითხებს შეეხება და მიმდინარე პროცესებს, არამედ ზოგადადაც ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებულია პოლიტიკიდან. იცით ეს თქვენ, იციან ჩვენმა ოპონენტებმაც, თუმცა მათი ბოლოდროინდელი ისტერიის ფონზე ხშირად გვესმის მისი სახელი და გვარი. ეგ გასაგებია, მესიჯბოქსის ნაწილია და დავიწყება უჭირთ. ამის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვერანაირი სპეკულაცია ვერ გადაწონის სიმართლეს. გუნდმა ერთხმად გადაწყვიტა დღეს, რომ ღარიბაშვილი ყოფილიყო საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დღეს დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.