ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გახარიას გაცხადებული პოზიცია არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებდეს

ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გახარიას გაცხადებული პოზიცია არ არის ის მიზეზი, რის გამოც შეიძლება, პრემიერ-მინისტრი თანამდებობას ტოვებდეს

მართლაც მოულოდნელი იყო და მიზეზი, რის გამოც დატოვა თანამდებობა, არ მიმაჩნია თანაწონად მიზეზად იმ პოზიციის, რა პოზიციაც პრემიერს ეკავა და რაც მან გააჟღერა მიზეზად, - ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილმა გიორგი გახარიაზე საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს არ არის თემა, რის გამოც პრემიერ-მინისტრი შეიძლება თანამდებობას ტოვებდეს. ოპოზიციას ამ სიტუაციაში რა თქმა უნდა, ბევრი განცხადება ექნება, მაგრამ მე ყოველ შემთხვევაში მიმაჩნია, რომ ის, რა გადაწყვეტილებებიც მიიღო სასამართლომ, მიიღო აბსოლუტურად კანონზე დაყრდნობით. გამომდინარე აქედან, კანონის აღსრულებაც არის ის აუცილებლობა, რასაც სასამართლო ავალდებულებს ხელისუფლებას. როგორ მოახერხებს ხელისუფლება ამას, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული და ნაკარნახევი, ისე რომ ადამიანის უფლებები არ დაირღვეს, ეს უკვე ხელისუფლებისა და შესაბამისი ინსტიტუციების შესასრულებელი საკითხი იყო.

აქედან გამომდინარე, გახარიას ეს ნაბიჯი, რა თქმა უნდა, მისი გადასაწყვეტი იყო, იქნებოდა თუ არა პრემიერ-მინისტრი, მაგრამ ვიმეორებ, მაინც მიმაჩნია ეს გარკვეულწილად არ იყო თანაწონადი იმ პოზიციის, რა პოზიციაზეც გახარია იყო პრემიერ-მინისტრობის დროს. როცა გუნდი იხილავდა უფლებამოსილების შეჩერების საკითხს, მაშინ ამ საკითხთან დაკავშირებით კონსოლიდირებული და ერთიანი პოზიცია იყო. პრემიერ-მინისტრის აზრი იყო ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი. აქედან გამომდინარე, რა მოხდა ბოლო საღამოს, მე საქმის კურსში არ ვარ და ეს გადაწყვეტილება გავიგე, როგორც ყველამ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.