როგორც ჩანს, მან ეს გადაწყვეტილება მიიღო გუშინ ან შესაძლოა, დღესაც. პირადად ჩემთვის, ეს გადაწყვეტილება იყო მოულოდნელი და რა თქმა უნდა, არასასიამოვნო, - ასე შეაფასა გიორგი კახიანმა გიორგი გახარიას გადადგომა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი მთავრობის ფორმირება უახლოეს მომავალში მოხდება.
„დღესაც გვექნება შეხვედრა და უახლოეს მომავაშდი მოხდება მთავრობის ფორმირება. პირველ რიგში, ჩვენ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს დავასახელებთ. ვფიქრობ, ეს ხვალვე მოხდება და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. ამის შენდეგ მომავალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის შემადგენლობას დაასახელებს. შემდეგ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობის დასახელებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. კანონმდებლობის მიხედვით, ამისთვის დაახლოებით ორკვირიანი ვადაა. თუმცა ეს უახლოეს დღეებში მოხდება, ბევრად ადრე, ვიდრე ამის შესაძლებლობას კონსტიტუციური ვადები იძლევა“, - განაცხადა კახიანმა.
დეპუტატი დარწმუნებულია, რომ მმართველ გუნდს მთავრობის ფორმირება არ გაუჭირდება და პრეზიდენტის მიერ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა, რომელსაც კონსტიტუცია ითვალისწინებს, საჭირო არ გახდება.
„ფაქტობრივად, ამ სცენარს გამოვრიცხავ, რომლის შესაძლებლობასაც კონსტიტუცია იძლევა. ანუ, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ვერ ხერხდება მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება. მოგეხსენებათ, რომ ამას შესაძლებელია მოჰყვეს რიგგარეშე არჩევნები, თუმცა გამოვრიცხავ. გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად ერთი მხრივ უსიამოვნო ფაქტისა, გახარიას გადადგომას ვგულისხმობ, უმრავლესობის შიგნით არის ერთიანობა. ეს ძალიან მყარი ერთიანობაა. დარწმუნებული ვარ, ჩვენ არ გაგვიჭირდება არც მომავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატზე და არც მთავრობის შემადგენლობაზე შეჯერება“, - აცხადებს კახიანი.
გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.