გივი მიქანაძის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება

გივი მიქანაძის თქმით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გივი მიქანაძის განცხადებით, ნიკა მელიასთან დაკავშირებით მოსამართლემ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე იმსჯელა და შესაბამისად მიიღო გადაწყვეტილება.

როგორც დეპუტატმა პირველი არხის ეთერში განაცხადა, პროცესზე მხარეთა შეჯიბრებითობა არსებითად დაცული იყო.

„წარდგენილი ფაქტებისა და გარემოებების, მტკიცებულებების საფუძველზე მოსამართლემ იმსჯელა და შესაბამისად მიიღო კონკრეტული გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ ეს პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე უნდა იყოს, შესაბამისად, საზოგადოებამ ნახა დღის ოთხი საათიდან მიმდინარე პროცესი და მიეცა შესაძლებლობა, ენახა, რა არგუმენტაცია იყო, როგორც პროკურატურის, ისე დაცვის მხარეს“, - განაცხადა მიქანაძემ.

მისი თქმით, როცა პირი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ კონკრეტულ აღკვეთის ღონისძიებას არღვევს, კანონმდებლობა პროკურატურას, როგორც მხარეს, ავალდებულებს, სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა დააყენოს, რომ აღკვეთის ღონისძიება უფრო დამძიმდეს, მაგრამ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში არ წერია, ეს რით უნდა დამძიმდეს.

„ამიტომ, პროკურატურამ შექმნა პრეცედენტი. ეს ადამიანი თექვსმეტი თვის განმავლობაში წესებს რომ იცავდა, პროკურატურამ ზუსტად ამიტომ გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და შემოიღო ახალი პრეცედენტი, როდესაც დაამძიმა, რაც კანონმდებლობით დადგენილია და მოითხოვა, გირაო 100 000 ლარამდე გაზრდილიყო“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.