მინდა, დიდი მადლობა გითხრათ მხარდაჭერისთვის ყველა ჩემი კოლეგის სახელით, ისეთი სოლიდარობა ვიგრძენი ბოლო დღეებში, რომელიც 41 წლის განმავლობაში არასდროს მიგრძვნია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ განაცხადა.
„გუშინ ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის პარლამენტი, დღეს კი ყველამ ერთად ვიხილეთ გავრილოვის სასამართლო, თუმცა ყველაზე მთავარი ხვალინდელი დღეა, ჩვენი მომავალი ჩვენზეა დამოკიდებული. ის ვერდიქტი, რომელიც გამოიტანა გავრილოვის სასამართლომ, პარლამენტმა, არ ასამართლებს ერთ ცალკეულ ადამიანს. ამ განაჩენით ვსამართლდებით ყველა, ვინც ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს, ვინც 2019 წლის 20 ივნისს გამოვიდა რუსთაველის გამზირზე, სამართლიანად აღშფოთდა და თვალებში ჩახედა უსამართლობას. ასამართლებენ ყველა იმ ადამიანს, ვინც მომხრეა უკეთესი ხვალინდელი დღის, ვინც მომხრეა განვითარებული საქართველოსი.
საქართველოს მოსახლეობას ვულოცავ გამარჯვებას, იმიტომ, რომ ჩვენ დღეს გავიმარჯვეთ, არა მხოლოდ პოლიტიკურად და ზნეობრივად, სულიერადაც გამარჯვებულები ვართ.
მინდა მთელმა საზოგადოებამ იცოდეს, წაშლილია ყოველგვარი პარტიული ატრიბუტიკა, პარტიული პოლიტიკა დასრულებულია, არ არსებობს პარტიული პოლიტიკა, არსებობს ორი მხარე, ეროვნული მოძრაობის ინტერესები, ქართული ეროვნული მოძრაობა და მეორე მხარეს ოკუპანტების ინტერესები. ან ვდგავართ ერთ მხარეს, ან მეორე მხარეს და მიხარია, რასაც ახლა ვხედავ, რასაც ახლა ვგრძნობ. ყველანი, უმრავლესობა ვდგავართ ისტორიის სწორ მხარეს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.