Quicksilver Messenger Service ფსიქოდელიური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრად გამომხატველი ჯგუფია, რომელმაც საკუთარ ტყავზე გამოცადა საზოგადოებასთან ოპოზიციაში ყოფნის ყოველგვარი დადებითი თუ უარყოფითი ასპექტი.
ჯგუფის წევრები ხშირად კომუნის სახით ცხოვრობდნენ, თრიაქთან შინაურულად იყვნენ და ამიტომაც კომუნა ზოგჯერ ციხის კედლებით ეცვლებოდათ ხოლმე. ასე იყო მომღერალ დინო ვალენტის შემთხვევაში, რომელიც ჯგუფის არსებობის საუკეთესო პერიოდში, სასჯელს იხდიდა...
Quicksilver Messenger Service 1965 წელს შეიქმნა და ამერიკის სამხრეთ სანაპიროზე იმდენად დიდი პოპულარობა მოიპოვა, რომ კოლექტივს ეპოქალური ფილმი Revolution გაახმოვანებინეს ისე, რომ ჯგუფის წევრები ეკრანზედაც კი ხშირად ჩნდებოდნენ.
უცნაურია, მაგრამ Quicksilver Messenger Service-ს ამ პერიოდისათვის ალბომი ჯერ ჩაწერილი არც ჰქონია. ეტყობა ამისთვის არც ეცალათ და დიდად არც აინტერესებდათ ეს საქმე. Capitol Records-თან კონტრაქტი მხოლოდ 1968 წელს გაფორმდა, როდესაც The Doors-სა თუ Jefferson Airplane-ს, საუკეთესო ალბომები უკვე ჩაწერილი ჰქონდათ.
ბუნდოვანია Quicksilver Messenger Service-ის წარმოშობის ისტორია. ჯგუფის ერთ-ერთ ლიდერ - გიტარისტ ჯონ კიპოლინას თქმით, იდეის ავტორი დინო ვალენტია, რომელიც კოლექტივის დაარსებიდან მეორე დღესვე დააპატიმრეს და ორი წლით ციხეში გაამწესეს.
თავდაპირველ ჯგუფის წევრთა შორის ასევე იყვნენ იქამდე Jefferson Airplane-ის პოლ კენტნერთან და დევიდ ქროსბისთან ერთად ნამუშევარი გიტარისტი დევიდ ფრაიბერგი, რომელმაც ბას გიტარისტის ფუნქცია იტვირთა კოლექტივში, გიტარისტ-მომღერლები ჯიმ მიურეი და გერი დუნკანი და დრამერი გრეგ ელმორი.
მალე ჯგუფი მიურეის გარეშე დარჩა და Quicksilver Messenger Service-მაც ამავე სახელწოდების სადებიუტო ალბომი კვარტეტის სახით ჩაწერა.
ალბომს ორი ჰიტი, გამხსნელი Pride of Man და დინო ვალენტის ქმნილება Dino's Song ამშვენებს, რომელიც ბუნებრივია მისი ვოკალის გარეშე ჩაიწერა. ალბომის ლაღ - „იზი რაიდისებრ“ მხარეს კიდევ ერთი სიმღერა It's Been Too Long განასახიერებს. მომღერლის ფუნქციას ნაწარმოებში გერი დუნკანი და დევიდ ფრაიბერგი ინაწილებენ, სიმღერებსაც ძირითადად ისინი წერენ, მაგრამ გიტარისტი ჯონ კიპოლინა კოლექტივის ფსიქოდელიური საუნდის მთავარი შემოქმედია. ეს განსაკუთრებით ალბომის დამაგვირგვინებელ The Fool-დან გამოსჭვივის, სადაც მაფრენ გიტარულ საუნდზე დევიდ ფრაიბერგის ალტია მორგებული და ჰიპურ ეკზოტიკას გარკვეულწილად The Doors-ის The End-ისა და ჯგუფ Kaleidoscope-ის შუალედურ კონდიციაში ახვედრებს. ვოკალის პარტია ალბომის მეორე ნაწილიდან შემოდის და მიუხედავად იმისა, რომ თითქოს სიმღერა ახლიდან იწყება, უცნაური მთლიანობა შეიგრძნობა განსხვავებით ვთქვათ ერიკ კლაპტონისა და ჯიმ გორდონის Layla-გან, რომლის ნაწილები ერთიმეორისგან მკვეთრად განსხვავდებიან, როგორც თემატური, ასევე ინსტრუმენტული თვალსაზრისით.
თუკი სადებიუტო ალბომში Gold And Silver დევიდ ბრუბეკის Take Five-ის მოტივზეა აგებული, მომდევნო ალბომის Happy Trails ლაიტ მოტივი Quicksilver Messenger Service-მა ბო დიდლის ნაწარმოებზე Who Do You Love? ააგო. ექვსი ნაწილისგან შემდგარ საკონცერტო იმპროვიზაციაში ისმინება ამერიკული ფსიქოდელიური გიტარ საუნდის სულში ჩამწვდომი განუმეორებელი ჰანგები, რომელთა გადმოცემა მხოლოდ იმ ეპოქაში იყო შესაძლებელი და რომელთა ავტორებიც კიპოლინა და დუნკანი არიან. When You Love, Where You Love, How You Love, Which Do You Love, Who Do You Love - Part 2, ორი მგრძნობიარე გიტარისტის მიერ სათაურების მიხედვით გადმოცემული სიყვარულის რაობის ასახვაა. ამ გადმოცემის რეალობა ზოგადად მათი მუსიკის აღქმის უნარის მიხედვით ხდება, ამიტომ ბევრისთვის Quicksilver Messenger Service-ის სიყვარული უბრალოდ გაუგებარიც შეიძლება იყოს. „სად და როგორ გიყვარს“ გადასვლის ზღვარზე აუდიტორიაც ექსტაზში შედის, შემდეგ კი ფრაიბერგის მედიდური სოლო შემოდის ბას გიტარაზე, რომელიც თემას ბო დიდლისეულ ვოკალურ ვერსიაზე აბრუნებს. ალბომის პირველი გვერდი მართლაც შესანიშნავი გამოვიდა.
ალბომის მეორე გვერდის საწყისი თემატიკა გაგრძელებაა პირველი ნაწილისა, რადგან მას ბო დიდლის და Rolling Stones-ის სადებიუტო ალბომში შესრულებული ფსიქოდელიური როკის უძველეს ნიმუშ Mona-ს საკონცერტო ვერსია ხსნის. კიპოლინასა და დუნკანის აქ დაკრული სოლოები ჟურნალ Rolling Stone -მა ყველა დროის საუკეთესო გიტარ სოლოთა ასეულში შეიყვანა. მომდევნო ორი - მთლიანად ინსტრუმენტული Maiden of the Cancer Moon და ძირითადად ინსტრუმენტული კომპოზიციის Calvary ავტორი დუნკანია. ამ უკანასკნელში მთელი Quicksilver -ეული სურნელოვანი როკია თავმოყრილი გუნდური წიაღსვლით, გიტარული გაფრენებითა თუ ბოლეროს ჩართვით... ეპიკური კომპოზიცია წუთნახევრიან უებარ Happy Trails-ში გადადის, დამასრულებელი სტვენის ფონზე, „დაფსტვენილს“ რომ ტოვებს მსმენელს...
იშვიათია როკ მუსიკაში ისეთი სახეცვლილება, როგორიც Quicksilver Messenger Service-მა უკვე მომდევნო ალბომ Shady Grove-ში განიცადა. ალბათ სიმბოლურია, რომ წარსულის საუკეთესო ეპიზოდები, ჯგუფმა გამხსნელ - ალბომის სახელწოდების მატარებელ Shady Grove-ში გადმოსცა, რომელიც ბო დიდლის Who Do You Love-ის მოტივზე იყო აგებული. ალბომის ფსიქოდელიურ სურნელოვანი მუხტი კვლავაც უმაღლეს დონეზე გამოსჭვივის, მაგრამ ვინაა ამ ყოველივეს წარმმართველი? ვინ და პიანისტი ნიკი ჰოპკინსი, რომლის მოხეტიალე მუსიკალური კარიერა Rolling Stones-თან, The Beatles-ის ოთხივე წევრთან, The Who-თან თუ Steve Miller Band-თან თანამშრომლობას ითვლის. აშკარად წინა პლანზე წამოწეულმა როიალის ჟღერადობამ დაარბილა, დაამშვიდა და ვინძლო გათალა კიდეც ბევრისთვის მძიმედ მოსასმენი Quicksilver Messenger Service, რომელიც დუნკანის წასვლის გათვალისწინებითაც, ნაკლებად გიტარული გახდა. ჰოპკინსის მოსვლამ არანჟირების ეკზოტიკური მხარე მეტი მელოდიურობისკენ მიმართა.
ასე რომ, 1969 წლის მეორე ალბომით Quicksilver Messenger Service-მა, ჯგუფის მსმენელთა წრე კიდევ უფრო გაიფართოვა. საგულისხმოა, რომ კიპოლინასა და სიმღერების ცნობილ ავტორ ნიკ გრეივნითის Joseph's Coat -ს Big Brother and the Holding Company-იც ასრულებს ალბომ Be a Brother-ში, თავად ამ უკანასკნელის ვოკალით. Flashing Lonesome სურნელოვანი როკის ერთ-ერთი გამორჩეული ნიმუშია კიპოლინას კლასიკურ გიტარ აკორდებზე და ჰოპკინსის ულამაზეს აკომპანემენტზე დართული მინაბული, სულში ჩამწვდომი ვოკალითა და ბოლოსკენ მინიატიურული ვაკხანალიით. აქ უკვე ფრაიბერგთან ერთად, კიპოლინაც მღერის. სიტყვებით ვერ აღვწერთ Words Can't Say-ის სილამაზეს, რომელიც გარდამავალია ჰოპკინსის შედევრ Edward, the Mad Shirt Grinder-ში. საგულისხმოა, რომ კომპოზიცია ჰოპკინსმა 1973 წლის სოლო ალბომ The Tin Man Was a Dreamer-ში ხელახლა შეასრულა და ამ ალბომის ჩაწერაში მონაწილეობას ჯორჯ ჰარისონი და მიკ ტეილორი იღებდნენ.
1970 წლის ალბომ Just for Love-ში დინო ვალენტი კვლავ ჯგუფშია. ამიტომაც Quicksilver Messenger Service კვლავ იცვლის იერსახეს. 9 სიმღერიდან 8 მისი ქმნილებაა მეტსახელით ჯესი ოტის ფოროუ. მათ შორის Wolf Run-ის გამხსნელი და დამაბოლოვებელი ნაწილები, ვალენტის ფლეიტა-ტაბლით გადმოცემული მგლების ჯოგის გარბენის წარმოსახვაა. ალბომის ერთი ინსტრუმენტული კომპოზიცია კი კიპოლინას კალამს ეკუთვნის. ვოკალური ტენდენციების შედარებითი წინსვლა უკვე წინა ალბომიდან იგრძნობოდა და ბუნებრივია, რომ საშტატო ვოკალისტის დაბრუნების შემდეგ, Quicksilver Messenger Service მეტად ვოკალური გახდებოდა. კიპოლინას მხრიდან აღსანიშნავია სლაიდ გიტარის ფართოდ მოხმარება.
მიუხედავად ამისა, გაივლის წლები და უკვე ამ პერიოდიდან მოყოლებულ Quicksilver Messenger Service-ს ნაკლებად დააფასებენ მისი მსმენელები და შეიქმნება კიდეც აზრი, რომ ვალენტის მოსვლით ჯგუფი ნელ-ნელა დასრულდა. ალბომ Quicksilver-ში უკვე ვეღარ ვხედავთ მათ ღერძ ჯონ კიპოლინას. მეორეს მხრივ სიმართლესთან ალბათ უფრო ახლოსაა აზრი - მეტი რაღა უნდა გაეკეთებინათ? მათ ხომ ყველაფერი მოასწრეს. სიკვდილიანობამაც ჯგუფს შედარებით გვიან უწია. დღესდღეობით აღარც კიპოლინაა ცოცხალი, აღარც ვალენტი. მათი გარდაცვალების მომენტში ჯგუფი კარგა ხნის დაშლილი იყო. უკანასკნელ ხანს კი Quicksilver-ის სურნელოვან როკს კანტიკუნტად ამერიკის სცენაზე გერი დუნკანი და დევიდ ფრაიბერგი წარადგენენ ხოლმე...