2013 წლის 27 სექტემბერს სრულდება 170 წელი უდიდესი ქართველი მოღვაწის, დღესაც ყველაზე თანამედროვე ქართველის ნიკო ნიკოლაძის დაბადებიდან.
პოლიტოლოგიურ და ფილოსოფიურ ლიტერატურაში მრავალი ტერმინია დამკვიდრებული ერისა და პიროვნების მახასიათებლად (მაგ. ერი-სახელმწიფო), მაგრამ ნიკო ნიკოლაძის დასახასიათებლად ძველი ტერმინები მეპატარავა და ახლის შემოღება და დამკვიდრება ვცადე. ესაა კაცი - სახელმწიფო - სწორედ ეს ტერმინია ზედგამოჭრილი ნიკო ნიკოლაძის წარმოუდგენლად დიდი ღვაწლის საჩვენებლად. ამ უდიდესმა საქმიანმა პატრიოტმა ფაქტობრივად მარტომ შეძლო ისეთი უმნიშვნელოვანესი კონცეპტუალური საკითხების დაყენება და გადაწყვეტა, ასევე დიდი ქართული პროექტების წამოწყება და გასრულება, რაც დღესაც სახელმწიფოების და მთავრობების ფუნქციაა და ზოგი ქვეყანა ამასაც ვერ აუდის და ახერხებს ჩვენს განვითარებულს დროშიაც კი.
კაცს, რომელსაც უდიდესი ევროპელები პირადად იცნობდნენ და პატივს მიაგებდნენ, ქართველები ნაკლებად წყალობდნენ. მისი სახელი დღესაც ფაქტობრივად მიჩქმალულია - მის დიდ საქმეებს და ღვაწლს თანამედროვე ქართველობა ან არ იცნობს, ან ძალზე ცუდად იცნობს. ამაში დამარწმუნა 2008-2009 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე შოუმ „საქართველოს დიდი ათეული“. ჩვენმა თანამემამულეებმა ნიკო ნიკოლაძე არათუ ათეულში, არამედ ასეულშიც კი ვერ მოახვედრეს. არადა თავისი ევროპული განათლებით და ნიჭით, აზროვნების სიღრმით, შორსმჭვრეტელობით, საქმიანი თვისებებით, გეოპოლიტიკური ხედვით იგი მთელი თავით მაღლა დგას თავის თანამედროვეებზე (მათ შორის ილიაზე, აკაკიზე, ჯორჯაძეზე და სხვ.) და ნამდვილ ევროპელ გრანდებს უტოლდება. მე იგი შევიყვანე ყველა დროის 10 უდიდესი ქართველის სიაში (ფარნავაზის, ვახტანგ გორგასლის, გრიგოლ ხანძთელის, დავით აღმაშენებლის, შოთა რუსთველის, გიორგი ბრწყინვალეს, სულხან-საბას, ილიას, ვაჟა-ფშაველას გვერდით).
ქართველ მოღვაწეთა შორის ნიკო ნიკოლაძე გამორჩეულია თავისი დიდი საქმეებითაც. არჩილ ჯორჯაძემ მას „ულმობელი საქმის კაცი“ უწოდა და მართლაც საქართველოს ახალ ისტორიას არ ახსოვს ასეთი დაუდეგარი და საქმიანი პიროვნება.
ნიკო ნიკოლაძემ წინა პლანზე პრაქტიკული და პრაგმატული საკითხები წამოსწია, რაც მთლიანად შეესაბამებოდა საქართველოს განვითარების მოთხოვნებს. იგი პირველია ქართველ მოაზროვნეებში, ვინც ცივილიზებული ვაჭრობის პროპაგანდა და მისი განხორციელება დაიწყო. უდიდესი წვლილი მიუძღვის მას ქალაქ ფოთის აღმშენებლობაში და მისი პროფილის განსაზღვრაში, პორტის ელექტოფიკაციასა და მექანიზაციაში. მან ფოთის პორტის აღორძინებით ფანჯარა გაჭრა ევროპაში მომავალი საქართველოსათვის. იგი თითქმის 20 წლის განმავლობაში იყო ფოთის ქალაქისთავი და მისი ბიუჯეტი 10-ჯერ გაზარდა, ფოთი ნამდვილ ქალაქს დაამსგავსა.
უდიდესი შრომა გასწია მან ტყიბულის ქვანახშირის საბადოს ათვისებისა და ქუთაისი-ტყიბულის რკინიგზის მონაკვეთის გასაყვანად, ჭიათურის მანგანუმის წარმოების სამრეწველო დონეზე დასაყენებლად, შორაპან-ჭიათურის სარკინიგზო ხაზის გასაყვანად, რითაც მანგანუმის სწრაფი გადაზიდვის საქმეც მოაგვარა და გააიაფა კიდეც.
აქტიურად მონაწილეობდა ნიკოლაძე ასევე თბილისის წყალსადენის მშენებლობაში, კახეთის რკინიგზისა და სურამის გვირაბის გაყვანაში, ქუთაისის აღმშენებლობაში, ტრანსციმბირის რკინიგზის მშენებლობაშიც კი, მანვე მოიწვია როტშილდი კავკასიაში, ფოთში დააარსა ნამდვილი თანამედროვე ბანკი, პირველად საქართველოში დაბეჭდა ობლიგაციები და ლატარიის ბილეთები და ფოთის კეთილმოწყობას მოახმარა (ნახევაკაპიკიან გადასახადთან ერთად), რაც უპრეცედენტო ნაბიჯი იყო მაშინდელ საქართველოში. მანვე 1918 წელს გერმანელ დიპლომატებთან საუბარში წამოაყენა ევროპის აზიასთან ვაჭრობის ფოთზე გატარების იდეა (ბერლინი-ფოთი-პეკინი), რამაც დღეს ხორცი შეისხა ევრაზიული დერეფნის და გადაზიდვის სახით.
ის ასევე იყო ყოველივე პროგრესულის და მაღალტექნოლოგიურის პირველი დამნერგავი საქართველოში, ისევე როგორც ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური იდეების.
საქართველო ვალშია თავისი უდიდესი მოაზროვნის წინაშე. ნიკო ნიკოლაძე წერდა ქართულ, ფრანგულ და რუსულ ენებზე, თანამშრომლობდა უამრავ გაზეთთან და ჟურნალთან, აქ თუ საზღვარგარეთ, თავად აარსებდა გაზეთებსა და ჟურნალებს სხვადასხვა ენებზე. იგი იყო დიდი მოაზროვნე და მწერალი ამ სიტყვის საუკეთესო გაგებით. მისი ნაწერები 20 ტომზე მეტს შეადგენს. მისი თხზულებების გამოცემა ჯერ კიდევ 1960-იან წლებში დაიწყო (პროფ. დავით გამეზარდაშვილის რედაქტორობით) და დღემდე გრძელდება (მხოლოდ ცხრა ტომია გამოცემული და მზადდება მეათე), მაგრამ უყურადღებობის გამო ბოლომდე არაა მიყვანილი. პარადოქსი ისაა, რომ კომუნისტურმა საქართველომ უფრო მეტი გააკეთა მისი პოპულარიზაციისთვის, ვიდრე თანამედროვე დამოუკიდებელმა საქართველომ. ამ შეცდომას დაუყოვნებლივ გამოსწორება სჭირდება. უნდა შეიქმნას ახალი რედკოლეგია, რომელიც ბოლომდე მიიყვანს მისი ნაწერების გამოცემის საქმეს, შესასწავლია ნიკოლაძის ფენომენი, გასაახლებელია მისი მუზეუმის ექსპოზიცია დიდ ჯიხაიშში. ამაზე აუცილებლად ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ერთად უნდა იზრუნოს, ისევე როგორც მისი ძეგლის დადგმაზე თბილისში.
ნიკო ნიკოლაძე იყო ყოველივე პროგრესულის და მაღალტექნოლოგიურის პირველი პოპულარიზატორი და დამნერგავი საქართველოში, ახალი იდეების გენერატორი და განმახორციელებელი, ქვეყნისათვის მიმართულეის მიმცემი დიდი მამულიშვილი. ასეთი დიდკაცები ყველა ერს (მათ შორის დიდებსაც) როდი ჰყავს. დროა ვისწავლოთ ასეთების დაფასება და მათთვის კუთვნილი, სათანადო ადგილის დროულად მიჩენა.