„დიპლომატიური ენით მეტი რაღა უნდა მიანიშნოს დასავლეთმა ოპოზიციას, გაუგებარია - ყველანაირად ხსნიან, რომ დასავლეთს ოპოზიციის მოქმედების ლოგიკა არ ესმის“

„დიპლომატიური ენით მეტი რაღა უნდა მიანიშნოს დასავლეთმა ოპოზიციას, გაუგებარია - ყველანაირად ხსნიან, რომ დასავლეთს ოპოზიციის მოქმედების ლოგიკა არ ესმის“

დააყენეთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები-ფატქტობრივად, ამ შინაარსით ოპოზიციას ამერიკის და ევოკავშირის ელჩებმა პარლამენტში შესვლისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდეს. მათ ხელისუფლებას მანდატების გაუქმების გადავადების გადაწყვეტილება მოუწონეს და განაცხადეს, რომ „ოცნებამ“ ამით მოლაპარაკების კარი ღია დატოვა, ხოლო თავად დიალოგის გაგრძელებას ხელს სიამოვნებით შეუწყობენ. ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა თითქმის მოლაპარაკების ახალი რაუნდი დაანონსა.

ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ არსებული პრობლემის გადაჭრა სწრაფად უნდა მოხდეს. მისივე განმარტებით, ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის.

„სწრაფად უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა. ყველა პარტიის ლიდერს უნდა სიტუაცია განიმუხტოს და ეს ყველაზე მთავარი გამოწვევაა მთელი ქვეყნისთვის. ხელისუფლების გუშინდელი გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ მათ დატოვეს სივრცე მოლაპარაკებებისთვის. ღია ვართ ჩვენ თუ ვინმეს სურვილი აქვს, დაგველაპარაკოს, მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. ეს წელი იქნება გამოწვევა ყველა ქვეყნისთვის. ყველა მხარის ჩართულობა მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ დაძლიოს ეს გამოწვევები. ბევრმა კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე. ასევე კვლევებმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 75% მეტის სურვილია, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი პარტიების წარმომადგენელმა ერთად იმუშაონ პარლამენტში ამ საკითხებზე. ვიმედოვნებ, რომ პარტიები ამას გაითვალისწინებენ. უმუშევრობა, მაღალი ფასები, სიღარიბე და „კოვიდ-19“-ის ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე, ვფიქრობ, ამ საკითხების გადაუდებლობა უბიძგებს მხარეებს იპოვონ კომპრომისი, იპოვონ გამოსავალი და შევიდნენ პარლამენტში“, - განაცხადა კელი დეგნანმა.

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი პარლამენტის გადაწყვეტილებას, 51 ოპოზიციონერი დეპუტატისთვის მანდატების შეწყვეტის დროებით გადადებას სწორ ნაბიჯად აფასებს.

ჰარცელის თქმით, უმრავლესობამ შექმნა წინაპირობა, რომ მოლაპარაკების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს.

„პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მანდატები არ გაეუქმებინა, რაც, მე ვფიქრობ, სწორი ნაბიჯი იყო. სიმართლე ითქვას, ეს არის წინაპირობა იმისთვის, რომ მოლაპარაკებების გაგრძელების დინამიკა შენარჩუნდეს. ჯერ კიდევ ველოდებით ამ ჯადოსნურ სივრცეს, სადაც ყველა მხარე შეთანხმებას შეძლებს.

როგორც ვიცით, ოპოზიციის უმრავლესობა გუშინდელი გადაწყვეტილის მოუხედავად ბოიკოტს ინარჩუნებს. გულწრფელად რომ გითხრათ, კვლავ არსებობს სირთულეები, თუმცა არც ერთი მხარე არ დგამს კონკრეტულ ნაბიჯს, რაც დამარწმუნებდა, რომ შეგვიძლია შეთანხმების მიღწევა, რაზეც ჩვენ, როგორც ფასილიტატორები, ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია ჩიხში შესული პოზიციების შემდეგ, ჩვენც დავფიქრდეთ, რამდენად სასარგებლოა სამომავლოდ დიალოგის არსებული ფორმატი.

ვთვლი, რომ ყველა შესაძლებლობა, რომელიც პარლამენტის მუშაობაში საკუთარ როლზე დაფუძნებული მონაწილეობის საშუალებას გააჩენს, ერთადერთი კარგი შედეგი იქნება. დანარჩენი, ჩემი აზრით, იქნება ყველასთვის წამგებიანი სიტუაცია. ვინაიდან ეს იქნება მმართველი პარტიის მარცხი, ოპოზიციის მარცხი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ქართული საზოგადოების მარცხი“, - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ოპოზიციაში კი მოლაპარაკების გაგრძელებასთან და სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით სრული გაურკვევლობაა. ზურაბ გირჩი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის ნაწილი, დიპკორპუსთან ერთად შეთანხმების მიღწევის შემთხვევაშიც კი, არ გეგმავდა პარლამენტში შესვლას. ჯაფარიძე კონკრეტულ გვარებს არ ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მსგავსი საუბარი ოპოზიციაში იყო და ის ამ მოსაზრებას არ ეთანხმებოდა. მას მიაჩნია, რომ ოპოზიციამ ახლა ბევრი რამ უნდა გაიაზროს და თავის გეგმებს გადახედოს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი კი for.ge-სთან ამბობს, რომ კელი დეგნანის მოწოდება, რომ შევიდეს ოპოზიცია პარლამენტში და ხალხის პრობლემების მოსაგვარებლად იქიდან იბრძოლოს, გასაგებია, თუმცა ამ ყველაფერს დემოკრატიული პროცესები სჭირდება. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამომრჩეველმა თავად გადაწყვიტოს არსებული პრობლემები ვინ უნდა მოუგვაროს. სამადაშვილი ამბობს, რომ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში დემოკრატიის აღდგენა უნდა და ოპოზიციამ კარგად იცის ეს პრობლემები როგორ უნდა მოაგვაროს.

„ჩვენ პოლიტიკურ კრიზისში ფაქტიურად უკვე წელიწადნახევარია რაც შესულები ვართ. 8 მარტის შეთანხმების დროს ჩადებული პირობები ხელისუფლებამ დაარღვია. ამიტომაც ხელისუფლებამ ჩვენს შორის ხიდი დაწვა. შესაბამისად, წინადადებებით და მოლაპარაკების ინიციატივით ხელისუფლება უნდა მოდიოდეს. ბურთი მათ მხარეს არის და გადაწყვეტილებებიც მათ უნდა მიიღონ. ეს პარალმენტი დაუმარხავი მკვდარივით გახდა. ჩვენ თუ ამ მოლაპარაკების პროცესში რამე კონსესუსამდე არ მივედით, რა თქმა უნდა, მაშინ ადგილობრივ არჩევნებსაც ბოიკოტი უნდა გამოვუცხადოთ. ეს მოლაპარაკებები რამე ლოგიკური შეთანხმებით თუ არ დავასრულეთ, ამ ყველაფერს განგრძობადი სახე ექნება და ქვეყანა კიდევ უფრო დაზიანდება. როგორც სერბეთში მოხდა, ოპოზიცია საერთოდ არჩევნებზე მონაწილეობაზე უარს იტყვის.

ენმ-ის პოზიციაა, რომ თუ მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი იქნება, ჩვენ ამ მოლაპარაკებაში ჩავერთვებით. რაც შეეხება ოპოზიციისთვის გეგმის არქონას, პოლიტიკური პროცესი არაა ის პროცესი, რომელიც შეიძლება რამდენიმე თვით ადრე გაწერო. ოპოზიცია ნაბიჯ-ნაბიჯ მიდის. ოპოზიციას აქვს ამოცანები, რომლებიც უახლოეს რამდენიმე თვეშია გადასაჭრელი. საპარლამენტო ბოიკოტი არის ერთგვარი გეგმა, რომელსაც სხვადასხვა შედეგი უნდა მოჰყევს. პროტესტის მუხტი არის საზოგადოებაში, ამას გაძლიერება სჭირდება. ოპოზიცია მუშაობს ამაზე და დრო გვაჩვენებს, რა შედეგს მოიტანს. თუ ჩვენ მწვავე სოციალური პროტესტი არ გვექნება, მხოლოდ ბოიკოტით არაფერი გამოვა“, - აცხადებს სამადაშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციას ასევე საერთაშორისო ასპარეზზე სერიოზული მუშაობა სჭირდება. სამადაშვილი ამბობს, რომ ამერიკის ახალ ადმინისტრაციასთან სერიოზული სამუშაოა და საერთაშორისო ზეწოლა ხელისუფლებაზე უნდა გააძლიეროს.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან აცახდებს, რომ ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციამ დასავლელი პარტნიორები არჩევნების გაყალბებაში ვერ დაარწმუნა. ანჯაფარიძე კი ამის მიზეზად იმ ფაქტორს ასახელებს, რომ ოპოზიციას ხელში არ აქვს მყარი მტკიცებულებები და იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ არჩევნები სერიოზული დარღვევებით ჩატარდა. ხოლო ამან არჩევნების ბედზე გადამწყვეტი გალენა იქონია. ანალიტიკოსის აზრით, მთელი პრობლემა ისაა, რომ საკუთარ სიმართლეში დასავლეთს ოპოზიცია ამ დრომდე ვერ არწმუნებს.

„ამერკის ელჩი იქნება თუ ევროკავშირის და სხვა ქვეყნების, ყველა ერთხმად ამბობს, რომ კი ბატონო, არჩევნების დროს იყო გარკვეული დარღვევები, თუმცა ის დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდა. ამბობენ, რომ გვაჩვენეთ მყარი მტკიცებულებები იმისთვის, რომ დავიჯეროთ რეალურად არჩევნების გაყალბება ტოტალურად მოხდა. ოპოზიცია კი აქამდე ჯერ კიდევ ვერ ამტკიცებს, რომ რეალურად, არჩევნებზე მომხდარმა დარღვევებმა შედეგებზე გავლენა მოახდინა. ასევე მათი ხისტი პოზიცია, რომ თუ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა არ მოხდა, მაშინ ჩვენ პარლამენტში არ შევალთ, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დასავლელი პარტნიორების თვალში ეს მათ საკმაოდ ცუდ კონტექსტში წარმოაჩენს. ელჩების განცხადებებში იკითხება, ქვეტექსტები, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა ქვეყნის ინტერესები უნდა დადგეს. პარლმენტის ასეთი განგრძობადი ბოიკოტი ქვეყნის დემოკრატიას ძირს უთხრის“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, დიპლომატიური ენით მეტი რაღა უნდა მიანიშნოს დასავლეთმა ოპოზიციას, გაუგებარია. ყველანაირად ხსნიან, რომ დასავლეთს ოპოზიციის მოქმედების ლოგიკა არ ესმის. ამიტომაც ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ თუ მათ უნდათ დასავლეთის თვალში საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოახდინონ, ამისთვის ხისტ მიდგომებს უნდა გადახედონ.

„ხელისუფლებამ ოპოზიციას ნაბიჯის გადადგმა დაასწრო, როდესაც მათ მანდატები არ შეუწყვიტა. ამით ფასილიტატორი ელჩების განცხადებას და სურვილებს გამოეხმაურა. ელჩების გამოხმაურებები ხელისუფლების გადაწყვეტილების დაფასება იყო. ახლა უკვე ჯერი ოპოზიციაზეა, ის რამდენად მოქნილი და კეთილგონიერი აღმოჩნდება, რათა რეალური კომპრომისი იპოვოს.

ზურაბ ჯაფარიძემ, ვნახეთ, გაიმეორე ის, რაც მანამდე ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ რეალურად არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც მოლაპარაკება არ უნდათ. ის პოზიცია, რაც ახლა ენმ-ს და „ევროპელებს“ უკავიათ, შეიძლება არ შეცვალონ, მაგრამ როდესაც ხელისუფლება ამბობს, რომ არის 20 ადამიანი, რომელსაც პარალმენტში შესვლა უნდა, ამას ჰაერზე არ ამბობს. როგორც ჩანს, ინფორმაცია აქვთ და ბოლო დღეებში ის განცხადებები, რაც „სტრატეგია აღმაშენებლის“ და „ლელოს“ მხრიდან კეთდება, ორმაგი ინტერპრეტაციის სივრცეს ტოვებს. მე შემექმნა შთაბეჭდილება, რომ თუ რაღაცა შეთანხმებას მიაღწიეს, ისინი ბოიკოტის შეწყვეტაზე იფიქრებენ“, - აცხადებს ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, რომ ოპოზიციას მანდატები არ გაუუქმა, თავის შედეგი უკვე ჰპოვა და ეს ელჩების განცხადებებიდან ჩანს. ძაბირაძე ამბობს, რომ ამერიკის და ევროკავშირის ელჩების განცხადებები ოპოზიციაში ბევრს დააფიქრებს და ამის ნიშნები უკვე ჩანს. მისი აზრით, ელჩებს შემდეგი შეხვედრა, დიდი ალბათობით, „სტრატეგია აღმაშენებელთან“ უნდა ჰქონდეთ და არ გამორიცხავს, რომ დღეს თუ არა, რამდენიმე ხანში პარლამენტში შემსვლელთა რიცხვიც გაიზარდოს. ანალიტიკოსი ამბობს, რომ თუკი ოპოზიციამ თავის გადაწყვეტილებას არ გადახედა, ქუჩაში დარჩებიან და შემდეგ არჩევნებში ვერც ერთი ახალი პატარა პარტია, პარლამენტში კიარა, ადგილობრივ არჩევნებშიც ვეღარ გაიმარჯვებს.

„ხელისუფლების გადაწყვეტილება მანდატების არგაუქმებასთან დაკავშირებით და ამას მოყოლებული ელჩების განცხადებები, დიდი ალბათობით, ოპოზიციის ნაწილს ჩააფიქრებს და მათი ნაწილი საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ქუჩაში დარჩენით ხელისუფლება უფრო მოგებულია, ვიდრე ისინი. „ოცნების“ გადაწყვეტილება დისბალანს „ნაციონალებშიც“ გამოიწვევს და ადამიანები, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ პარლამენტში უნდა შესულიყვნენ, ახლა ამ პოზიციას კიდევ უფრო მკვეთრად გამოხატავენ. ამის არგუმენტებად კი დასავლეთის მწვავე განცხადებები ექნებათ. არ მგონია, ეს პროცესი ხვალ და ზეგ დაიწყოს, მაგრამ ეს მე-5 რაუნდი ცალკეულ პარტიებთან შედგება. თითქმის გადაწყვეტილია „გირჩის“ პარალმენტში შესვლა და ვფიქრობ, შემდეგი ვის დარწმუნებასაც ელჩები შეეცდებიან და შეხვდებიან „სტრატეგია აღმაშენებელი“ იქნება“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, თუ მოლაპარაკებები არ გაგრძელდა და საარჩევნო სისტემაზე და რეფორმაზე შეთანხმება არ მოხდა, მაშინ ოპოზიცია ქუჩაში რჩება. ეს სასიკეთოდ არც ქვეყანას და არც მათ არ წაადგებათ. ძაბირაძე ამბობს, რომ ოპოზიციას აქვს ფუჭი იმედი და მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ დასავლეთის ახალი ადმინისტრაცია მათ მხარს დაუჭერს. ხოლო სოციალური პრობლემებით გაბრაზებული ხალხი ქუჩაში გამოვა და ამ ყველაფერს პოლიტიკური კონტექსტი მიეცემა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება, რადგან სოციალური აფეთქება მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე არ მოხდება. საქართველოში ეს ყველაფერი სხვაგვარად ხდება, მით უმეტეს მისი პოლიტიკურ კონტექსტში გადატანა ოპოზიციას გაუჭირდება. ხალხში მიუხედავად დიდი პრობლემებისა, ბუნტის განწყობა არ არის. ხოლო ბაიდენი, რომელიც კაპიტოლიუმში შეჭრის კატეგორიული წინააღმდეგი იყო, ის ოპოზიციას ქუჩის აქციებს და სადღაც შევარდნებს მხარს არ დაუჭერს. ამიტომ ოპოზიცამ თუ გეგმები არ შეცვალა, ეს ყველაფერი დროში გაიწელება და დაზიანდება ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება.

Aburjga Tasmanieli ალბათ თავი მოგაბეზრეთ, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა დავწერო - ჩვენს სამშობლოს, ჩვენს საქართველოს პარლამენტი საერთოდ თუ არ ექნება კარგზე კარგი იქნება. ქვეყანა დაისვენებს ამ საპარლამენტო ბრძოლა-კინკლაობა-ჯამბაზობისაგან! პრეზიდენტი და მთავრობა სავსებით საკმარისია. იქნება საჭირო რაიმე კანონი, მას შეიმუშავებს დაქირავებული დამოუკიდებელი საკანონმდებლო ჯგუფი. განიხილავს მთავრობა და უშიშროების საბჭო, დაამტკიცებს პრეზიდენტი. ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გაუქმდეს და შეასბამისად საპარლამენტო და თვითმმართველობის არჩევნები. რაიონული დაყოფა უნდა შენარჩუნდეს და რაიონს უნდა მაღთავდეს პრეზიდენტის დამტკიცებული მთავრობის წარმომადგენელი. არჩევითი იქნება მხოლოდ პრეზიდენტი 7 ან 8 წლის ვადით. პრეზიდენტს უნდა ემორჩილებოდეს ხელისუფლების ყველა შტო გარდა სასამართლოსი! სასამართლო უნდა იყოს არჩევითი ოღონ არა უვადო!
თუ აქ გამოთქმულ ჩემს საფუძვლიან მოსაზრებებს კარგად გავაანალიზებთ, დავხვეწავთ და თავს დავაღწეთ ამ წყეულ დასავლური დემოკრატიის ბრმად კოპირების პროცესს, ჩვენი ქვეყანა დინამიურად განვითარდება და ქვეყანაში, საზოგადოებაში დადგება თანხმობისა და აღმშენებლობის ეპოქა!
3 წლის უკან