საქართველოს პარლამენტმა ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის მანდატების გაუქმებას მხარი არ დაუჭირა. მმართველმა გუნდმა ოპოზიციონერ დეპუტატებს კიდევ ერთი შესაძლებლობა მისცა, რომ გამოიყენონ ამომრჩევლის მიერ მინიჭებული დეპუტატის მანდატი. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, უმრავლესობამ გაითვალისწინა საერთაშორისო პარტნიორების დამოკიდებულება საკითხისადმი, რომელიც რადიკალური ოპოზიციისთვის კონსტრუქციულ რელსებზე გადასვლის კიდევ ერთი შანსის მიცემისკენ იხრება.
„ქართულმა ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილების საშუალება მისცა ოპოზიციას, რომ გადაწყვეტილება მიიღონ პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. კარი ღიაა, ვინ შევა ღია კარში, ეს უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ „გირჩთან“ ერთად, პარლამენტის ღია კარში შევა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე.
ვაშაძის განცხადებით, თუ დაინახავს, „რეალურ კომპრომისულ, ხალხისთვის მისაღებ წინადადებებს“ „ქართული ოცნების“ მხრიდან, ასეთ შემთხვევაში მზად არის, განიხილოს ბოიკოტის შეწყვეტის საკითხი, თუმცა ამბობს, რომ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს.
„თუ ოთხივე პუნქტი შესრულდა, ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვიხილოთ ბოიკოტის საკითხი. ამაზე შეიძლება ვიმსჯელოთ, თუმცა საბოლოო პოზიცია ნამდვილად არ ჩამოგვიყალიბებია, რომ ამ შემთხვევაში ბოიკოტი მოიხსნება. მთავარი არის იმ 4 საკითხზე მსჯელობა და შემდეგ მსჯელობა ბოიკოტის თემასთან დაკავშირებით“, – აცხადებს გიორგი ვაშაძე.
პოზიციას არ იცვლის „ლელო“. ბადრი ჯაფარიძე მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, რადგან მანდატების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს, ეს შესაძლებლობა გამოიყენონ და გადადგან ნაბიჯი ოპოზიციის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად ერთადერთი სწორი ნაბიჯი არის შეთანხმება ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით ან იმ გზასთან დაკავშირებით, რომელიც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე“, – აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.
ღია კარში შესვლას არ გეგმავს „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ და ისევ პროცესების რადიკალიზაციაზე საუბრობენ. გიგა ბოკერია აცხადებს, რომ ყველა ადამიანი, ვინც თვლის, რომ ამ ქვეყანაში არასაარჩევნო ცვლილება სარისკოა, ხოლო ავტორიტარიზმის ჭაობი კატასტროფა, ვალდებულია, ლეგიტიმურ რევოლუციაში მონაწილეობა მიიღოს. ბოკერიას ეს განცხადება, პარტიაში ისევ ძალაშია. ოპოზიცია გაზაფხულისთვის ემზადება.
ოპოზიცია რომ პროცესების რადიკალიზაციისთვის ემზადება, ცნობილია ხელისუფლებისთვის. ვიცე–სპიკერის განცხადებით, ხელისუფლება ქვეყანაში დესტაბილიზაციას არ დაუშვებს. მისივე თქმით, ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაა.
„უნდა ვაღიაროთ, რომ ვითარება რთულია. რასაკვირველია, პოლიტიკური პარტიების ჯგუფს კრიზისის ხელოვნურად შექმნა შეუძლია. უბრალოდ, საზოგადოება და პარტნიორები კარგად უნდა გაერკვიონ, რას წარმოადგენს ამ ჯგუფის მიზანი და რა არის მათი მთავარი ამოცანა – დესტაბილიზაცია. შემდეგ ვუპასუხოთ უფრო მნიშვნელოვან კითხვას – რისთვისაა ეს საჭირო და აქედან გამომდინარე გავაკეთოთ დასკვნა.
ჩვენ ან უნდა გადავწყვიტოთ და პარლამენტის ფუნქციონირება არ შევწყვიტოთ იმის გამო, რომ საკააშვილმა პარლამენტის ტრიბუნაზე ბორჯომი ან ჩაი დალიოს, ან მეორე საკითხი – გავყვეთ იმ დესტრუქციულ წინადადებებს, რომელსაც კვლავ რევოლუციური სცენარით განვითარება ჰქვია. ჯერ ერთი, წყლის დალევას ვერავინ შეძლებს და მეორე, საქართველოს დესტაბილიზაცია არ უნდა დავუშვათ ემოციიდან გამომდინარე. ვილაპარაკოთ სამართლებრივად და ისე, როგორც ჩვენ გვჭირდება და არა ნათელაშვილს, სანიკიძეს ან სააკაშვილს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ქვეყანაში ბოკერიას რევოლუცია ვერ შედგება. გია აბაშიძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ უცვლელ ლიდერს, სააკაშვილს, ვერ წარმოუდგენია საქართველოში და ხელისუფლებაში დაბრუნება არჩევნების გზით. ამიტომ, მისი თქმით, მუდმივად ლაპარაკობს დესტრუქციაზე, რევოლუციაზე და ე.წ. ლეგიტიმურ აჯანყებაზე.
„500 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა მისცა მათ ხმა და ამის 5%–იც არ გამოდის მათ მხარდასაჭერად ქუჩაში, ეს ფაქტია. დაახლოებით, ერთი თვე სჭირდებათ იმისათვის, რომ ერთ დღეს რეგიონიდან ჩამოიყვანონ მხარდამჭერები, მეტი რესურსი არ გააჩნიათ. მე მგონია, რომ პოლიტიკურად ისე გაცვდნენ, რომ ალღო აღარ აქვთ. ვეღარ აანალიზებენ არსებულ სიტუაციას, რომ მორჩა, მათი დრო ვეღარ დაბრუნდება ხელისუფლებაში.
ამიტომ ნებისმიერი დესტრუქციული, დეზინფორმაციული სახით ავრცელებენ მავნებლურ ტყუილებს და ამით ქმნიან რაღაცა ფონს, რომ თითქოს ქვეყანა ჩამოიქცა. ამ დროს რეალობა სულ სხვანაირია. მით უმეტეს დასავლელი პარტნიორებისგან როგორ ურყევი მხარდაჭერა აქვს საქართველოს. ასე რომ, რევოლუცია ვერ განხორციელდება.
თუ ეცდებიან, მაქსიმუმ, გაიმეორონ სახელმწიფო შენობებში შეჭრები, ბლოკირებები, ამას კანონით გაეცემა პასუხი. მაგრამ მხარდამჭერი, რომელმაც 31 ოქტომბერს მისცა ხმა, ქუჩაში არ გამოდის მათი დესტრუქციული ქმედებების მხარდასჭერად, ეს ჩანს უკვე რამდენი წელია“, – აცხადებს for.ge–სთან საუბრისას გია აბაშიძე.
ანალიტიკოსი ლადო ბოჟაძე თვლის, რომ ნებისმიერი განცხადება რევოლუციაზე და წინასწარ დაანონსებულ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაზე ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს რეაქცია. მისი თქმით, ჯერჯერობით ჩვენ მხოლოდ პოლიტიკური განცხადების დონეზე ვისმენთ პროცესების რევოლუციური სცენარით განვითარების შესახებ. ბოჟაძე გამორიცხავს გაზაფხულზე მასობრივ გამოსვლებს და ამის მოტივად ასახელებს NDI–ის კვლევას, მათ შორის საზოგადოების ადეკვატურ განწყობას ხელისუფლების ქმედებებთან მიმართებაში.
„რაც ყველაზე მთავარია, სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობა სტაბილურდება. გაიხსნა სავაჭრო ობიექტები, 15 თებერვლიდან იქნება მეორე ეტაპი, მარტიდან მოგვეცემა საშუალება, რომ უფრო მეტად გავხსნათ ეკონომიკა და ამიტომ, იმის ლოდინი, რომ გაზაფხულზე ხალხს გაუჭირდება და ამის ნიადაგზე ხალხი მასობრივად გამოვა ქუჩაში და ხელისუფლებას დაამხობს, ბუნებრივია, მე ასეთი მოლოდი არ მაქვს.
მთელმა ქვეყანამ ნახა რევოლუციით მოსული ხელისუფლების ქმედებები და რაც ყველაზე მთავარია, განსხვავებით 2003 წლისა, მაშინ არ ვიცოდოთ რა ძალა იყო „ნაციონალური მოძრაობა“ და სააკაშვილი, რეალურად რას მოუტანდნენ ამ ქვეყანას. ვნახეთ რა მოიტანა მათმა ხელისუფლებაში ყოფნამ. ეს პარტია საუბრობს დღეს კვლავ რევოლუციის გზით ხელისუფლების დამხობაზე და ძალაუფლების ხელში აღებაზე. დარწმუნებული ვარ, რომ რევოლუციას არანაირი პერსპექტივა არ აქვს“, – აღნიშნა for.ge–სთან საუბრისას ლადო ბოჟაძემ.