„ქართულმა ოცნებამ“ დამატებითი დრო აიღო და ოპოზიციას პოლიტიკური კარი მოლაპარაკებისთვის კვლავ ღია დაუტოვა. მმართველმა გუნდმა 51 დეპუტატის მანდატის გაუქმებას დროებითი ვეტო დაადო. რატომ წელავს „ქართლი ოცნება“ დროს და რატომ იკავებს თავს, რომ მანდატებზე დეპუტატების უარი იურიდიულად არ გააფორმოს?
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აანონსებს, რომ 20 ოპოზიციონერს პარლამენტში შესვლა უნდა, თუმცა ამ ნაბიჯს ბულინგის შიშით ვერ დგამს. აიტომაც მათ აძლევს შანსს, რომ ეს შიში დაძლიონ და თავისი მოვალეობის შესრულებას შეუდგნენ.
ანალიტიკოსები for.ge-სთან აცხადებენ, რომ „ოცნებამ“ ამ გადაწყვეტილებით ოპოზიციას დღის წესრიგი შეუცვალა და მათი გეგმები სრულად ჩააგდო. ამიტომაც ამ გადაწყვეტილებით ახლა ქვეყანაში პოლიტიკური თამაშის დღის წესრიგს აყენებს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. ხოლო მხრებიდან იმ ტვირთს მოიხსნის, რასაც ოპოზიციის პარლამენტში არშესვლის ბრალდება ჰქვია. როგორც საზოგადოებას, ასევე დასავლეთს აჩვენებს, რომ ის ოპოზიციის საკანონმდებლო ორგანოში შესაყვანად ყველაფერს აკეთებს და პოლიტიკური დიალოგის გასაგრძელებლად სივრცეს ტოვებს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებას პარლამენტს გარეთ მყოფ ოპოზიციონერ დეპუტატებში სხვადასხვაგვარი შეფასება მოჰყვა. „გირჩის“ წევრებმა გადაწყვეტილება მოიწონეს, ხოლო ოპოზიციურ ერთობაში ამ ნაბიჯს „მანდატებით ვაჭრობა“ უწოდეს.
მმართველ გუნდში კი არ დაუმალავთ, რომ მანდატების შეწყვეტის საკითხზე გუნდში აზრთა სხვადასხვაობა იყო. დღეს მათ იმის მტკიცებაც მოუწიათ, რომ რეგლამენტი არ დაურღვევიათ და პარლამენტმა საკითხი პროცედურის დაცვით განიხილა.
31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, პარლამენტში 9 პარტიის ნაცვლად, 3 პარტიის 96 დეპუტატია წარმოდგენილი. შეიცვლება თუ არა ეს კონფიგურაცია, პოლიტიკური დიალოგის გაგრძელების პერსპექტივასა და მხარეების პოლიტიკურ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ „ქართული ოცნება“ თავად უწყობს პოლიტიკოსებს საბოტაჟს, როდესაც მათ არჩევანის საშუალებას არ აძლევს და მანდატის შეჩერების შესახებ განცხადებას არ აკმაყოფილებს.
„დღევანდელი გადაწყვეტილება, მიმაჩნია, რომ არის ჩემი სამართლებრივი და პოლიტიკური უფლებების შეზღუდვა. მე, როგორც პარლამენტის წევრმა, დავწერე განცხადება ჩემი უფლებამოსილების მოხსნის შესახებ. მაშინ მე შემიძლია ვთქვა, რომ საბოტაჟს უწყობს ჩემს ცხოვრებას „ქართული ოცნება“, რადგან ჩემი გადასაწყვეტია პოლიტიკურ საქმიანობას და, ზოგადად, მუშაობას, როგორ გავაგრძელებ. სრულიად აბსურდულ მდგომარეობაში ვართ. სწორედ იმიტომ, რომ მე ძალიან კარგად ვხედავდი იმ სიტუაციის აბსურდულობას, რომელიც შეიძლებოდა ქვეყანაში შექმნილიყო, მე ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ შეთანხმება შემდგარიყო, რომ თავიდან აგვეცილებინა ეს ვითარება. თუმცა, ვფიქრობ, ოპოზიციამ საკმარისი გააკეთა იმისთვის, რომ შეთანხმება შემდგარიყო“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
„მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ დიალოგისთვის“, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნება“ დაინახა, რომ დიალოგსა და შეთანხმებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის და ოპოზიციასთან კონკრეტული წინადადებებით უნდა მივიდეს, რათა შეთანხმება შედგეს.
„ამის შემდეგ შემდეგი ნაბიჯიც უნდა გადადგან და კონკრეტული წინადადებებით უნდა მოვიდნენ ოპოზიციასთან, რომელიც მისაღები იქნება, რათა შეთანხება შედგეს. სხვა შემთხვევაში, ჩვენთვის არაფერი იცვლება. ჩვენი მოთხოვნები წაყენებული გვაქვს მოლაპარაკებებზე, არ ვაპირებთ არანაირი ახალი ინიციატივებით გამოსვლას, ველოდებით „ქართული ოცნებისგან“ წინადადებას. მანდატებით ვაჭრობაში შესვლას არ ვაპირებთ, თუმცა მზად ვართ დიალოგისთვის.
დღეს დღის წესრიგში დგას ოთხი საკითხი. არავის რაიმე განსხვავებული არ უთქვამს ამ ოთხ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციურ ფლანგზე. თუ მათ აქვთ სხვა ალტერნატიული წინადადებები, ვადამდელ არჩევნებთან, პლებისციტთან დაკავშირებით, მზად ვართ, მოვისმინოთ ყველა ეს წინადადება“, – განაცხადა ვაშაძემ.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება ოპოზიციისთვის მანდატების არგაუქმების შესახებ მისასალმებელია, რადგანაც ამ ფორმით ხელისუფლებამ მოლაპარაკების კარი ღია დატოვა. აბაშიძე ამბობს, რომ ახლა ვისაც კარში შესვლა უნდა, შევა, ხოლო ვინც ამ კარს ვერ ხედავს და კედელს ეხეთქება, ეს უკვე მისი პრობლემაა. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორების და ერთი ორი ოპოზიციური პარტიის გარდა, ამ გადაწყვეტილებას ვერავინ გაიგებს და ისევ „ოცნების“ განზრახვაზე ისაუბრებენ. არადა რეალურად, კენჭისყრის ჩაგდება მმართველმა გუნდმა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე გადაწყვიტა.
„ოცნების“ მხადაჭერების წუხილი მესმის და მათი პოზიცია სრულიად გასაგებია, მაგრამ მმართველი გუნდის ტაქტიკაც მესმის. ხალხის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ და როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს ზოგიერთი პოლიტიკოსი და მათი განცხადებები, ხალხი ჭრელია და მათაც თავისი ამომრჩეველი ჰყავს. ხელისუფლებამ ეს პოლიტიკური კარი იმიტომ დატოვა, რომ ის ადამაინები, ვინც ვიღაცის ბულინგის გამო შესვლას ვერ ბედავს, - შევიდეს. გვარამიას, კილაძის და სხვა მათნაირი არაპროფესიონალი ადამიანების ბულინგის როგორ უნდა გეშინოდეს?!
თუკი დეპუტატი შენს ინტერესებს ვერ იცავ, ამომრჩევლის ინტერესები საკანონმდებლო ორგანოში როგორ უნდა დაიცვა? ძალიან დიდი გულუბრყვილობაა, როცა ასეთი ხალხის შიშის გამო მანდატზე უარს ამბობ. დატოვა მმართველმა გუნდმა კარი ღია, ვისაც საქმის კეთება უნდა, პარლამენტში შევა. საპარალმენტო ტრიბუნიდან ხალხის ინტერესებს ხომ უფრო იცავ, ვიდრე ქუჩიდან, სადაც მხოლოდ ენმ-ის ინტერესების გამო უნდა იდგე. ბოლო კვლევებმაც აჩვენა, რომ ხალხს ოპოზიციის ქუჩაში დგომა არ უნდა და მათი პარლამენტში შევლის მომხრეა“,-აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, კობახიძის მიერ ხსენებული 20 ადამიანი რეალურად არსებობს და ხელისუფლება ჰაერზე არ საუბრობს. აბაშიძე ამბობს, რომ პარლამენტში შესვლის სურვილი თავად „ნაციონალურ მოძრაობის“ წევრებსაც აქვთ და სხვადასხვა პატარა პარტიების წარმომადგენლებსაც, მაგრამ ჩიხში არიან შესულები. ამიტომაც მისცა „ოცნებამ“ კიდევ დამატებით შანსი იმისთვის, რომ ეს მოჯადოვებული ბოიკოტი გაიხსნას. აბაშიძე ფიქრობს, რომ მმართველმა გუნდმა მოლაპარაკების მაგიდაზე რევოლუციური კიარა ევოლუციური წინადადებები მიიტანა, რომლის მეტსაც ვეღარაფერს შესთავაზებს. ამიტომაც ოპოზიციამ ჯობია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე იფიქროს, საარჩევნო რეფორმას მხარი დაუჭიროს და პარლამენტში შევიდნენ.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ახლა „ოცნების“ მიზანი ისაა, რომ ბრალდების ტვირთი საკუთარი მხრებიდან მოიხსნას. ჰქონდეს უფრო მეტი არგუმენტი იმისთვის, რომ მან ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად ყველაფერი გააკეთა. მეორე მხრივ, კი თუ „ოცნება“ ამ განცხადებებს არ ჩაკეტავდა ოპოზიციის დღის წესრიგით თამაში მოუწევდა. ამიტომაც ახლა ოპოზიცია იძულებული იქნება ქვეყანაში პოლიტიკური დღის წესრიგი არა მან შექმნას, არამედ ხელისუფლების დღის წესრიგით ითამაშოს. ამ გადაწყვეტილებით კი პოლიტიკური მართვის სადავეები ხელში „ქართულმა ოცნებამ“ აიღო.
„ხელისუფლებამ ოპოზიციის თამაშის ბლოკირება მოახდინა. ახლა ქვეყანაში პოლიტიკური თამაშის წესებს დააწესებს არა ოპოზიცია, არამედ ხელისუფლება. ოპოზიციას ხელიდან სადავეები გაეშვა. მას ჰქონდა ხალხის და დასავლეთის იმედი. ამ ეტაპზე ჯერჯერობით არც ერთის მხადაჭერა არ აქვს. პირიქით, კვლევებმა აჩვენა, რომ ხალხს მათი პარალმენტში შესვლა უნდათ. ამიტომაც „ოცნებამ“ ხალხის და ქვეყნის ინტერესები გაითვალისწინა. ხელისუფლებამ ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც ოპოზიციის დღის წესრიგში არ იყო და დასახული გეგმა ჩაუვარდათ. არის ასევე კიდევ ერთი ასპექტი, რომ ქვეყანა შეიძლება საერთოდ პოლიტიკური სპექტრის გარეშე დარჩეს. არსებობს იმის რისკი, რომ გარეთ დარჩენილი პატარა პარტიები გაქრებიან. ისინი, როგორც პოლიტიკური ძალა, ამომრჩევლის თვალში გაკოტრდებიან. ამიტომაც იმედია, დროზე მიხვდებიან ვის თამაშს თამაშობენ და პარლამენტში შევლენ“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ოპოზიციაში ბულინგის იმდენად ეშინიათ, რომ ეს პრობლემა თავად თუ არ დაძლიეს, ამას მმართველი გუნდი ვერ უშველის. საყვარელიძე ამბობს, რომ პარლამენტში არშესვლით ოპოზიცია ადგილობრივ არჩევნებშიც გზას იჭრის. მონაწილეობა რომც მიიღონ, მოსახლეობა მათ ხმას აღარ მისცემს. იტყვიან, რომ პარლამენტში არ შევიდნენ და თვითმმართველობის არჩევნებზე ხმა რატომღა უნდა მივცეთო. ამიტომაც ამ რისკებს ხელისუფლება ხედავს და ოპოზიციას კიდევ გააზრების საშუალებას აძლევს.