„გირჩი“ ორ სკამზე ჯდომას ცდილობს, თუმცა ორ სკამზე ვერ დაჯდები - ჩავარდები“

„გირჩი“ ორ სკამზე ჯდომას ცდილობს, თუმცა ორ სკამზე ვერ დაჯდები - ჩავარდები“

ოპოზიციის 51-ვე დეპუტატის ბედი დღეს უნდა გადაწყდეს - გააგრძელებენ თუ არა ისინი პარლამენტში მუშაობას, თუ საპარლამენტო მანდატებს სამუდამოდ დათმობენ. კენჭისყრამდე რამდენიმე საათით ადრე, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს მოუწოდა, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს უფლებამოსილება არ შეუწყვიტოს.

„როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მინდა, დღეს, მეათე მოწვევის პარლამენტის საგაზაფხულო სესიის გახსნამდე მოგმართოთ ყველას, ოპოზიციის და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს, ასევე, საზოგადოებას, რომელიც გვისმენს. ამ ბოლო პერიოდში, საქართველო გადავიდა სრულ საპარლამენტო სისტემაზე, უკანასკნელი არჩევნებით კი, საზოგადოებამ აირჩია მრავალპარტიული პარლამენტი, რაც დემოკრატიულობის ახალ საფეხურს წარმოადგენს.

დღეს ქვეყანას ამ სისტემის სრულყოფილად ამოქმედება სჭირდება! დრო აღარ ითმენს! პანდემიისგან წარმოქმნილი კრიზისი მოითხოვს ეფექტიან, სწრაფად მოქმედ პარლამენტს და ყველასგან საქმიან მიდგომას! პოლიტიკური დაპირისპირება ვერ პასუხობს ამ რთულ გამოწვევებს! შიგნით ქვეყანაში, როგორც საერთაშორისო დონეზე, ერთიანობის და სოლიდარობის დრო დგება! ამ მნიშვნელოვან ეტაპზე ოპოზიციას ეკისრება დიდი როლი: ჯერ ერთი იმიტომ, რომ ასეთი ძლიერი არასოდეს ყოფილა პარლამენტში - 60 მანდატი 150-დან, 8 ოპოზიციური პარტია. არასოდეს ჰქონია ასეთი მრავალფეროვანი და რეალური ბერკეტები: ფრაქციების შექმნა, სხვადასხვა თანამდებობების დაკავება, მაგალითად, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ადგილი“, - განაცხადა ქვეყნის პრეზიდენტმა.

ამ მნიშვნელოვან დღეს ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი for.ge-თან აფასებს. ექსპერტის განცხადებით, დღეს ოპოზიციის ნაწილი, კერძოდ „გირჩი“ ორ სკამზე ზის. ერთი მხრივ დამოუკიდებელი პარტიის სეგმენტს იკავებს, ხოლო მეორე მხრივ „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან ვერ გამოდის.

უკვე ცნობილია, რომ ალეკო ელისაშვილმა საპარლამენტო მუშაობა გადაწყვიტა. გაიმეორებენ ანალოგიურს „გირჩის“ წევრებიც?

- „გირჩის“ პოზიცია ამ ეტაპზე არის ძალიან სახიფათო თავად „გირჩისთვის“. ერთი მხრივ, ელექტორატის თვალში დამოუკიდებელი, ახალი პარტიის პოზიციას იკავებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, იმის მიუხედავად, რომ თავისი მყარი ამომრჩეველთა სეგმენტი ჰყავთ, „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან ბოლომდე ვერ გამოდიან. ანუ, იურიდიულად აბსოლუტურად სრულყოფილი პოლიტიკური სუბიექტია, რომელმაც არჩევნები მოიგო, მანდატები ეკუთვნის, ელექტორატი ჰყავს და ამ ელექტორატის წინაშე პოლიტიკური პასუხისმგებლობა გააჩნია, მაგრამ მეორე მხრივ იქცევა, როგორც თავის დიდ ბელადზე ჩამოკიდებული პატარა ბავშვი, რომელიც მომავალ პოლიტიკურ ჰორიზონტზე დამოუკიდებელი ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავს, მით უმეტეს იმ წელიწადს, როდესაც კიდევ ერთი არჩევნები აქვს ჩასატარებელი და საკუთარი ამომრჩევლის წინაშე კიდევ უფრო სერიოზული გამოცდა აქვს ჩასაბარებელი. აი, ეს არის ჩემთვის ამოუცნობი ფენომენი, იმიტომ, რომ არც კატეგორიული უარის პოზიციაზე დგება იმ ძალისხმევასთან, რასაც ცდილობს ეს ხელისუფლება, რომ ამათ შეუქმნას პარლამენტში შესასვლელად და არც ბოლომდე უარს იძახის იმ უამრავ საერთაშორისო პარტნიორის მოწოდებაზე, რომ შევიდნენ პარლამენტში და ეუბნებიან: „ჩვენ ევროპა ვართ, ჩვენ პატივს ვცემთ სახელმწიფო ინსტიტუტებს, პატივს ვცემთ პოლიტიკური საქმიანობის განხორციელებას პარლამენტში. ჩვენ არ ვცემთ პატივს ქუჩაში დარჩენილ მარგინალურ პოლიტიკურ მოწოდებების მქონე სუბიექტებს“.

იმ შეცდომას იმეორებენ, რომელიც 2008 წელს იმდროინდელმა ოპოზიციამ ჩაიდინა - შესულიყვნენ და საპარლამენტო ტრიბუნიდან ემხილებინათ სააკაშვილის რეჟიმი. ეს არ გააკეთეს და სრული განუკითხაობის რეჟიმი ჩაურთეს სააკაშვილს 2009 წლიდან 2012 წლამდე. ყველაზე დიდი დანაშაული, ყველაზე სისხლიანი განუკითხაობა, რომელიც ციხეებში იყო და რაც სხვადასხვა აქციების სისხლიანი მსხვერპლით დასრულებული დარბევებში გამოიხატებოდა, ზუსტად იმ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლით იყო განპირობებული. ჩემი აზრით, ისინი პატარა, მაგრამ მონაწილეებიც არიან სააკაშვილის რეჟიმის ამ განუკითხაობისა.

ახლა ყველა გვცნობს, დასავლეთი ჩვენს გვერდშია, არავის წინაშე თავის მართლება არ გვიწევს. ყველა გვცნობს, როგორც პროდასავლური ხელისუფლების მქონე ქვეყანას, სადაც პატივს სცემენ კონსტიტუციას, დასავლელი ჩვენი მეგობრების აზრს, ნაბიჯს არ ვდგამთ, რომ არ შევეკითხოთ ვენეციის კომისიას, რომ არ მოვიწვიოთ ფასილიტატორები. ანუ, ცივილიზებული თამაშის წესებით ვმოქმედებთ. ესენი კი, მაინც ორ სკამზე ჯდომით არიან დაკავებული - ახლა „გირჩზე“ მაქვს საუბარი. გადაწყვიტონ და ამ იაფფასიან შანტაჟებს თავი დაანებონ. ახლა ესენი მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ დღეს არ მიიღონ კატეგორიული გადაწყვეტილება იმ 51 მანდატის გაუქმებასთან დაკავშირებით, - არ დაგვღუპოთო. ქუჩიდან საუბრები ჩემთვის გაუგებარია.

ხელისუფლება რას გადაწყვეტს?

- ორი ვარიანტი გვაქვს - ან დაუჭერენ მხარს, ან არ დაუჭერენ. კონსულტაციები მიდიოდა. დემოკრატიული განვითარების თვალსაზრისით, რა გადაწყვეტილების მიაჩნიათ ამ ეტაპზე მართებულად, ამ ყველაფერს გაანალიზებენ, მათ შორის ალბათ „გირჩის“ თხოვნასაც გაითვალისწინებენ და აქედან გამომდინარე, რაღაც დასკვნამდე მივლენ - ან კის იტყვიან, ან არას. ყოველ შემთხვევაში ეს პროცესი მომწონს, რადგან ჩვენი მიზანია 2024 წელს ევროკავშირის წევობაზე განაცხადის შეტანა და ყოველ წელს ევროკავშირს უნდა ვანახოთ, რომ ჩვენ მთლიანად გადავედით მართვის ევროპულ, ცივილიზებულ წესებზე. ჩვენ არავის ხელის გადაგრეხას არ ვაპირებთ, არანაირ შანტაჟზე, არანაირ ბულინგზე არ მივდივართ. თითოეულ ჩვენს ნაბიჯს ვუთანხმებთ დასავლელ პარტნიორებს, ამიტომ არის ეს პროცესი ჩემთვის კარგი. ეს არ არის საბჭოური სისტემა, ეს არ არის დიქტატურა.

თუმცა, არ ფიქრობთ, რომ რადიკალური ოპოზიცია მიხელ სააკაშვილი რასაც ეტყვის იმას გააკეთებს?

- ეს სხვა საკითხია. ჯერ „გირჩზე“ ვსაუბრობთ, რომელიც ორ სკამზე ჯდომას ცდილობს. თუმცა, ორ სკამზე ვერ დაჯდები - ჩავარდები. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას, ესენი ჩემთვის ცალსახად არიან დესტრუქციული, მარგინალური ელემენტები, რომლებსაც არ აწყობთ არც საქართველოს ევროპული განვითარება, არც საქართველოს მისწრაფება ევროკავშირისკენ. ისინი ყოველდღე აკეთებენ მხოლოდ იმას, რომ ქვეყნის იმიჯი შელახონ, რომ საქართველო გადაკიდონ მეზობლებს. მათ იდეაფიქსად აქვთ გადაქცეული, რომ რუსეთი აიძულონ და არდამთავრებული საქართველოს ოკუპაცია ბოლომდე მიაყვანინონ. ესენი მავნებლები არიან. ესენი საქართველოს დასუსტებაზე მუშაობენ. ამიტომ, მათ ხელისუფლებამ სულ რომ უსასრულოდ გაუგრძელოს მანდატი, პარლამენტში შემსვლელები არ არიან - ეს მათ გეგმებში არ შედის.

ანუ ამ რადიკალურ ოპოზიციის გეგმებში რევოლუცია შედის?

- ან რევოლუცია შედის, ან საქართველოში ისეთი მოვლენების პროვოცირებას ჩაუყარონ საფუძველი, რომ რუსეთის სამხედრო ძალა შემოიყვანონ საქართველოში მათ მიერ აგორებული პროვოცირების ჩასახშობად, რათა ამ გზით მიაღწიონ თავის სანუკვარ ოცნებას.

რუსეთი ისევ გადადგამს ამ ნაბიჯს?

- 2008 წელს წამოეგო და ახლა ხელს რა შეუშლის?! 2008 წლის მოვლენები იყო ერთობლივად განხორციელებული უდიდესი ტრაგედია, რასაც, ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილმა და მისმა რეჟიმმა ხელი შეუწყო პროვოცირებით, მეორე მხრივ იმ მომენტში რუსეთმა ამ პროვოცირებით მაქსიმალური სარგებელი მოიპოვა. ანუ, აფხაზეთი და სამაჩაბლო დე ფაქტო ჩამოაშორეს საქართველოს ერთიან სამართლებრივ სივრცეს. რომ არა იმ მომენტში ამერიკელების გამოღვიძება, თავისუფლად თბილისამდეც მივიდოდნენ.

საქართველოს მთავრობამ რა უნდა გააკეთოს, რომ რუსეთის გვერდის ავლით დაალაგოს ქვეყანაში ვითარება?

- ამ მარგინალი ძალების თითოეული ნაბიჯი უნდა იქნას დროულად გამოვლენილი. ამ ნაბიჯს უნდა მიეცეს დროული და სწორი პოლიტიკური შეფასება. მესამე - დღეში ასჯერ რომ უწევდეთ ამ ხელისუფლების წარმომადგენლებს თავის დასავლელ პარტნიორებთან დაკავშირება, ეს უნდა გააკეთონ და საქმის კურსში უნდა ჩააყენო; კონსულტაციები გაიარონ, თუ როგორ მოიმოქმედონ დემოკრატიის ფარგლებში. ჩვენ არავის სისხლში ჩახშობას და 26 მაისის მსგავს სისხლიან აქციების გამართვას არ ვაპირებთ. ის დრო დასრულდა, ისტორიას ჩაბარდა.

მაგრამ, დღეს შეხედეთ რა ხდება დავითგარეჯის ირგვლივ - გასცდნენ კონკრეტულ საკითხს და ცდილობენ რა საკითხები წამოჭრან. უცებ არც ერთი ჩვენი ხელისუფლება ბოლო 70 წლის განმავლობაში არ აყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს - სიტყვაზე ვამბობ თუნდაც საინგილოსთან დაკავშირებით, ტაო-კლარჯერთან მიმართებაში. ახლა, აკაკი ბობოხიძე აჟღერებს, აი, ამ პროვოკაციულ განცხადებას, რათა გადაგვკიდოს აზერბაიჯანთან და თურქეთთან. არ არის საინგილო და ტაო-კლარჯეთი საქართველო?! რაღა დავითგარეჯზე საუბრობთო?! ეს არის სუფთა წყლის პროვოკაცია, რათა ამ ეტაპზე დიპლომატიურ დონეზე ამ ორ ქვეყანასთან გაუგებარი ელემენტები შეიტანონ და ქართული მხარე უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენონ. მაშინ როდესაც ეს თემები არ გაჟღერებულა და არც გაჟღერდება იმიტომ, რომ ისტორიული მოცემულობა დღეს არის ასეთი და ეს ესმის ყველას.

ცნობილია, რომ სასამართლომ დავითგარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ციხიდან გამოსული ივერი მელაშვილი ტელევიზიით სკანდალურ განცხადებებს აკეთებს და მას მხარს უჭერენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. თქვენი აზრით, როგორ განვითარდება მოვლენები და უნდა გაეთავისუფლებინა სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე მსჯავრდებულები?

- რა თქმა უნდა, ერთი მხრივ, მესმის, რომ ეს ორი ადამიანი რომელსაც ბრალი წაუყენეს კონკრეტულ მუხლთან მიმართებაში, არიან ასაკიანები, არიან სხვადასხვა ქრონიკული დაავადებების მატარებლები, არ იყვნენ ადრე მსჯავრდებულები და მათთვის აღკვეთის ღონისძიების შერბილება სასამართლო პროცესამდე იქნებოდა ამ ხელისუფლების მხრიდან ჰუმანურობის აქტის გამოხატვა. წინა ხელისუფლება პატიმრებს ციხეებში ალპობდა, პროზექტურებში გაკვეთილ მიცვალებულებზე „სკოჩით“ ამაგრებდა და ათას უგუნურ დანაშაულს სჩადიოდა და ეს ხელისუფლება თუნდაც იმით განსხვავდება წინა რეჟიმისგან, რომ მას შეუძლია თუნდაც მძიმე მუხლით ბრალდებული ადამიანები საკნებიდან გამოიყვანოს. საკნებში მათი ამოლპობა ხელისუფლების მიზანს არ წარმოადგენს. უკმარისობის გრძნობა მქონდა, იქნებ ჯობდა და წინასწარი დაკავების პატიმრობაში ყოფილიყვნენ, თუმცა  მოვლენები პოლიტიკური თვალსაზრისით, ისე საინტერესოდ განვითარდა, რომ ადამიანების გამოშვებით (სამართლიანობა მოითხოვს და ქალბატონს არ შევეხები, რადგან მას პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია), ამ ბატონმა ტელევიზიებში გამოსვლით, კიდევ ერთხელ ფარდა ახადა კოლექტიურ „ნაციონალურ მოძრაობას“, მიუხედავად იმისა, რა „დამოუკიდებელი“ პარტიის მატარებელიც არ უნდა ყოფილიყო. ყველას, კოლექტიურად ჩამოხადა ერთი დიდი ნიღაბი და ლუსტრირება მოახდინა იმ ადამიანების, რომლებმაც საკუთარი პირით ანტისახელმწიფოებრივი ლოზუნგებით გველაპარაკებიან ქართული ეკლესიისა და ისტორიის საკითხებზე. ერთი კაცის ციხიდან გამოშვებას რომ შეეძლო გამოეწვია ამ მტკივნეული საკითხების მიმართ ამათი ლუსტრირება, ვერც წარმოვიდგენდი. მეორე დღეს, როდესაც ეს მოვისმინე, ისევ ორი გრძნობა დამეუფლა - არ ვუჯერებდი რას ლაპარაკობს ეს ადამიანი-თქო, ათჯერ მოვისმინე, ხოლო დილისკენ კმაყოფილების გრძნობა დამეუფლა, რომ ამ ადამიანის გამოშვება ღირდა. ღირდა იმად, რომ ნაცების სრული გაშიშვლება მომხდარიყო.