„ოპოზიციის თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობის არმიღება თვითმკვლელობის ტოლფასია - 2024 წლის არჩევნებისთვის ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ გვეყოლება“

„ოპოზიციის თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობის არმიღება თვითმკვლელობის ტოლფასია - 2024 წლის არჩევნებისთვის ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ გვეყოლება“

ოპოზიციის ერთი ნაწილი, პარლამენტის ბოიკოტის პირობებში, შემოდგომაზე დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას ეწინააღმდეგება, მეორე ნაწილი კი აცხადებს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია და ეს მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. ოპოზიციაში არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მმართველ გუნდს არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის იმედი აქვს, მით უფრო, რომ დაანონსებული საარჩევნო სისტემის რეფორმა თვითმმართველობის არჩევნებსაც უნდა შეეხოს.

ოპოზიციის განმარტებით, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, ამ შემთხვევაში აზრი არც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას ექნება.

ანალიტიკოსები კი for.ge-სთან ამბობენ, რომ თუკი ოპოზიცია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, ეს კატასტროფა იქნება, რაც „ოცნების“ გაძლიერებას ხელს კიდევ უფრო შეუწყობს. მათი აზრით, ოპოზიცია ჩიხშია შესული და პარლამენტის ბოიკოტით გამოდის, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე მონაწილეობის მიღების გზასაც იჭრიან. თუ ისინი პარლამენტში არ შევლენ, მაშინ ლოგიკურია, რომ არც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა აღარ უნდა მიიღონ. ამიტომაც უნდათ თუ არა, საბოლოოდ უნდა ჩამოყალიბდნენ. თუკი იგივე საარჩევნო სისტემა და ცესკო დარჩა, ხოლო ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მაინც მიიღო, მაშინ გამოვა, რომ საპარლამენტო არჩევნები არ გაყალბებულა და ხელისუფლება როგორც საზოგადოებაში, ასევე დასავალეთის თვალში პოზიციებს კიდევ უფრო გაიმყარებს.

„ხელისუფლებას მოუწევს დათმოს და შეასრულოს ის მოთხოვნები, რასაც პრინციპულად აყენებს ოპოზიცია 31 ოქტომბრის მოპარული არჩევნების შემდეგ და ეს, რა თქმა უნდა, უკვე მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ ოპოზიციამ მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. სხვაგვარად ამ ვითარებაში, სადაც თამარ ჟვანიამ და მისმა საარჩევნო ადმინისტრაციამ უნდა ჩაატაროს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ამ არჩევნების მოპარვაც არ მოხდება“, - განაცხადა ენმ-ს წევრმა თინა ბოკუჩავამ.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია კი ელოდება, როგორ დასრულდება პროცესი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით, რადგან თუ ბოიკოტის გაგრძელება გადაწყდება, ამ შემთხვევაში, ოპოზიციასაც მოუწოდებენ, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

„ნებისმიერი არჩევნები მნიშვნელოვანია პოლიტიკური პარტიისთვის. თუ ხარ პოლიტიკური პარტია, ყველაში უნდა მიიღო მონაწილეობა. რაც შეეხება ამ ადგილობრივ არჩევნებს, პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ბოიკოტის რეჟიმშია საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ოპოზიცია და როდესაც პარლამენტში გაქვს ბოიკოტი გამოცხადებული, ზესტაფონის საკრებულოში ვითანამშრომლებთ „ქართულად ოცნებასთან“? - ეს არასერიოზულია.

ჩვენი მოთხოვნა ოპოზიციასთან სულ ეს იყო, რომ თუ ბოიკოტის რეჟიმში ვართ, ჩვენ ვართ ძალიან მკაცრი ბოიკოტის მომხრე, ფულის არ აღების, საბიუჯეტო დაფინანსების, ხელფასის არ აღების, არც ერთ არჩევნებში არმონაწილეობის სახით, მათ შორის არც ადგილობრივ არჩევნებში. უფრო მეტიც, თუ გყავს რომელიმე საკრებულოში შენი წარმომადგენელი და პარლამენტში ბოიკოტს აცხადებ, ეს წარმომადგენელი უნდა გამოითხოვო საკრებულოდან, ისე რა შინაარსი აქვს, ეს ხომ სისულელეა. ჩვენ არ გვინდა, სისულელეში მონაწილეობა, ამიტომ, ველოდებით, როგორ დამთავრდება ეს პროცესი პარლამენტში შესვლა-არშესვლასთან დაკავშირებით. თუ ბოიკოტი გრძელდება, მაშინ ჩვენ ოპოზიციასაც მოვუწოდებთ, რომ ნუ მიიღებენ მონაწილეობას ამ არჩევნებში, რადგან აბსურდია, პარლამენტში არ ხარ და ხარ რომელიმე საკრებულოში, ამ იდეას ჭკუა არ მოეკითხება. ჩვენ არ მივიღებთ მონაწილეობას და სხვები თუ მიიღებენ, შევეცდებით, ეს სხვებიც დავაბულინგოთ, რა წესია, პარლამენტში არ შედიხარ და საკრებულოში თანამშრომლობ?!“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ თუკი ოპოზიცია თვითმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, მაშინ ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება, ხოლო „ოცნების“ კიდევ უფრო გაძლიერებას გამოიწვევს. ამით კი განსაკუთრებული დარტყმა იმ პატარა პარტიებს მიადგება, რომლებიც ახლა პარლამენტში არშესვლით ისედაც ზიანდებიან.

ზაქარეიშვილი არ ელის, რომ ენმ თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტს გამოუცხადებს, რადგანაც მათ კარგად იციან, რომ ამ ქმედებით ზიანს მხოლოდ საკუთარ თავს მიაყენებენ. მისივე თქით, ადგილობრივი არჩვენები ასევე კარგი იქნება იმის გასაზომად, რას ფიქრობს ხალხი ოპოზიციის პარლამენტში არშესვლაზე. თუკი ელისაშვილი და სხვა ის პარტიები, რომელებიც პარლამენტში შევლენ, უფრო მეტს აიღებენ ვიდრე გარეთ დარჩენილები, მაშინ ამით ხალხის პოზიცია კიდევ უფრო ნათელი იქნება.

„პარლამენტში არშესვლითაც და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არმიღებითაც ოპოზიცია მხოლოდ „ოცნების“ გაძლიერებას უწყობს ხელს. „ოცნებამ“ პირობა უკვე დადო, რომ საარჩევნო სისტემას შეცვლის. მეორეც, არსებული საარჩევნო სისტემა არც ისე ტრაგიკული და გამაოგნებულია. ეს ბოლო სისტემა სხვებთან შედარებით საუკეთესოა. ეუთო/ოდირის რეკომენდაციებით იყო გათვალისწინებული და ბევრი რეკომენდაციები გაიზიარეს. არჩევნების გაყალბებას იმიტომ ვერ ამტკიცებენ, რომ ჯერ ერთი, ოპოზიციის რიგებში იყვნენ ადამიანები, რომლებმაც ოქმებზე ხელი მოაწერეს. ამიტომაც კეთილი ინებონ და თვითმმართველობის არჩევნებზე ნორმალური ხალხი შეარჩიონ.

თავის პარტიის წევრები რომ ღალატობენ, „ოცნებამ“ რა უნდა ქნას, ამით არ უნდა ისარგებლოს? რომც არაფერი შეიცვალოს, ოპოზიციას ურჩევნია კომისიებში საკუთარ ხალხს მიხედოს. ოპოზიციის თვითმმართველობის არჩვენებში მონაწილეობის არმიღება თვითმკვლელობის ტოლფასია, ესაა საკუთარი თავისთვის განაჩენის გამოტანა. ფაქტობრივად გამოვა, რომ 2024 წლის არჩევნებისთვის ისევ „ოცნება“ და „ნაციონალები“ გვეყოლება. ადგილობრივი არჩევნები იქნება ძალიან კარგი ტრამპლინი იმის დასადგენად, ვნახოთ მოსახლეობის დამოკიდებულება ოპოზიციის პარალმენტში არშესვლასთან დაკავშირებით როგორია. თუკი ელისაშვილი თვითმმართველობის არჩევნებში ისევ იგივე შედეგს აჩვენებს, რაც 2017 წელს, მაშინ ფაქტია, რომ ოპოზიციამ პარალმენტში არშესვლით დიდი შეცდომა დაუშვა“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ყველა ლოგიკით, თუკი ოპოზიცია პარლამენტში არ შედის და ბოიკოტს უცახდებს, მაშინ თვითმმართველობის არჩევებშიც მონაწილეობა არ უნდა მიიღოს. ზურაბიშვილი ამბობს, რომ თუ პარლამენტში არ შედიხრ და ამბობ, რომ არჩევნები გაგიყლაბეს, მაშინ რა გარანტია გაქვს, რომ იგივე ცესკო ისევ არ გაგიყალბებს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ოპოიციამ თავი ჩიხში თავადვე მოიქცია და საკუთარი სიტყვის წინააღმდეგ წავა, თუკი თვითმმართველობის არჩევნებში იგივე საარჩევნო სისტემით და იგივე ცესკოს შემადგენლობით მონაწილეობას მიიღებს. მაშინ როგორც საზოგადოებაში, ასევე დასვალეთშიც „ოცნება“ მართალი გამოჩნდება და პარლამენტისთვის გამოცხადებულ ბოიკოტს ვერაფრით ვეღარ გაამაგრებენ.

„ენმ, „ევროპული საქართველო“ , „სტრატეგია არღმაშენებელი“, „ლელო“ და ის გამოყოფილი „გირჩი“ თუკი პარლამენტში არ შევლენ, მაშინ ლოგიკურად თვითმმართველობის არჩევნებშიც მონაწილეობა არ უნდა მიიღონ. თუკი საპარლამენტო არჩევნებზე თამარ ჟვანიას არ ენდობი და გამყალბებელს ეძახი, მაშინ ადგილობრივ არჩევნებზე რაღა გინდა? მერე გამოსწორდება? ანუ საკუთარი სიტყვების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ. თუ ბოიკოტია, მაშინ ბოიკოტი იყოს. ეს კი, რა თქმა უნდა, ისევ „ოცნებას“ აძლიერებს, რაც ოპოზიციის სრულ განადგურებას გამოიწვევს. განსაკუთრებით პატარა პარტიები დაზიანდებიან და პოლიტიკური ველიდან, უბრალოდ, გაქრებიან. ოპოზიციამ საკუთარი თავი საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ჩააყენა და ამ ჩიხში კიდევ უფრო იბლანდებიან“, - აცხადებს for.ge-სთან ზურაბიშვილი.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილის მოლოდინი, რომ ქვეყანაში ხალხი ქუჩაში გამოვა და ამ ზეწოლით ხელისუფლებას რამეს აიძულებენ, აბსურდია. ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ არც სოციალური პრობლემების გამო იქნება რაიმე განსაკუთრებული გამოსვლები. მისი აზრით, ლოქდაუნი მოიხსნება, თვითმმართველობის არჩვნებისთვის ხელისუფლება ბევრს დაეხმარება. ბიზნესსაც ისევ ფეხზე წამოაყენებენ და ასე თუ ისე, რაღაცა მოძრაობა კვალვ დაიწყება. ამიტომაც ოპოზიციის მოლოდინი, რომ ხალხი მათ ხელისუფლებაში მოიყვანს, აბსურდია. საქმიანი აქტივობები განახლდება და ბევრი შეღავათები იქნება. ამიტომ „ოცნება“ ადგილობრივი არჩევნებისთვისაც ისევე იბრძოლებს, როგორც საპარლამენტოს დროს და ოპოზიციის მოლოდინი ფუჭია.