„ვფიქრობ, სპორტი ცალკე რომ ყოფილიყო, თუნდაც დეპარტამენტის სახით, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა“

„ვფიქრობ, სპორტი ცალკე რომ ყოფილიყო, თუნდაც დეპარტამენტის სახით, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა“

საქართველოს მთავრობის სტრუქტურაში გარკვეული ცვლილებების შეტანაზე მინისტრთა კაბინეტში უკვე იმსჯელეს. პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი.

„მომზადებულია მთავრობის დადგენილება იმასთან დაკავშირებით, რომ განათლების სამინისტროდან გამოიყოს სპორტის სამინისტრო, ამას დაემატება ახალგაზრდობის სამინისტრო - ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯი როგორც ჩვენი კულტურის, ასევე სპორტის სფეროს წარმომადგენლებისთვის, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ისევე როგორც თანამედროვე ხელოვნება, არის უძვირფასესი ნაწილი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების, რომელზეც ერთად უნდა ვიზრუნოთ. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ახალგაზრდობის სააგენტო, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის ქვეშ ფუნქციონირებდა, დადგენილების შემდეგ გახდება კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ნაწილი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

აღნიშნულ საკითხზე, პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა განმარტა როგორ გაიყოფა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

„განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორ სამინისტროდ ჩამოყალიბების საკითხზე პარლამენტთან და ჩვენ კომიტეტთან მთავრობას ჰქონდა შესაბამისი კონსულტაცია. უკვე ვიცით, თუ როგორი კონტურები შეიძლება ჰქონდეს ამ ორ სამინისტროს. ერთი მხრივ, იქნება განათლება და მეცნიერება ცალკე, რაც თავისთავად უზარმაზარი პორტფელია და კომპეტენციები არის უმნიშვნელოვანესი ქვეყნისთვის და ჩვენი მომავალი განვითარებისთვის და მეორე მხრივ, იქნება კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, რაც გულისხმობს კულტურისა და სპორტის კომპეტენციების გაერთიანებას და ასევე პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის მმართველობის ქვეშ მყოფი ახალგაზრდული საქმეების სააგენტოს გაერთიანებას ამ ახალ სამინისტროში“, - განაცხადა წულუკიანმა.

თუმცა, პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრს, დავით კაჭარავას ერჩევნა სპორტი ცალკე გასულიყო, თუნდაც როგორც დეპარტამენტი. ამის შესახებ დავით კაჭარავამ for.ge-თან საუბრისას განაცხადა.

ყოფილი სპორტსმენი და ახლა უკვე პარლამენტარი, ჩვენთან საუბარში თავს იკავებს სპორტის მინისტრის დასახელებისგან. თუმცა, აცხადებს, რომ კულტურა და სპორტი განათლების სამინისტროს უახლოეს მომავალში გამოეყოფა.

განათლების სამინისტროს გამოეყოს კულტურა და სპორტი. თქვენ, როგორც ყოფილი სპორტსმენი და ახლა პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, რამდენად მნიშვნელოვანად მიგაჩნიათ მთავრობის გადაწყვეტილება?

- ვფიქრობ, სპორტი ცალკე რომ გამოყოფოდა, თუნდაც დეპარტამენტის სახით, კიდევ უფრო უკეთესი იქნებოდა. თუმცა, ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, გამომდინარე იქიდან, რომ ნაკლები ბიუროკრატიაა და სპორტს მეტი მოქნილობა ექნება. სპორტში სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება ხდება, რომელიც დაკავშირებულია შეკრებებთან, ამა თუ იმ სპორტსმენის სხვა ქვეყანაში გაგზავნასთან და ა.შ. აქედან გამომდინარე, ბევრად უფრო მობილური იქნება და ვფიქრობ, ეს ნაბიჯი სპორტს ბევრად უფრო წაადგება, მით უმეტეს, პანდემიიდან გამომდინარე ჯანსაღი ცხოვრების წესი ძალიან მოთხოვნადი გახდა და მთელი მსოფლიო მოსახლეობას მოუწოდებს, რომ სპორტულად და ჯანსაღად იცხოვრონ. ამიტომ, ეს ნაბიჯი მნიშვნელოვანია.

თუ არის ცნობილი სამინისტრო როდის გაიყოფა?

- ზუსტი თარიღი არ შემიძლია გითხრათ. საპარლამენტო სესიები დაიწყება და უახლოეს პერიოდში ეს გადაწყვეტილება მიღებული იქნება.

თუ არის ცნობილი ვინ ჩაიბარებს სპორტისა და კულტურის სამინისტროს?

- ზუსტი ინფორმაცია არ მაქვს, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ.

ვიდრე სპორტი განათლების სამინისტროს გამოეყოფა, მანამდე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე უარი განაცხადა. თქვენ როგორ თვლით, სპორტული ფედერაციები უნდა ფინანსდებოდნენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუ არა?

- ძალიან კარგი იქნებოდა ჩვენს ქვეყანას იმხელა შესაძლებლობა ჰქონდეს, რომ სპორტი კერძო სტრუქტურიდან ფინანსდებოდეს, მაგრამ ჩვენს ქვეყანას ამის საშუალება არ გააჩნია. სხვათა შორის, ბევრ ძლიერ ევროპულ ქვეყნებშიც სპორტი სახელმწიფოსგან ფინანსდება. აქედან გამომდინარე, კონკრეტულ სპორტულ ფედერაციას საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე შეუძლია არჩევანი გააკეთოს.

ზაზა იქნებ შენ ჩაგაბარონ და ავშენდეთ. ერთი დაწერე რა გაქ დამყავრებული ექსტერნად
3 წლის უკან