ელისაშვილმა ოპოზიციის მოჯადოებული ბოიკოტი გაარღვია და პარლამენტისკენ დაიძრა - ვინ იქნება შემდეგი?!

ელისაშვილმა ოპოზიციის მოჯადოებული ბოიკოტი გაარღვია და პარლამენტისკენ დაიძრა - ვინ იქნება შემდეგი?!

ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციის ბოიკოტი გაარღვია და პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო. ეყოლება თუ არა „მოქალაქეებს“ ოპოზიციაში თანამოაზრეები და ელისაშვილის პარლამენტში შესვლა არის თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ტაქტიკის შედეგი, ეს უკვე რამდენიმე დღეში უნდა გამოჩნდეს. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ კარტოგრაფების საქმე ხელისუფლებამ ელისაშვილის პარლამენტში შესაყვანად გამოიყენა და ე.წ. პოლიტპატიმრებით ვაჭრობს. თუმცა ოპოზიციის ნაწილმა, მაგალითად „გირჩმა“ ეს გადაწყვეტილება მოლაპარაკების მე-5 რაუნდისკენ გადადგმულ ნაბიჯად შეაფასა. ახლა ისმის კითხვა - დააზიანებს თუ არა ელისაშვილის და იოსელიანის პარლამენტში შესვლა ოპოზიციის ერთიანობას? მსგავს გადაწყვეტილებას ხომ არ მიიღებს „გირჩიც“, რომელიც ამ ნაბიჯის გადადგმას ჯერ ვერ ბედავს.

ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ „ოცნებასთან“ საარჩევნო სისტემის ფუნდამენტურ რეფორმაზე შეთანხმდნენ.

„ჩვენ, პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებმა, მე და ლევან იოსელიანმა შეთანხმება გავაფორმეთ „ქართული ოცნების“ ლიდერებთან, რაც გულისხმობს, რომ ჩვენ, შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ჩავერთვებით საპარლამენტო საქმიანობაში.

ეს დოკუმენტი არის საარჩევნო საკითხების ფუნდამენტურ ცვლილებაზე - ნებისმიერი „კარუსელის“ პრევენციისთვის იქნება ხმის მიცემა თითის ანაბეჭდით და არა მარკირებით; ყველა უბანზე იქნება ელექტრონული ხმის მთვლელი აპარატი, რაც ნიშნავს, რომ 8 საათზე უბანი დაიხურება თუ არა, გვეცოდინება შედეგი და არ დაველოდებით თამარ ჟვანიას სევდიან პრესკონფერენციას 5 საათის შემდეგ;

სამი კამერა იქნება, ყველა საარჩევნო უბნიდან იქნება პირდაპირი ეთერი. ასე რომ, ოფისებიდან შეეძლებათ ადამიანებს დააკვირდნენ საარჩევნო პროცესს; გარე პერიმეტრი 25 მეტრიდან გაიზრდება 100 მეტრამდე; ცესკოში, საოლქო და საუბნო კომისიებში ოპოზიცია იქნება სრულად წარმოდგენილი, იქნება არა სამი პარტია, არამედ, შვიდივე პარტია, რომელმაც გადალახა ბარიერი; ცესკოს თავმჯდომარის არჩევა მოხდება სხვაგვარად და გამჭვირვალედ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

მისივე თქმით, შეთანხმების მიხედვით, ამ საკითხების ინიცირება პარლამენტში პირველ მარტამდე უნდა მოხდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, „მოქალაქეები“ დატოვებენ პარლამენტს.

პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ პარტია „მოქალაქეების“ წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა: „გვქონდა მოლაპარაკებები პარტია „მოქალაქეებთან“, რომელიც დღეს პოზიტიური შედეგით დასრულდა - გავაფორმეთ დოკუმენტი, სადაც ასახულია ჩვენს მიერ საჯაროდ გაცხადებული პირობა საარჩევნო რეფორმის შემდეგ ეტაპზე. ეს რეფორმა ეუთო/ოდირის რეკომენდაციების გათვალისწინებით ჩატარდება. დოკუმენტი ღიაა სხვა ოპოზიციური პარტიებისთვისაც და შეუძლიათ შეთანხმებას მათაც მოაწერონ ხელი და პარლამენტში შემოვიდნენ“.

„კანონი და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ არ წყენია ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის პარლამენტში შესვლა.

ჩარკვიანის თქმით, მისთვის ოპოზიციის გაერთიანება რთული გადაწყვეტილება იყო, რადგან „ფსევდოოპოზიციასთან“ მოლაპარაკებაზე ჯდომა, საზოგადოებისთვის ცუდია.

„დიდი ხანია ვყვირი, რომ ელისაშვილი-იოსელიანი ფსევდო ოპოზიციაა. რომ არ დასვამ ამ ტიპის პოლიტიკანებს მაგიდასთან, შემდეგ საზოგადოება მიხვდება, რომ ოპოზიციაში რაიმე გახლეჩვა კი არ მოხდა, არა, ფსევდოები იყვნენ და თავისი პაიკები უკან გაიყვანა ხელისუფლებამ. მათ შესვლა სურდათ, უბრალოდ, უნდოდათ არაკომფორმისტული სახელით შესულიყვნენ და არ გამოდის ეს ამბავი. პრინციპულობა სხვა არის, კომფორმიზი სხვა, პრაგმატული პოლიტიკა სხვა არის, პრაგმატული პოლიტიკა არ არის მათი პოლიტიკა, პრაგმატული არის ის, რასაც ჩვენ ვუკეთებთ ხელისუფლებას“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი ამბობს, რომ ალეკო ელისაშვილისა და ლევან იოსელიანის მიერ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა. იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათი გადაწყევტილების შესახებ აქამდეც იცოდა.

პოლიტიკური გაერთიანება „გირჩის“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის, მიუახლოვდეს ბუნებრივ ბარიერს.

„ჩვენ ახლა გაგვიჩნდა შანსი და ეს არის ერთადერთი შანსი, მგონი, ჩვენ ამის შემდეგ შანსი არ გვექნება, რომ ხელისუფლება და ოპოზიცია შევთანხმდეთ იმაზე, რომ 5%-იანი ბარიერი, რომელიც არსებობს 2024 წლისთვის, ერთხელ და სამუდამოდ, ჩამოვწიოთ და მივუახლოვოთ ბუნებრივ ბარიერს. ჩვენ თუ ახლა ამას არ გავაკეთებთ, ფაქტობრივად, ქვეყანას ვტოვებთ ორპარტიული მმართველობის - „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ ქვეშ. სწორედ, ეს მიჩენს მე მთავარ ეჭვს იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობაა“ ის ძალები, რომლებსაც არ უნდათ შეთანხმება და რომელთაც უნდათ შეინარჩუნონ ის ბარიერი მუდმივად, რომელიც მხოლოდ ორ ძალას ამყოფებს ამ ქვეყნის პარლამენტში“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ როდესაც მანდატების შეწყვეტამდე რამდენიმე დღით ადრე, ოპოზიციის მიერ მოთხოვნილ და პოლიტპატიმრებად შერაცხულ კარტოგრაფებს ათავისუფლებ, ამას რომ პოლიტიური კონტესტი მიეცემა, გასაკვირი არ უნდა იყოს. ძაბირაძე ამბობს, რომ ახლა ხელისუფლებამ რამდენიც არ უნდა ამტკიცოს, რომ ეს დამოუკიდებელი სასამრთლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებაა, ოპოზიცია ამას მაინც პოლიტიკურ ელფერს მისცემს.

მისი თქმით, ასევე მივიღეთ მეორე სურათი, როცა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით შეთანხმებას მიაღწიეს და ხელისუფლებამ თავის მხრივ გარკვეული ნაბიჯები გადადგა იმისთვის, რომ „მოქლაქეები“ პარლამენტში შევიდნენ. თუმცა ანალიტიკოსი ამაში პრობლემას ვერაფერს ხედავს, რადგანაც მიიჩნევს, რომ ყველა თავის პოლიტიკური მიზნების განხორციელებისთვის იბრძვის და ხელისუფლება ყველას აჩვენებს, რომ ის ქმედით ნაბიჯებზეა გადასული.

„ალეკო ელისაშვილი პარლამენტში შესვლა საკმაოდ რისკიანი გადაწყვეტილებაა. ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად ელისაშვილის და მისი პარტიის მომავალ პოლიტიკურ კარიერაზე ასახვას ჰპოვებს. თუმცა ყოველთვის ვაფასებდი ადამიანებს, რომლებსაც რისკიანი და გაბედული ნაბიჯის გადადგმა შეუძლიათ. თუ ელისაშვილი თვლის, რომ საარჩევნო კოდექსთან მიმართებაში ცვლილებები მიღწევადია, მაშინ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. აქ საუბარი იმაზე არაა ოპოზიცია რას იტყვის, აქ მთავარი ისაა, საზოგადოება რას იტყვის, როგორ აღიქვამს მის გადაწყვეტილებას და თავად ელისაშვილი „ოცნებას“ პარლამენტში როგორ ოპონირებას გაუწევს. ის შედის პარლამენტში, მაგრამ გარკვეული პირობებით. მას თავის ამომრჩეველთან გასამართლებელი საბუთი აქვს. უბრალოდ „ოცნებას“ რამდენად ენდობა ელისაშვილი და რამდენად შეიძლება მისი მოთხოვნები შესრულდეს?“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, არაა გამორიცხული, რომ ელისაშვილის ამ ნაბიჯმა პატარა პარტიების ნაწილში ბოიკოტის მიმართ განწყობა შეცვალოს. ძაბირაძე ამბობს, რომ რადგანაც თავიდანვე ოპოზიციამ შეცდომა დაუშვა და ბოიკოტი გამოაცხადა, ახლა ნათქვამის გადათქმა უჭირთ და საკუთარი გადაწყვეტილების ტყვეობაში არიან მოქცეულები. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ „ოცნებას“ პარლამენტში მარტო დარჩენა არ უნდა, ენმ-ს კი ქუჩაში მარტო ყოფნა არ სურს. ამიტომ ორივე მათგანი ამ პატარა პარტიებით მანიპულირებენ და მათ ერთმანეთის წინააღმდეგ თამაშში იყენებენ. ეს პატარა პარტიები თავიდანვე უნდა მიხვედრილიყვნენ, რომ სხვის თამაშს თამაშობდნენ და უნდა მიეღოთ ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ინტერესებს ემსახურებოდა და მათ პოლიტიკურ მომავალს არ დაასამარებდა.

„ოცნებას“ უნდა, რომ პატარა პარტიები პარალმენტში შევიდნენ და პარტიის პალიტრა შეიცვალოს. თუმცა არ მგონია, რომ მას პარლამენტში 113 დეპუტატის ყოფნა უნდა, რადგანაც 2024 წელს 5%-იანი ბარიერის შეცვლა არ აწყობს. ასევე არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობასაც“ ამიტომაც ეს ორი პოლიტიკური ძალა საკუთარი ინტერესებისთვის პატარა პარტიებს იყენებენ. ოპოზიცია რეალურად რომ გეგმას და ტაქტიკას მიყვებოდეს, მათ უფრო რთული პოლიტიკური თამაში შეუძლიათ. ის, რომ ენმ-ს ბოიკოტი ხელს აძლევს გასაგებია, მაგრამ გაუგებარია, ეს პატარა პარტიებს რაში აწყობთ. ამ პარტიებს ორივესთან თავის და ქვეყნის სასარგებლოდ უნდა ევაჭრათ. ამას ვერ ხვდებიან და სხვა რაღა უნდა ქნან, მე არ ვიცი“, - აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.

პოლიტიკური საკითხების ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი for.ge-სთან აცხადებს, რომ კარტოგრაფების გათავისუფლება პოლიტიკური შეფერილობისაა, ხოლო რატომ გააკეთა ეს „ოცნებამ“ და რაში ჭირდებოდა მეცნიერების გათავისუფლება, ეს უკვე სხვა საკითხია. ზურაბიშვილი ამბობს, რომ თავისთავად კარგი ფაქტია და არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მას ვინ და როგორ გამოიყენებს. რაც შეეხება ელისაშვილის პარლამენტში შესვლას, ანალიტიკოსი ამბობს, რომ გააჩნია ამას საზოგადოება როგორ აღიქვამს. ამ ნაბიჯმა შეიძლება პოლიტიკური დივიდენდებიც მოუტანოს და შეიძლება პირიქით, პოლიტიკურად დაასამაროს. ამიტომ ზურაბიშვილი მის ამ ნაბიჯს გამბედავს და რისკიანს უწოდებს.

„ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, ელისაშვილი პარლამენტში როგორ მოიქცევა და ხელისუფლებას რა სახის ოპონირებას გაუწევს. თუ ის ხელისუფლების სერიოზული ოპონენტი იქნება, ამით მოიგებს და თვითმმართველობის არჩევნებზე მისი პოზიცია, ალბათ, ყველაზე ძლიერი იქნება. თუ ის როგორც „ოცნების“ სატელიტი ისე გამოჩნდება, როგორც პოლიტიკოსი განულდება. რაც შეეხება ამ პატარა პარტიების პოზიციას და საუბარს იმაზე, რაში სჭირდებათ მათ ქუჩაში დარჩენა, ორი უკიდურესობა გაჩნდა. ერთი, რომ ნაწილი მათგანი კარგად მიხვდა ქუჩაში დარჩენით ვის თამაშსაც თამაშობენ, მაგრამ ნათქვამ სიტყვას ვეღარ გადადიან. ბოიკოტზე ისეთი კატეგორიულობით დაიფიცეს და მოთხოვნების იმხელა თამასა აწიეს, რომ საკუთარი თავი ჩიხში მოაქციეს. დარწმუნებული ვარ, „ნაციონალებიც“ უკვე ხვდებიან, რომ ქუჩაში დარჩენას აზრი არა აქვს, ამ სიტუაციიდან ვეღარ გამოდიან. ელისაშვილიც გაცილებით ბევრს მოიგებდა თავიდანვე რომ ეთქვა, პარალმენტში შევდივარ და ქუჩაში დარჩენა წამგებიანად მიმაჩნიაო. ბოიკოტის მუქარა ასეთი კატეგორიული არ უნდა ყოფილიყო. მათ პირდაპირ ხელისუფლებას კაპიტულაცია მოსთხოვეს. „ოცნება“ ან დაგვნებდეს და ჩაგვბარდეს ან კიდევ პარლამენტში არ შევალთო“, - აცახდებს ზურაბიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამაზე ხელისუფლება რომ არ დათანხმდებოდა, ეს კარგად უნდა სცოდნოდათ. ზურაბიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია იმთავითვე ისეთ დაპირისპირებაზე წავიდა, მაშინ ამას მრავალათასიანი გამოსვლები და მღელვარება უნდა მოჰყოლოდა. ეს კი არ მოხდებოდა და არც მოხდება, რადგანაც ჩვენი მოსახლეობა პოლიტიკური კონტექსტით უკვე დიდი ხანია გარეთ აღარ გამოდის. ამიტომ ახლა ოპოზიციას მხოლოდ ერთიანობის ილუზია დარჩა და ამას ებღაუჭებიან. რა თქმა უნდა, ელისაშვილის პარლამენტში შესვლა მათ დააზიანებს და თავად პარტიის შიგნითაც ბევრი სკეპტიკოსი გაჩნდება.

Aburjga Tasmanieli ბიჯო, ელისაშვილო სამშობლოს მოღალატე მელაშვილის ციხიდან გამოყვანა რა საჭირო იყო იმისათვის, რომ ხალხის არჩეული 2 კაცი საქართველოს პარლამენტში რომ შესულიყავით?! არაკაცურად იწყებ საკუთარ საპარლამენტო "მოღვაწეობას!
3 წლის უკან
kolxi რა სირიც არის, ისე იწყებს!!!...
ვინმეს თუ ჰგონია რომ ეგ ნორმალურია, ვაი იმის პატრონს!!!...
3 წლის უკან
kolxi ნახავთ ცოტა ხანში, რა ხვითოც ბრძანდება...
3 წლის უკან