„მალტას თავად არ აქვს სამყოფი ვაქცინა, ასე რომ, სააკაშვილის განცხადება იყო პოლიტიკურ სარჩულზე აგებული ტყუილი ინფორმაცია“

„მალტას თავად არ აქვს სამყოფი ვაქცინა, ასე რომ, სააკაშვილის განცხადება იყო პოლიტიკურ სარჩულზე აგებული ტყუილი ინფორმაცია“

საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა ვიდეო, სადაც აცხადებს, რომ მან ქვეყანას ვაქცინა უშოვა და საჭიროა მოლაპარაკება მალტის ხელისუფლებასთან, რადგან ამ ქვეყანას ვაქცინა ჭარბი რაოდენობით აქვს.

ექს-პრეზიდენტს პარლამენტისა და ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძე for.ge-თან საუბრისას პასუხობს და აცხადებს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან თავად მალტას არ გააჩნია საკმარისი მარაგის ვაქცინა.

კახაძის თქმით, ქვეყანაში ვაქცინა უახლოეს მომავალში შემოვა და მოქალაქეების ვაქცინაცია ნებაყოფილობით მოხდება.

საქართველოს პარლამენტის ვაქცინასთან დაკავშირებით კანონს იღებს, ამ დროს ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებას უკრაინიდან ვაქცინასთან დაკავშირებით „რჩევა-დარიგებას“ აძლევს და მიმართავს მთავრობას, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დახმარება მალტის ხელისუფლებას სთხოვოს...

- საქმე ასე მდგომარეობს - არსებობს ინფორმაცია, რომელსაც ფასი აქვს, ჩემდა სამწუხაროდ, არის ინფორმაცია, რომელიც გამოყენებულია სხვა თემის ასაგორებლად. სააკაშვილის განცხადების ფონზე, მალტაც უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდა და მოსახლეობამაც არასწორი ინფორმაცია მიიღო. მალტას არ აქვს იმდენი ვაქცინა, რომ საკუთარი მოსახლეობის მოთხოვნილება დააკმაყოფილოს.

თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ევროკავშირის ქვეყნებსა და მსოფლიოს იმ ქვეყნებს, რომლებსაც შესაძლებლობა ჰქონოდათ, რომ თავად დაეკვეთათ ვაქცინა, მათთვის არსებობს ჰუმანიტარული წესი, რომ საკუთარი მარაგიდან ვაქცინა სხვას უწილადონ, მაგრამ, ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ამას ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ინფორმაცია არ დადასტურდა და ამასთან სტატიები გამოქვეყნდა, რომ თავად მალტას არ აქვს სამყოფი. ასე რომ, ეს იყო პოლიტიკურ სარჩულზე აგებული ტყუილი ინფორმაცია.

მიხეილ სააკაშვილის განცხადების პარალელურად გავრცელდა ინფორმაცია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემოტანის თვალსაზრისით, საქართველოს პრობლემა აქვს, რადგან „ასტრა ზენეკამ“, რომლის ვაქცინაც თებერვლის ბოლოდან უნდა შემოსულიყო, განაცხადა, რომ საკმარისი რაოდენობის ვაქცინას ვერ აწარმოებს. ამ მხრივ მთავრობას რა ინფორმაცია აქვს და საქართველოში რა ვაქცინა შემოვა?

- საქართველოს ხელისუფლებამ თადარიგი დაიჭირა და ამ თადარიგის დაჭერაში ყველაზე მაღალი მოთხოვნა დააწესა - ეს ნიშნავს, რომ ჩვენთან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ ავტორიზირებული ვაქცინა შემოვა. ეს არის მაღალი თამასა, რომელიც ამა თუ იმ ფარმაკოლოგიურ პროდუქტს თან უნდა ახლდეს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნის შიგნით არის ვაქცინა აკრედიტირებული და იქ ხდება ვაქცინაცია, მაგრამ ჩვენ გვექნება მხოლოდ საერთაშორისოდ ნებადართული ვაქცინა. პირველ რიგში „ფაიზერი“ შემოვა, შემდეგ „ასტრა ზენეკა“ და „მოდერნა“. ჩვენ ვართ გაერთიანებული კოვიდპლატფორმაზე, სადაც დაახლოებით 150 ქვეყანაა გაერთიანებული და რომლებიც წინასწარი განაცხადის ფონზე, ვაქცინის მოლოდინში არიან. ჩვენმა მთავრობამ თადარიგი წინასწარ დაიჭირა, თანხა გადარიცხა და ველოდებით შემოსვლას. ვაქცინისთვის ინფრასტრუქტურა მომზადებულია, ასევე განაწილების პრიორიტეტები დასახულია, ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი მომზადებულია. ჩვენ იმ ქვეყნების რაოდენობაში შევდივართ, სადაც ვაქცინაცია მაღალ დონეზეა, რადგან კალენდარულ ვაქცინაციას ვახდენთ, თან ძალიან წარმატებულად.

ვაქცინის მოხმარების რეგულაციასთან დაკავშირებით პარლამენტის მიერ მიღებული კანონი ძალაში როდის შევა და რომ ჩაშალოთ, კონკრეტულად რა რეგულაციებზეა საუბარი?

- ახლა კანონიც დავაწიეთ და ძალაშიც შევა. ეს ნიშნავს, რომ სახელმწიფო მოსახლეობის მიმართ უდიდეს პასუხისმგებლობას იღებს. პირველი - უზრუნველყოს რაოდენობრივად, შემდეგ პრიორიტეტები განისაზღვროს. ასევე, ამ ყველაფერს წინ უძღვოდეს სწორად გამართული საგანმანათლებლო მუშაობა, რადგან ვაქცინაცია ძალდატანებით არ იქნება.

თქვენ ამბობთ, რომ ვაქცინაცია ძალდატანებით არ მოხდება. ვაქცინის გაკეთება ბევრს არ სურს და ამ მხრივ როგორ დარეგულირდება ვაქცინაციის პროცესი, თუ მოსახლეობამ უარი განაცხადა მის გაკეთებაზე?

- ამას წინ ვერ აღუდგები, რადგან ეს მარტო ჩვენთან არ ხდება. მსოფლიოში არსებობს მოწინააღმდეგეთა ბანაკები, რომლებსაც თავიანთი მოსაზრება გააჩნიათ. ჩვენი მიზანი რა არის - ჩვენი მოსახლე ჩვენი პარტნიორია და ისინი თვალებში გიყურებენ და მათ ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა სჭირდებათ. არავითარი დახურული თემა არ უნდა არსებობდეს. პარლამენტის სხდომაზეც საჯაროდ განვაცხადე, რომ უამრავი პლატფორმა არსებობს, არსებობს მედია საშუალებები და მოსახლეობა ყველაფრის საქმის კურსში უნდა ჩავაყენოთ. მოსახლეობას ვთხოვ, თუ რამე კითხვა გაუჩნდებათ, მოგვაწოდონ და ჩვენ არგუმენტირებულ პასუხს გავცემთ.

რაც მთავარია, მინდა გითხრათ, ვიდრე ვაქცინა ჩვენთან შემოვა, უკვე 80 მილიონი ადამიანია აცრილი და ჩვენთან რომ შემოვა, დაახლოებით 150 მილიონი ადამიანი იქნება აცრილი.

თქვენ თანხა ახსენეთ, რომ თანხა გადარიცხულია ვაქცინის შესაძენად. რომ გვითხრათ, საქართველოს ბიუჯეტს რა დაუჯდა ვაქცინის შეძენა?

- ზუსტად ციფრებს ვერ გეტყვით, რადგან ეს აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციაა. ჯანდაცვის სამინისტრო ღიაა და მათ ვებ-გვერდზე ნათლად არის გაწერილი. დოზებიც და გადახდილი თანხებიც წერია. ეს გამჭირვალე პროცესია.

(for.ge. დაინტერესდა იყო თუ არა აღნიშნული ინფორმაცია საჯარო. მოპოვებული მასალებით ირკვევა: ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იმუნიცაზიის პროგრამა წლის ბოლომდე 18 წელზე ზევით მოსახლეობის 60%-ის მოცვას გულისხმობს, რაც დაახლოებით 1.7 მლნ მოქალაქის ტოლია. ვაქცინაციის პირველ ეტაპზე, სამედიცინო პესონალის 65% (46 520 მუშაკი), ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარების 60%-ის (1 560 მოქალაქე) და 75 წლისა და ზემოთ ასაკის მოქალაქეების 60%-ის (136 080 მოქალაქე) აცრა იგეგმება. შემდეგ ეტაპზე ვაქცინას 65-74 წლის ასაკის მოქალაქეები (197 510) მიიღებენ. მათ ძირითადი სერვისების მიმწოდებელი ჯგუფები (108 224) და 55-64 წლის ასაკის მოქალაქეები (287 040) მოჰყვებიან. ამ შემთხვევაშიც მათი მოცვის მაჩვენებელიც 60% იქნება. ჯანდაცვის უწყება 18-54 წლის ქრონიკული დაავადებების მქონე პირების ასევე 60%-ის (53 640) ვაქცინაციას გეგმავს. ამის შემდეგ, კუთვნილ ვაქცინას მოსახლეობის სხვა ჯგუფების 60% (860 740 პირი) მიიღებს.

წინასწარი შეფასებით, ვაქცინაციის ეროვნული გეგმისთვის საჭირო ბიუჯეტის მინიმალური ღირებულება 64 333 622 ლარი, მაქსიმალური კი – 158 190 243 ლარი იქნება.)