ხუთშაბათს, 29 იანვარს 51 ოპოზიციონერ დეპუტატს შესაძლოა საპარლამენტო უფლებამოსილება შეუწყდეთ. სწორედ დღეს არის რიგგარეშე სესია, სადაც გადაწყვეტილებას კენჭს უყრიან. ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში გამოითქვა მოსაზრება, რომ ამ თარიღის მოახლოებასთან ერთად, ოპოზიციის ნაწილის მკვეთრი პოზიცია და განცხადებები შერბილდა და კონკრეტულ პოლიტიკოსებს მანდატები არ ეთმობათ.
თუმცა, ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ცდილობს საზოგადოება დაარწმუნოს, თითქოს ოპოზიციურ სპექტრში მანდატის გაუქმების საკითხთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, რაც რეალობას არ ასახავს.
საუბარია ასევე იმის შესახებ, რომ სესიამდე ერთი დღით ადრე კარტოგრაფების ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილი გათავისუფლება გირაოს სანაცვლოდ, შესაძლოა კომპრომისი იყოს იმისა, რომ „რადიკალური ფრთა“ საბოლოოდ საკანონმდებლო ორგანოში ვიხილოთ.
ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ მანდატების შეჩერება-არშეჩერების საკითხი არსებულ პოლიტიკურ მოცემულობას არ ცვლის. თანაც, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდზე მივიდნენ, რაც „ქართულ ოცნებასთანაა“ დაგეგმილი და კვლავ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები.
შესაბამისად, გამოდის, რომ ოპოზიციას პარლამენტის მაგივრად კვლავ ქუჩაში, საპროტესტო აქციებზე ვიხილავთ. ამის ფონზე, მიუხედავად იმისა, რომ „ქართულ ოცნება“ ამბობს, „დღევანდელ სესიაზე ოპოზიციონერ დეპუტატებს უფლებამოსილებას შეუჩერდებათ“, ასევე აღნიშნავენ, რომ მოლაპარაკებების საკითხი ჯერ კიდევ მიმდინარეობს.
ანალიტიკოს ვახტანგ ძაბირაძისთვის გაუგებარია ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებმა საბოლოოდ რა ასახვა უნდა ჰპოვოს. როგორც მან For.ge-სთან აღნიშნა, ოპოზიციურ სპექტრში არ არსებობს ერთსულოვნება.
„ირწუმებიან და იფიცებიან, რომ არ შევლენ პარლამენტში. ოპოზიციაში რომ არ არის ერთსულოვნება, თუნცად „გირჩისგან“ გამომდინარე, გასაგებია, მაგრამ ერთი და იგივე ხალხი აკეთებს ხან უფრო მკვეთრ განცხადებას, ხან ნაკლებად მკვეთრს. აქედან რაიმე სერიოზული დასკვნის გამოტანა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. არ ვიცით, საბოლოო ჯამში, რას იზამენ და როგორ. ამიტომ მიჭირს ასეთ თემებზე საუბარი“, - განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ For.ge-სთან.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ გირაოს სახით, ნატალია ილიჩოვას და ივერი მელაშვილის გამოშვება შესაძლოა ერთ-ერთ მთავარ კომპრომისად მივიჩნიოთ და ოპოზიციის ნაწილმა სწორედ ამის საფუძველზე შეცვალოს საკუთარი გადაწყვეტილება.
„არ მაქვს იმედი, რომ ამ დეპუტატებიდან რომელიმე შევა პარლამენტში. მოვისმინე პარლამენტის თავმჯდომარის და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების განცხადებები, მათ აქვთ იმედი, რომ ნაწილი შევა პარლამენტში. როგორც ჩანს, ისინი ფლობენ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა განწყობები არის ოპოზიციაში, რადგან უშუალოდ ესენი არიან მათთან კონტაქტში. იმ განცხადებიდან გამომდინარე, რაც მოვისმინე ამ დეპუტატებისგან, ასეთ რამეს არ ველოდები.
არის ოპოზიციაში დეპუტატების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება არ იდგეს ისეთ პოზიციაზე, როგორზეც მისი რადიკალური ნაწილი: გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და ნიკა მელია... თუმცა, მიჭირს ამ ეტაპზე რაიმე კონკრეტული ვარაუდის გამოთქმა ინფორმაციის დეფიციტის პირობებში.
მათი ბოლო განცხადებებიდან ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ხელისუფლების და ოპოზიციის ლოიალური ნაწილი ბოლო მომენტამდე კარებს ღიად იტოვებენ კომპრომისისთვის. ილიჩოვას და მელაშვილის გამოშვება გირაოთი, შეიძლება იყოს გარკვეული კომპრომისი, რომელმაც შესაძლოა, ოპოზიციონერთა ნაწილს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება“, - თქვა ანჯაფარიძემ.
For.ge-ს კითხვაზე, შესაძლოა თუ არა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მოიძებნონ დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას მიიღებენ, აღნიშნა, რომ შეიძლება, თუმცა, ის პოლიტიკოსები მზად უნდა იყვნენ თანაპარტიელების მხრიდან ყველანაირი თავდასხმისთვის და შესაბამისად, თავის დასაცავადაც.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ უფრო გამოვყოფდი იმ დეპუტატებს, რომლებიც აქტიურად არ არიან ჩართული პოლიტიკურ პროცესებში. მაგალითად ისინი, ვინც ბიზნესიდან მოვიდნენ ან ისინი, ვინც ბოლო დროს „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ არიან თანხვედრაში გარკვეულ ღირებულებით თუ მსოფლმხედველურ საკითხებზე. თუმცა, ესეც ძალიან პირობითი დაშვებაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ არის ნახევრად გასამხედროებული ორგანიზაცია, სადაც არის ძალიან მკაცრი დისციპლინა და შიდა კონტროლი. ხომ ვნახეთ რა უყვეს ორ დეპუტატს საკუთარი აზრის გამოთქმის გამო ერთ-ერთ ინციდენტზე. ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მათგანი გაბედავს და პარლამენტში შევა, მათი მხრიდან სერიოზული პოლიტიკური ნაბიჯი იქნება. ამით მათ, პრაქტიკულად, მზადყოფნა უნდა გამოაცხადონ იმისთვის, რომ დიდი ხნის განმავლობაში იქნებიან კომპრომატების, შეტევის და ბულინგის ობიექტი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.