ხელისუფლება ოპოზიციას პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით მოსაფიქრებლად დამატებით რამდენიმე დღეს აძლევს. ოპოზიციონერი დეპუტატების მანდატების გაუქმებამდე, თეორიულად, რამდენიმე სამუშაო დღე რჩება - საკითხი პარლამენტის სხდომაზე 2 თებერვალს უნდა გავიდეს, თუმცა ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს იმას, რომ ოპოზიციონრებს მანდატები გაუუქმდებათ. გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა, „ოცნებამ“ კენჭისყრა ჩააგდოს და დეპუტატების ნაწილმა კენჭისყრას მხარი არ დაუჭიროს. ამის შესახებ მინიშნებები მმართველი გუნდის დეპუტატების ნაწილისგან კეთდება. კენჭისყრას მხარს ასევე პარლამენტში შესული ერთადერთი ოპოზიციური პარტია „ევროპელი სოციალისტებიც“ არ დაუჭერენ. ისინი „ოცნებასაც“ იმავესკენ მოუწოდებენ.
მანდატის გაუქმებას 51 დეპუტატი ითხოვს, ერთადერთი ვინც ოპოზიციის კვოტით ამ დრომდე პარლამენტში შევიდა „ევროპელი სოციალისტები“ არიან. საპროცედურო კომიტეტმა უკვე0 მხარი დაუჭირა შალვა ნათელაშვილისა და ლევან ხაბეიშვილისთვის დეპუტატობის უფლებამოსილების შეჩერებას, იგივე გადაწყვეტილებას კანონმდებლები დანარჩენი დეპუტატების შესახებაც მიიღებენ.
საპარლამენტო ოპოზიციის განცხადებით, ისინი 2 თებერვალს ოპოზიციისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარს არ დაუჭერენ და გარდა ამისა ამბობენ, რომ აქვთ გარკვეული სახის საუბრები „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, რომ რაიმე ფორმით მათ 2 თებერვალს აღნიშნული საკითხი სესიაზე ჩააგდონ.
კონკრეტულად ვის ესაუბრებიან „ევროპელი სოციალისტები“ უცნობია, რადგანაც ისინი საკითხთან დაკავშირებით დეტალურად არ საუბრობენ. დეპუტატი დავით ზილფიმიანი
ამბობს, რომ ინტენსიური მუშაობა აქვს დაწყებული „ოცნების“ დეპუტატებთან და ცდილობს დაარწმუნოს ისინი, რომ კენჭისყრა ჩააგდონ. დეპუტატი იმედს არ კარგავს, რომ ოპოზიციის ნაწილმა შეიძლება აზრი შეიცვალოს საბოტაჟთან დაკავშირებით - „მათ ადგილები უნდა ჰქონდეთ, რომ დაბრუნდნენ პარლამენტში“, - ამბობს ზილფიმიანი.
„ქართული ოცნება“ მოლაპარაკებებიდან არც წასულა, ეს პროცესი გრძელდება და იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში“, – განაცხადა თემის კომენტირებისას უმრავლესობის დეპუტატმა, დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, ოპოზიციისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ უჭერს და ფიქრობს, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული.
„2 თებერვლამდე კიდევ დროა და შესაძლებელია, ბევრი გადაწყვეტილება იყოს მიღებული... ეს საკითხი გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე, როგორც შემოგითვალეს ოპოზიციიდან. საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, მაგრამ ჩემი აზრით, იქნება თავისუფალი კენჭისყრა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.
შესაძლებელია თუ არა ოპოზიციონერ დეპუტატებისთვის საპარლამენტო მანდატების გაუქმების ვადის გადავადება - „ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი აღნიშნავს, რომ შესაძლებელია, თუკი იარსებებს „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ნება.
„მე მჯერა, რომ ოპოზიცია შევა პარლამენტში“, - ამბობს იაგო ხვიჩია. „გირჩის“ ლიდერს სჯერა, რომ მოლაპარაკებების რესურსი ჯერ არ ამოწურულა, ხოლო ოპოზიციონერ დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლა სურთ.
„იმდენად ხშირად ამბობენ არ შევალთო, რომ თუ მართლა არ გინდა შესვლა, ამდენჯერ არ იტყოდი. უმეტესობას პარლამენტში უნდა შესვლა და რაღაც ძალა არ უშვებს. ნაცვლად იმისა, რომ ამ ძალის დაძლევაში დაეხმარონ ოპოზიციას, მანდატები შეუწყვიტონ, არასწორია, არაკოლეგიურიც არის“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
მისი თქმით, საჭიროა საუბარი იმაზე თუ რა ძალა აკავებს ოპოზიციონერებეს.
„ევროპული საქართველოს“ წევრი არმაზ ახვლედიანი კი მიიჩნევს, რომ ეს ვადა უნდა იყოს გამოყენებული სიტუაციის გადატვირთვის და ამისათვის აუცილებელია ოპოზიციამ გაიაზროს რეალობა და არარეალური მოთხოვნები არ დააყენოს.
„ყველა ტექნიკურ საკითხს, კანონსაც კი, მით უმეტეს ასეთი მწვავე პოლიტიკური კრიზისის პირობებში, აღემატება პოლიტიკური ნება. თუ ასეთი პოლიტიკური ნება იარსებებს, შესაძლებელია, გადავადდეს, მაგრამ გადავადება არ არის პრობლემის მოგვარება. თუ გადავადდება, გადავადების ის მცირე პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ მოხდეს ამ ვითარების გადატვირთვა. ოპოზიციამაც უნდა გავიაზროთ რეალობა და არ შეიძლება ისეთი მოთხოვნის დაყენება, რაც არარეალურია. არ შეიძლება ფორსირება, არ შეიძლება მოსთხოვო ხელისუფლებას, რომელიც დღეს დე ფაქტო ხელისუფლებაა, რომ გინდა თუ არა ახლა, გაზაფხულზე, შემოდგომაზე, ჩატარდეს ახალი არჩევნები, მე გონივრულ ვადაზე ვსაუბრობ. ჩემთვის ამოსავალი ისაა და ამ მიზნით, მზად ვარ მოლაპარაკება გავმართო ვისთანაც გნებავთ, ნებისმიერ ფორმატში, ერთი პირობით: თუ ჩვენ გადავდგამთ ნაბიჯებს იმისთვის, რომ საქართველოში დაიწყოს არა მოჩვენებითი, რაც დღემდე გვქონდა, 20 წლის განმავლობაში, მოჩვენებითი, ფასადური კვაზი დემოკრატია, აქედან უნდა გამოვიდეთ. ყველა ნაბიჯს, რაც აქეთკენ იქნება მიმართული, მივიღებ და ტაშს დავუკრავ და ამის განმუხტვის ერთადერთ გზად, გონივრულ ვადაში მესახება ახალი არჩევნების ჩატარება. იქნება გაიმარჯვოს „ოცნებამ“ და მაშინ ყველა ვაღიარებთ, ოღონდ, იმ ახალ არჩევნებთან უნდა მივიდეთ გამართული საარჩევნო სისტემით და დემოკრატიული საარჩევნო გარემოთი“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან არ გამორიცხავს, რომ პარლამენტმა ოპოზიციას შანსი კიდევ მისცეს და კენჭისყრა ჩააგდოს. ამის შემდეგ კი კანონით ოპოზიციიდან დეპუტატები ისევ პარლამენტის წევრები რჩებიან. საყვარელიძე ამბობს, რომ პარლამენტს, როდესაც რაიმე კანონის მიღება არ უნდა, მსგავსი ტაქტიკა არაერთხელ გამოუყენებია. ამიტომაც არაა გამორიცხული, რომ იგივე ფორმას ხელისუფლებამ ახლაც მიმართოს. საყვარელიძე ამბობს, რომ ეს საკმაოდ პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება იქნება, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ამასთანავე ხელისუფლება ამით დამატებით ქულებს ჩაიწერს,
საზოგადოების და დასავლეთის თვალში უფრო ბევრი არგუმენტები ექნება იმისთვის, რომ ოპოზიციის პარლამენტში შესაყვანად ყველაფერი გააკეთა. ანალიტიკოსი ამბობს, რომ პარლამენტში არშესვლით ყველაზე მეტად ოპოზიცია ზიანდება, რადგან ხელისუფლებას ეს სამართლებრივად არანაირ პრობლემებს არ უქმნის. რაც შეეეხება პოლიტიკურ დისკომფორტს, „ოცნება“ ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პარლამენტში ოპოზიციის არშესვლა მას არ დაბრალდეს.
„არ არის გამორიცხული, რომ „ოცნებამ“ კენჭისყრა ჩააგდოს და ოპოზიციის მოთხოვნა მანდატების გაუქმებაზე არ დააკმაყოფილოს, კიდევ ერთხელ მისცეს შანსი, რომ ოპოზიციამ სახელმწიფოებრივად იაზროვნოს და არა პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. საერთოდ, როცა ხელისუფლებას რაიმე კანონის მიღება არ უნდა, მას კენჭისყრაზე აგდებს. ხელისუფლებას მათი არშესვლით არ მგონია რომ დიდი დისკომფორტი ან პრობლემები ექმნება. უბრალოდ ეს იქნება გარკვეული უხერხულობის შემქმნელი სიტუაცია, თუმცა ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ თავის გასამართლებელი საბუთი ჰქონდეს. ეს იქნება პრაგმატული და პოლიტიკურად სწორი გადაწყვეტილება.
ოპოზიციას აქვს გათვლა, რომ დასავლეთში ერთპარტიული პარლამენტი გარკვეულ მწვავე განცხადებებს გამოიწვევს და ხელისუფლების მიმართ დამოკიდებულება შეცვლება. თუმცა საკითხავი ისაა, ეს ვის უფრო დააზიანებს. ხელისუფლებას თუ - მთლიანად ქვეყანას. ერთპარტიული პარლამენტი „ოცნების“ ბრალი არაა. ამიტომაც მიმაჩნია, რომ ხელისუფლება მათ ამის თქმის საბაბი არ უნდა მისცეს. ამასთანავე ველი, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რიგი საკითხებიდან გამომდინარე, მიეცემათ საშუალება, რომ პარლამენტში შევიდნენ“, - აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რთული სათქმელია თავისუფალი კენჭისყრის პირობებში რომელი დეპუტატი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. აბაშიძე ამბობს, რომ გამორიცხული არაფერია, რადგან რამდენიმე დეპუტატმა თქვა, რომ კოლეგებისთვის მანდატების გაუქმებას მხარს არ დაუჭერენ. ამასთანავე ანალიტიკოსი რამდენიმე პარტიისგან ხედავს სურვილს და მზადყოფნას, რომ პარლამენტში შევიდნენ. ამიტომაც თუკი ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, რომ მათ შანსი დამატებით მისცეს, ეს გასაგები იქნება.
„რთული სათქმელია კონკრეტულად თავისუფალი კენჭისყრის შემთხვევაში რომელი დეპუტატი რა გადაწყვეტილებას მიიღებს. არის ხოლმე საკითხები, რომელზეც პარტიის შიგნით თანხმდებიან, რომ მხარი აუცილებლად უნდა დაუჭირონ. თუმცა არის საკითხები, რომლის გადაწყვეტილებაშიც დეპუტატები თავისუფლები არიან და შეუძლიათ დამოუკიდებლად იმოქმედონ. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება და ვნახოთ, შესაძლოა რამდენიმე დეპუტატმა მხარი არც დაუჭიროს. ოპოზიციური პარტიების ნაწილისგან უკვე გაისმა საუბარი იმაზე, რომ თუკი ხელისუფლება მათ დამატებით კიდევ დროს მისცემს, ცუდი არ იქნება. ასევე კარტოგრაფების საქმე შესაძლოა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების საბაბიც გახდეს. ბევრი ოპოზიციონერი, ალბათ, ამას პარლამენტში შესასვლელადაც გამოიყენებს. ვნახოთ, შესაძლოა, მოლაპარაკების სხვა გზებიც გამოინახოს და დარწმუნებული ვარ, რომ ამ დღეებში დეპუტატების ნაწილი პარლამენტში შევა“, - აცხადებს აბაშიძე for.ge-სთან.