ნათელაშვილი და ხაბეიშვილი დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩნენ – ვინ იქნება შემდეგი?

ნათელაშვილი და ხაბეიშვილი დეპუტატის მანდატის გარეშე დარჩნენ – ვინ იქნება შემდეგი?

შალვა ნათელაშვილს და ლევან ხაბეიშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შუწყდათ. „ლეიბორისტული პარტიის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მმართველი გუნდის ექვსმა წევრმა დაუჭირა. კომიტეტის დასკვნა 2 თებერვლის პლენარულ სხდომას წარედგინება.

სწორედ 2 თებერვალს დადგება ოპოზიციონერი დეპუტატების სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით საკითხი კენჭისყრაზე. საჭირო იქნება 76 დეპუტატის მხარდაჭერა. კომიტეტის თავმჯდმომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს ხალხმა ხმა მისცა, რომ საკუთარი უფლებამოსილება შეასრულონ პარლამენტში. რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ეს 2 თებერვალს გახდება ცნობილი.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერს, შალვა ნათელაშვილს, მისი განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს ხელახალი არჩევნებიც რომ დანიშნოს, ოპოზიციის მხრიდან ახლა პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

„განცხადება დაწერილია, სია ჩახსნილია. პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნება. რომც გამოაცხადონ ხელახალი არჩევნები 2021 წელს, ამ უკანონობის ლეგიტიმაცია უფრო მეტი დანაშაული იქნებოდა“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ნათელაშვილმა და ხაბეიშვილმა სხვებზე ადრე მიმართეს პარლამენტს, მათთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით და კომიტეტმა მათ საკითხზე პირველ რიგში ამიტომ იმსჯელა. რაც შეეხება დანარჩენ 49 დეპუტატს, საკითხის განხილვა კომიტეტის სხდომაზე დღეს არის დაგეგმილი.

ამასთან, ცნობილია, რომ მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდი 2 თებერვლამდე უნდა შედგეს, რადგან სწორედ ამ დღესაა ჩანიშნული სესია, სადაც მანდატების შეწყვეტის საკითხზე უნდა იმსჯელონ. ოპოზიციაში კი ტაქტიკას არ ცვლიან, პროცესების გამწვავებას აანონსებენ და ღიად საუბრობენ რევოლუციურ სცენარზე. მმართველი გუნდი ბარიერგადალახულ პარტიებს მოუწოდებს, რომ დაუბრუნდნენ საპარლამენტო ცხოვრებას.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, პარლამენტმა უნდა იმუშაოს ზუსტად ისეთი სახით, როგორითაც ის საზოგადოებამ აირჩია. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ოპოზიციას კიდევ რჩება დრო, რომ საკუთარ გადაწყვეტილებებს გადახედოს.

„მანდატების საკითხი რიგგარეშე სესიაზე არ განიხილება, ჩვენ განვაცხადეთ, რომ მაქსიმალურად გამოვიყენებთ დროს, რათა ჯანსაღი ოპოზიციური ძალებისთვის კარი ღია დავტოვოთ, რათა ისინი შემოუერთდნენ საპარლამენტო პოლიტიკურ პროცესს. ჩვენი, საზოგადოების უდიდესი ნაწილის, საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრების პოზიცია გახლავთ ერთიანი – დემოკრატია ეს არის მონაწილეობა და მონაწილეობის სრული ბოიკოტირება შეუთავსებელია დემოკრატიასთან, სწორედ ამიტომ, ყველა მოუწოდებს ოპოზიციას გაითვალისწინოს საკუთარი მხარდაჭერების ნება და შევიდნენ და იმუშაონ პარლამენტში“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ წევრი, ვიცე–სპიკერი გიორგი კახიანი ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ხელმძღვანელობა უნდა მოხდეს იმ პრინციპით, თუ რა იქნება საერთო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ზოგადად, ქვეყნისთვის უკეთესი. მისი თქმით, მმართველმა გუნდმა პროცედურულად მაქსიმალურად გაწელა დრო იმისთვის, რომ ოპოზიციისთვის მანდატების შეწყვეტის პროცესი გახანგრძლივებულიყო. კახიანი იმედოვნებს, რომ პლენარულ სხდომამდე პროცესი ქვეყნის ინტერესების სასარგებლოდ წარიმართება.

„ზოგადად რა გადაწყვეტილებას მიიღებს პარლამენტი, ამას დრო გვაჩვენებს. არიან უმრავლესობის წარმომადგენლები, რომელთაც ჩამოყალიბებული პოზიცია აქვთ და ისინი მხარს დაუჭერენ უფლებამოსილების შეწყვეტას, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც, მე არ გამოვრიცხავ, რომ ვიდრე 2 თებერვლამდე, როცა აღნიშნული საკითხი სესიაზე გავა, უმრავლესობის შეკრება მოხდეს და ჩვენ ამ საკითხს კიდევ ერთხელ განვიხილავთ და საერთო პოზიციაზე შევჯერდებით. ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ იმით, რა იქნება საერთო ჯამში საპარლამენტო ცხოვრებისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის უკეთესი“, – აღნიშნა გიორგი კახიანმა.

ვიცე–სპიკერი დავით სერგეენკო უმრავლესობის იმ ჯგუფს წარმოადგენს, რომელიც მხარს არ უჭერს ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას. როგორც უმრავლესობის წევრი განმარტავს, ახლანდელი მდგომარეობით სულისკვეთება ერთი და იგივე აქვს ყველას – მაქსიმალური შანსი მიეცეს ყველას, რომ კარი არ დაიხუროს.

„მოლაპარაკებებიდან „ქართული ოცნება“ არც წასულა, მოლაპარაკებები გრძელდება და მე მაინც მრჩება იმედი, რომ ოპოზიციის ნაწილი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ შემოვიდეს პარლამენტში. მე არ დავუჭერდი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს ახლანდელი მდგომარეობით, რადგან ვფიქრობ, რომ ყველა შესაძლებლობა უნდა იყოს გამოყენებული – კონსულტაცია, მოლაპარაკება იმისთვის, რომ დეპუტატები შემოვიდნენ პარლამენტში.

ცალსახა პოზიცია ამ წუთის მდგომარეობითაც არ არის. განსხვავებული პოზიციებია და დღევანდელი შეხვედრები და კონსულტაციები სწორედ ამას მიეძღვნება. ალბათ იქნება აზრთა სხვაობა და კონსულტაციები იმისთვის, რომ შევჯერდეთ ერთ პოზიციაზე. განწყობა ყველას ერთი აქვს, თუმცა, ეს განწყობა სხვადასხვა მზაობაში გამოიხატება. გასაანალიზებელია ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და არა ისე როგორც შემოგითვალეს“, – აცხადებს დავით სერგეენკო.

ოპოზიციის წევრების უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის წინააღმდეგ მისცემს ხმას უფრაქციო დეპუტატი დავით ზილფიმიანი, რომლის განცხადებით, საქართველო პატარა ქვეყანაა, სადაც ყველა ერთმანეთს მეტ–ნაკლებად იცნობს. შესაბამისად, დეპუტატი ფიქრობს, რომ რაღაც შეღავათი, ვადა შემოსვლაზე დასაფიქრებლად უნდა მიეცეს ოპოზიციურ სეგმენტს. კერძოდ კი მათ, ვინც დესტრუქციას ბოლომდე არ გაჰყვება.

„ქვეყანაში მოქალაქეთა ღირსება სათანადოდ დაცული არ არის და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საკითხი რაღაც ფორმით საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს. ვნახეთ რა მოხდა ბათუმში, შვილიშვილის ტოლა ბიჭმა ამაზრზენი ქმედება განახორციელა“, – აცხადებს დავით ზილფიმანი.

„ლელო საქართველოსთვის“ წევრი ანა ნაცვლიშვილი განმარტავს, რომ „ქართული ოცნება“ რაც უფრო მალე დააკმაყოფილებს ოპოზიციის განცხადებებს, მით უფრო სწრაფად მოაწერს ხელს საბოლოოდ ერთპარტიული პარლამენტის შექმნას. ნაცვლიშვილის თქმით, ოპოზიცია იმ ღირებულებებისა და იმ პრინციპების ერთგული დარჩა, რის ირგვლივაც გაერთიანდა 31 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ.

„ჩვენ გავაგრძელებთ პოლიტიკურ მოღვაწეობას იმისთვის, რომ საქართველო შედგეს, როგორც დემოკრატიული და ეკონომიკურად ძლიერი სახელმწიფო. ამის ძალიან ბევრი ინსტიტუტი არსებობს და პარლამენტის სკამი არ არის ის ერთადერთი, საიდანაც შეგიძლია, ემსახურო ადამიანის უფლებებს.

რადგან ჩვენ უარი ვთქვით მანდატებზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია მიდის სახლში, ეს იმას ნიშნავს, რომ იწყება სრულიად ახალი ეტაპი, დადგა ქართულ პოლიტიკაში გადატვირთვის დრო, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ იმაზე უფრო ხალხთან ახლოს მდგომი და ხალხზე ორიენტირებული პოლიტიკა, ვიდრე ოდესმე ამ 30 წლის განმავლობაში. დღეს, მთავარი ამოცანა არის, განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი. ჩვენ არ ვაპირებთ, რომ მივცეთ ლეგიტიმაცია გაყალბებულ არჩევნებს. საჭიროა გადატვირთვა და ეს გადატვირთვა იქნება ახალი არჩევნები“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

პოზიციას არ იცვლის „ნაციონალური მოძრაობა“. ატია დეკანოიძის განმარტებით, მათი პოზიცია ნათელია – არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას ამ პარლამენტს.

„ეს არის ჩვენი პოზიცია, თუ კეთილგონივრული წინადადებით მოვა „ქართული ოცნება“, რა თქმა უნდა, მას მოვუსმენთ. შეიძლება არიან იმის იმედზე, რომ კიდევ ვიღაც შევა პარლამენტში, ჩვენთვის მოცემულობა არ იცვლება ამ კუთხით“, – აცხადებს ხატია დეკანოიძე.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას შეფასებით, თავის დროზე მოლაპარაკების მაგიდიდან „ქართული ოცნება“ ადგა და მათ ფორმალური პასუხი არ გაუციათ ოპოზიციის გონივრულ კომპრომისულ წინადადებაზე.

„ამიტომაც არის ჩვენს განცხადებაში მკაფიო პოზიცია, რომ რეალურად უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებას იმის გააზრებით, რომ ვადამდელი არჩევნებია გამოსავალი. ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილი და მისი გარემოცვა პოლიტიკური არარაობების და კლოუნების, არ არის ამისთვის მომწიფებული და ამას სავარაუდოდ დასჭირდება დამატებითი სამოქალაქო პროტესტი და ამ პროტესტის გამწვავება და გაზრდა, წნეხი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ“, – აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

ანალიტიკოსის ვახტანგ ძაბირაძის განცხადებით, პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე უარის თქმა, „ქართული ოცნებისთვის“ ყველა ვარიანტში პოლიტიკურად წამგებიანი იქნება. მისივე შეფასებით, პარლამენტმა შეიძლება ნაწილს შეუწყვიტოს უფლებამოსილება, ნაწილს – არა. დაიწყონ პროცესი და ცოტა გადავადება მოხდეს.

„თუ კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას რომ ეს პროცესი გაჭიმონ, გაჭიმავენ. მაგრამ პროცესის გაწელვა და ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსიების შეწყვეტის საკითხზე უარის თქმა „ქარული ოცნებისთვის“ პოლიტიკურად წამგებიანი იქნება ყველა ვარიანტში. თუ გარანტია არ გაქვს, რომ კონკრეტული დეპუტატი, თუ მას უფლებამოსილებას არ შეუწყვეტ, გარკვეული დროის შემდეგ პარლამენტში შემოვა, მაშინ ჯობს დღესვე შეუწყვიტო და დაასრულო ეს პროცესი. ამას ოპოზიცია გამოიყენებს იმისთვის და მუდმივად იქნება ლაპარაკი, რომ „ქართულ ოცნებას“ ეშინია ერთპარტიული პარლამენტის“, – ამბობს ვახტანგ ძაბირაძე.

 

Aburjga Tasmanieli ბიჯო-ბიჯო... ბიიჯოო! არ ქნათ მაი! ხაბეიშვილი და ნათელაშვილი თუ არ შევიდნენ პარლამენტში ხომ დევიღუპეთ??!!
3 წლის უკან