NDI-ის მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვით, ქვეყანაში პოლიტიკური პარტიებიდან კვლავ სახელისუფლებო პარტია ლიდერობს. კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა შეხედულებებთან ყველაზე ახლოს „ქართული ოცნება“ დგას. რეიტინგის მიხედვით ადგილები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნება-31%, „ნაციონალური მოძრაობა“-10%, „ევროპული საქართველო“-4%, „პატრიოტთა ალიანსი“ – 3% და სხვა პარტიები 1%. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ თითქმის ყველა სოციოლოგიურ კვლევაში წამყვან ადგილს იკავებს, პოლიტოლოგი დემურ გიორხელიძე დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავს. For.ge-სთან ინტერვიუში გიორხელიძე ამბობს, რომ აღნიშნული კვლევები ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს ვერ ასახავს, ამიტომ ხელისუფლებას მეტი ყურადღება მართებს.
დემურ გიორხელიძე: რაღაც განსაკუთრებული აქცენტირება ამ კვლევებზე არ შეიძლება. თუ ყველაფერი იდეალურადაა ჩატარებული, ეს მაჩვენებელი „ქართული ოცნებისთვის“ მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ქართველ ამომრჩეველთა შორის ბევრი ფრთხილობს და ისევ შეჩვეული ჭირისკენ იხრება, ეს ფაქტორია ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ არ მგონია, ეს ციფრი ნიშნავდეს რეალურ მხარდაჭერას. ჩვენ ვხედავთ, რომ მდგომარეობა მიდის პოლიტიკური კრიზისისკენ და „ქართული ოცნება“ ასე მარტო ბევრს ვერაფერს მიაღწევს, უფრო გართულდება სიტუაცია, მით უმეტეს, რომ ქვეყნის გარეთ არის საშინელი მძიმე გეოპოლიტიკური დაპირისპირება, ეს ყველაფერი თავისთავად აისახება საქართველოზე. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ საქმე დასამშვიდებლად აქვს „ქართულ ოცნებას“ და ამ გამოკითხვის შემდეგ, დღევანდელი ოპოზიცია გულგატეხილი მაინც არ დარჩება.
თუმცა, ჩვენ გვახსოვს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდშიც ყველა ჩატარებული კვლევა არსებული ხელისუფლების სასარგებლოს დებდა შედეგებს, ეს ბუნებრივია, ახსოვს საზოგადოებას, რაც თავისთავად აჩენს ადამიანებში გარკვეულ ეჭვებს და უნდობლობას...
- თუ ვინმე ფიქრობს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო ინსტიტუტი საქართველოში შემოსულია ქართული კულტურის, ქართველი ხალხის ინტელექტუალური დონის, მეცნიერების, განათლების და ეკონომიკის განვითარებისათვის, ძალიან ცდება. ამ ადამიანებს აქვთ თავიანთი პოლიტიკური მიზნები, ისინი ფინანსდებიან ძალიან მაღალი წყაროდან, ყველაფერის დაფინანსება ხდება შეერთებული შტატების ბიუჯეტიდან. ბუნებრივია, თავად ამ ორგანიზაციებს შეხება არ აქვთ ხელისუფლებასთან და თქმა იმისა, რომ ესენი სახელმწიფო მიზნებს ახორციელებენ, სწორი არ არის, იმიტომ რომ სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და საქართველოსთან ურთიერთობის არანაირი პრობლემა მათ არ აქვთ. მაგრამ სისტემა აწყობილია ისე, რომ აქვს თავისი მიზნები. საუბედუროდ, საქართველოში არ მოიძებნა არავინ, ვინც დააფინანსებდა პროფესიულ, კვალიფიციურ, პასუხისმგებლობის მქონე და წესიერ სოციოლოგიური კვლევით ორგანიზაციას. ავტორიტეტი ვერავინ ვერ შეიქმნა, რადგანაც ყველანი სერვის-ფუნქციაზე და ფულის კეთებაზე გადავიდნენ. არც ერთი სოციოლოგიური კვლევა ქართველების მიერ გაკეთებული არ უმჯობესდება, ყველაფერი კეთდება დაკვეთის დონეზე. თვითონაც თითქმის ყველა ორგანიზაცია ნულოვანი ავტორიტეტის მქონეა და ჩვენ ვიღებთ იმას, რომ გარედან მოსული ორგანიზაციები საკუთარ მიზნებს ახორციელებენ.
სტრასბურგის მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია, როგორ ფიქრობთ, ამ გადაწყვეტილების გამოქვეყნების შემდეგ, საერთაშორისო არენაზე თუ შეიცვლება სიტუაცია საქართველოსთან მიმართებაში, ანუ, უფრო აქტიური და ქმედითი თუ გახდება ჩვენი მხარდაჭერა?
- სტრასბურგის გადაწყვეტილებაც, და მომავალში თუ იქნება ჰააგის გადაწყვეტილებაც, შეიძლება იყოს წმინდა პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი, რომელიც კიდევ უფრო დაძაბავს ურთიერთობას არა საქართველოსთვის. საქართველო არ არის გლობალური მოთამაშე, საქართველოს პრობლემები აქვს საკუთარი პოლიტიკური ხელისუფლებების ძალიან არასწორი გადაწყვეტილებებით, რომელიც ყოველთვის აცილებული არის გეოპოლიტიკურ კონტექსტს, არადა მსოფლიოში ყველა მოვლენა გეოპოლიტიკური დაპირისპირებების ფონზე მიმდინარეობს, მთავარ მოთამაშეთა შორის. ჩვენ ვცდილობთ, რომ ვიყოთ კარიკატურულად მთავარი მოთამაშე, ანუ ვითამაშოთ ერთ მხარეს, რომ დავამარცხოთ მეორე მხარე. ამან საქართველოს მოუტანა ის, რომ ასი წლის გამავლობაში სწორედ გეოპოლიტიკური კონტექსტების არცოდნის გამო, საქართველომ დაკარგა ნახევარზე მეტი ისტორია და დღესაც აზრზე ვერ მოდის და კიდევ უფრო მეტი დიდი დანაკარგებისთვის ემზადება. პოლიტიკური დაპირისპირება მსოფლიოში დღეს იმდენად ხისტია და იმდენად საშიში ფორმებია, რომ დანდობა არავის მიმართ არ იქნება, არც ერთი მხრიდან. ამიტომ, ჯობს, რომ საქართველოში პოლიტიკოსებმა იფიქრონ იმაზე, თუ როგორ გაატარონ დანის პირზე ქართული სახელმწიფო, რომ როგორმე დავიცვათ და მომავალში მის განვითარებაზე ვიფიქროთ.
ამ დროს, საგარეო პოლიტიკური მიმართულება აბსოლუტურად ნულზეა დასული, რა შედეგებს ველოდებით?
- ჩემთვის, „ნაციონალური მოძრაობა“ არ არის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საზომი. „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს თუ აკეთებს რაიმეს, ეს თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის და „ქართული ოცნების“ დანაშაულია. რვა წლის განმავლობაში მათ გამოკვებეს და ფეხზე დააყენეს, რვა წლის განმავლობაში ყოველდღიური მისი ხსენებით რეკლამას უკეთებდნენ მათ. ამიტომ, მე უფრო სხვა პრობლემები მაწუხებს და არა „ნაციონალური მოძრაობის“ საქციელი. ასევე, საინტერესოა რას ფიქრობს ხელისუფლება. მინდა გითხრათ, რომ ამ ორი თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლებამ უზარმაზარი შეცდომები დაუშვა.
რა შეცდომას გულისხმობთ?
- თუ გნებავთ იგივე სომხეთ-აზერბაიჯანის ომთან მიმართებაში. მდგომარეობა რთულია და კიდევ უფრო გართულდება. ამიტომ, ასე მარტივად არ არის საქმე. ზედაპირზე არ დევს არაფერი, მაგრამ პროცესები სერიოზულია. ხელისუფლება განსაზღვრავს ქვეყანაში პოლიტიკურ კლიმატს. რაკი კლიმატი არასწორია, ე.ი. ამაში დამნაშავეა არა „ნაციონალური მოძრაობა“, არამედ ქვეყნის ხელისუფლება.
თქვენ გლობალურ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობთ, ამიტომ, ამ კლიმატის შექმნა წინასწარ ხომ არ იყო დაგეგმილი?
- არის პოლიტიკაში მოვლენები რომელიც სიღრმეშია და საზოგადოებისთვის დაფარულია. ჩვენი საზოგადოება მიეჩვია ზედაპირულ აზროვნებას, ზედაპირული ფაქტებით დასკვნების გაკეთებას და ჩვენ გვაქვს ძალიან საშიში მდგომარეობა ქვეყნისთვის. ამიტომაც არ მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის ქვეყანაში ამინდის შემქმნელი. ამდენად მას არ შეუძლია ქვეყნის ბედი გადაწყვიტოს, ამისთვის არის ხელისუფლება და ვხედავთ რვა წლის განმავლობაში რაც გაკეთდა, მიზანმიმართულად. თუ გასასამართლებელი და დასასჯელი იყო, გაეკეთებინა ღია სასამართლოები, თუ არადა, ყოველდღე საუბარი იმაზე, რომ „ნაცმოძრაობა“ დამნაშავეა, ეს არის პოლიტიკური დემაგოგია და სხვა არაფერი.
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა დღემდე საკამათო თემაა. საზოგადოების აზრი გაყოფილია, ნაწილი თვლის, რომ საბოლოოდ წავიდა პოლიტიკიდან, ნაწილი მის მეორედ მოსვლის მოლოდინშია, მაგრამ რას ნიშნავს, როდესაც აკეთებ ასეთ განცხადებას და კომუნიკაციის უფლება უტოვებ მხოლოდ ძალოვანი უწყების წარმომადგენლებს? ეს ნამდვილად ტოვებს კითხვის ნიშნებს, როგორ ფიქრობთ, რა ხდება რეალურად?
- ეს არის თემა, რომელიც ზერელობის გამო, ფაქტობრივად, უყურადღებოდ არის დატოვებული. რეალური მიზეზები ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლისა არის გაცილებით ღრმა და მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილმა თავის დროზე დაუშვა უდიდესი შეცდომა, ეს მის არაპოლიტიკოსობაზე მიუთითებს, როდესაც აიღო პასუხისმგებლობა და შემდეგ ხელისუფლებიდან წავიდა. ამას მოყვა შემდეგ მის მიერ შერჩეული ხალხის მიერ შიდა ინტრიგა, რომელიც ცოტამ თუ იცის საქართველოში და ლამის გადატრიალება მოუწყვეს. იმიტომ, რომ როდესაც პოლიტიკიდან მიდიხარ და გინდა გარედან მართო, ასე არ გამოდის, რადგანაც, შენ არანაირი პოლიტიკური ბერკეტი და გავლენა არ გრჩება გარდა ტელეფონისა, რომ დაურეკო ხელისუფლების წარმომადგენლებს. პოლიტიკა ცოტა სხვანაირადაა აწყობილი. ძალიან ცოტამ იცის, როცა მას მისივე ხალხი ჩამოცილებას უპირებდა. დაახლოებით იგივე მზადდებოდა ახლა, პლუს მან დაუშვა შეცდომა როდესაც, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების დროს, დაეკითხა ადამიანებს, რომლებსაც გარდა ზედაპირული აზროვნებისა არაფერი გააჩნიათ. ივანიშვილი მიხვდა რა სიტუაციებიც იყო, თუმცა ამ ცუდი სიტუაციების შექმნა მისი ბრალიცაა, ღრმა პოლიტიკური მიზეზების გამო ვფიქრობ, რომ მან თავი აარიდა მეორე შიდა ინტრიგას, რომელსაც მისი შერჩეული ხალხი მოუწყობდა, ეს იყო მისი პოლიტიკიდან გარიდების მიზეზი.
ერთი ძალიან საინტერესო რამ თქვა ივანიშვილმა, რომელმაც სამომავლოდ კითხვის ნიშნები დატოვა, რომ მას დარჩა ოცნება, მოვიდეს ისეთი ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ ოპოზიციაში გადაიყვანს. შესაძლოა, ახალი ძალა შემოიყვანოს პოლიტიკურ ველზე?
- ნებისმიერი შემოყვანილი ძალა პოლიტიკურ სცენაზე ისეთივე უვარგისი იქნება, როგორი უვარგისიც არის „ქართული ოცნება“, პოლიტიკაში ასე არ ხდება. პოლიტიკაში მოდიან მსოფლმხედველობის მქონე ლიდერები, რომლებსაც შეუძლიათ საკუთარი ოპოზიციონერობით გააკეთონ ის, რომ გაიჩინონ მომხრეები და იყვნენ საპირწონე. სწორედ ეს საპირწონე მოსპო ბიძინა ივანიშვილმა შუა გაკრეფის, ძალიან ცუდი პოლიტიკით. დატოვა მხოლოდ მის ხელთ რაც იყო. რატომ უნდა უკვირდეს დღეს ბიძინა ივანიშვილს „ნაციონალური მოძრაობის“? რა ოცნებები აქვს ივანიშვილს, რა თქმა უნდა, ეს მისი პიროვნული ოცნებებია და შედავების უფლება ნამდვილად არავის არ აქვს, მაგრამ ვხედავთ, ეს შემოყვანილი ძალები ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენენ ქვეყნისთვის.
მაშინ რა მიზანი ჰქონდა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლას, სააკაშვილის პირადი შუღლი, ბიზნეს ინტერესები თუ ეს ისევ გლობალურ პოლიტიკურ ვალდებულებებს უკავშირდება?
- საქართველოში ყველაფერი პრიმიტიულად ესმით. პრიმიტიული არც მისი მოსვლა იყო ემოციით და შურისძიების მიზნით, და არც მისი წასვლაა სხვა პიროვნული მოსაზრებებით განპირობებული. პოლიტიკა არის პოლიტიკა, სადაც არასწორი ნაბიჯები იდგმება, ყოველთვის დგება ასეთი შედეგი. ამიტომ, საერთოდ რაში ვარგა ის პოლიტიკოსი და პოლიტიკური ძალა, ვისაც ვინმე მოიყვანს პოლიტიკაში! პოლიტიკაში სხვა რამე ხდება, ამიტომ თუ ეს უნდოდა, ბიძინა ივანიშვილს ისეთი გარემო უნდა შეექმნა, რომ დაბალანსებული და მსოფლმხედველობის მქონე ჯგუფები გაჩენილიყო. მაგრამ ყველა რესურსი და ყველა სივრცე გადაიკეტა და ჭკვიანი პოლიტიკური ლიდერები დაელოდებიან უკეთეს დროს. ძალა, რომელიც „ქართულ ოცნებას“ გადაიყვანს ოპოზიციაში, ეს თავისთავად ჩამოყალიბდება და ამაში ბიძინა ივანიშვილის როლი ნაკლები იქნება.
ამჟამინდელი მთავარი ოპოზიციის ადგილს სად ხედავთ?
- პოლიტიკაში ნებისმიერი პარტია დამოკიდებულია საკუთარ პოზიციაზე და მხარდამჭერებზე. ყოველდღიურმა რეკლამამ თავისი საქმე გააკეთა. პოლიტიკური ძალა, რომელმაც კატასტროფული შეცდომები დაუშვა, როდესაც ხელისუფლებაში იყო, სწორედ, „ოცნების“ წყალობით, დღესაც შენარჩუნებულია და ისე გაკეთდა, რომ დღეს ყველაზე ორგანიზებული ისევ „ნაციონალური მოძრაობაა“. ამიტომ, რატომ უნდა გვიკვირდეს ვინმეს თუ ისინი აქტიურობენ?
რამდენად გაართმევს თავს ივანიშვილის გარეშე დარჩენილი „ოცნება“ ამ რთულ გამოწვევებს?
- „ქართული ოცნება“ ეს არ არის პოლიტიკოსთა ჯგუფი, არც ერთი პოლიტიკოსი იქ არ არის, შემთხვევითი ხალხია იქ. ესეც ივანიშვილის მეორე დანაშაულია. თუ პოლიტიკოსი ხარ, არ იცი, რომ ასეთ ადამიანებს არ უნდა დაუტოვო ქვეყანა? იმიტომ, რომ ამ განსაკუთრებულად რთულ სიტუაციაში, როდესაც ქვეყნის სათავეში მყოფ ადამიანებს ნულოვანი ბეგრაუნდი აქვთ. მათ არ უცხოვრიათ პოლიტიკური ცხოვრებით, ეს ადგილები არ მოუპოვებიათ თავისი დაუღალავი შრომით, არამედ საჩუქრად მიიღეს ივანიშვილისგან, ამ ადამიანებს არ უნდა დაუტოვო ხელისუფლება, იმიტომ რომ საშიშია. კრიტიკულ სიტუაციაში გამოცდილი პოლიტიკოსები უშვებენ შეცდომას და აქ რა შედეგი უნდა მივიღოთ?