მოექცა თუ არა ენმ-ის თავმჯდომარე ნიკა მელია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გავლენის ქვეშ უკვე, ხოლო საუბარი იმის შესახებ, რომ ის დამოუკიდებელი ლიდერია და ოპოზიციის გაერთიანება შეუძლია, მხოლოდ ილუზია აღმოჩნდა? რატომ შეიცვალა ოპოზიიცის ნაწილში მელიას მიმართ დამოკიდებულება და დაუშვა თუ არა მან შეცდომა, როდესაც ბათუმის ინციდენტთან დაკავშირებით ენმ-ის ერთ-ერთი წევრი დაიცვა? აქტივისტმა, რომელმაც აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს თავზე ნაგავი დააყარა, მელიამ ასეთი შეფასება მისცა: „არ შეიძლება მომწონდეს ადამიანს ნაგავს რომ აყრიან, ან ნაგავში აგორავებენ, მაგრამ ძალიან კარგად მესმის იმ ადამიანების მრისხანების, რომლებიც იმ პოლიტიკოსებზე ბრაზდებიან, რომლებიც ხელისუფლების მხრიდან საზოგადოების, ოპოზიციის აბუჩად აგდებას არაფრად აგდებენ“, - წერს ნიკა მელია სოცილაურ ქსელში.
„გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ ნიკა მელიას დამოუკიდებლობაში ეჭვი შეიტანა არ დარჩენია შთაბეჭდილება, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისში დამოუკიდებელი წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს. ის დარწმუნებულია, რომ ნიკა მელიას არ შეუძლია, წინ აღუდგეს მიხეილ სააკაშვილის ნებას.
ამ განცხადების შემდეგ ხვიჩიამ თქვა, რომ მას ნიკა მელიამ დაურეკა და მოეჩვენა, რომ დაემუქრა. ხვიჩიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ თუ მართლაც დაემუქრა მას მელია, იარაღის ტარების უფლებას გამოიყენებს. ხვიჩიას ნათქვამი მისმა თანაგუნდელებმაც დაადასტურეს და აღმოჩნდა, რომ საუბრის დროს ხვიჩიას ტელეფონი ხმამაღალზე ჰქონდა ჩართული. ხვიჩიას ამ განცხადებას ნიკა მელია სოციალურ ქსელში ფოტოშარჟით გამოეხმაურა.
დანარჩენმა ოპოზიციამ ხვიჩიას ეს განცხადება ხუმრობად აღიქვა და იუმორნარევი კომენტარები გააკეთეს. თავად ხვიჩია კი ამ განცხადების შემდეგ მედიასთან აღარ გამოჩენილა.
„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ხვიჩიას ნათქვამი შესაძლოა სიმართლეს შეესაბამებოდეს, რადგან ენმ საკუთარი მიზნების შესასრულებლად ყველაფერზე წავა და ყველაფერს იკადრებს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან ოპოზიციაში დაწყებულ მწვავე დაპირისპირებას აფასებს და ამბობს, რომ მოლოდინი, თითქოს, ენმ-ის ახალი თავმჯდომარე ნიკა მელია მიხეილ სააკაშვილისგან დამოუკიდებლად იმოქმედებდა, არ გამართლდა. ანჯაფარიძე ამბობს, რომ წარმოუდგენელია სააკაშვილმა მელიას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება მისცეს და ბოლო დღეებში „გირჩის“ ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც ამას ცხადყოფს. მელიას, რომელსაც ოპოზიცია დადებით ფიგურად ახასიათებდა და ის შემრიგებელი ლიდერის როლს თამაშობდა, უცბად მდგომარეობიდან გამოვიდა და როგორც იაგო ხვიჩია ამბობს, მოეჩვენა რომ დაემუქრა.
„ვის სჯერა, რომ სააკაშვილი ენმ-ის მართვის და კონტორლის სადავეებს ხელს გაუშვებს და მას ნიკა მელიას გადააბარებს?! რა თქმა უნდა, არა, ეს ასე არ მოხდება და ამის მაგალითი ამ დღეებში დაწყებული კონფლიქტია. მელია ვერასდროს სააკაშვილის ალტერნატივა ვერ გახდება. რომ შევადაროთ მელია და სააკაშვილი ერთმანეთს, ფაქტია, მელია მესამე პრეზიდენტთან საერთაშორისო ცნობადობით, კავშირებით, ელექტორალური პოტენციალით და პოპულარობის მიხედვით, ახლოს ვერ მივა.
თუ ვინმეს ჰგონია, რომ რადგანაც მელიამ გლდანში 1%-ით კონკურენტს მოუგო, ეს მისი პოლიტიკური სიძლიერის მაჩვენებელია, ძალიან ცდება. უბრალოდ, სააკაშვილს ქვეყანაში მოვლენების რევოლუციური სცენარისკენ წაყვანა უნდა და ამას უკვე აღარ მალავს, ამიტომ პარტიის ლიდერად მელიასნაირი პირი სჭირდებოდა. მელია ასეთი ტიპის საქმეებში გამოცდილია. მან როგორც აჩვენა, ქუჩის აქციების მართვა და ლიდერობა კარგად შეუძლია. ასე რომ, მელია ვერასდროს სააკაშვილის კონტროლისგან ვერ გამოვა. ხოლო თუკი ამის გაკეთება დააპირა, მას ძალიან მარტივად, პარტიის მართვის სადავეებს ჩამოაშორებენ“, - აცხადებს ზაალა ანჯაფარიძე for.ge-სთან.
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მას იმედი ჰქონდა ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია, რადგანაც ახალგაზდა ლიდერი იყო, პარტიის შიგნით ახალ ხედვებს შეიტანდა და სულ სხვა მიმართულებით განვითარდებოდნენ. თუმცა ძალიან მწარედ შეცდა, რადგან მელიას განცხადებები, რომელიც ბათუმში მომხდარ ინციდენტს ეხებოდა, სადაც პოლიტიკოსს ნაგვის ურნა თავზე დაამხეს, მისთვის წარმოუდგენელი იმედგაცრუება აღმოჩნდა. მელიამ ფაქტიურად ფაშისტური განცხადებები გააკეთა და პათოსი ახალგაზრდა ლიდერისთვის სრულიად შეუფერებელი იყო. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ამით მოსახლეობამ კიდევ ერთხელ კარგად დაინახა, რომ ენმ-ის შეცვლა არ მოხდება და ისინი ისევ იმ ძალადობას ქადაგებენ, რასაც მთელი მმართველობის პერიოდში აკეთებდნენ.
„ის რაც ბათუმში მოხდა, საკმაოდ შემაშფოთებელი ფაქტია. მეორე შემაშფოთებელი ფაქტი კი ენმ-ის თავმჯდომარის განცხადება იყო. მელიამ ეს საქციელი გაამართლა, რაც ახალგაზრდა ლიდერისგან დაუშვებელი ამბავია. ყოველთვის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი ხოლმე, რომ ენმ-ისთვის სისხლიანი 9 წელი შეგვეხსენებინა. მათ ეს შეფასება 2012 წელს, როცა არჩევნებში დამარცხდნენ, მაშინ მიიღეს. ახლა, რაც ჩვენ ბათუმში ვნახეთ, ახალი სისხლიანი პერიოდის დასაწყისია.
ეს არის ძალადობის დაწყების ახალი კვირტები, როცა ადამიანს განსხვავებული აზრის და პოზიციის გამო ზურგიდან შეურაცხყოფას აყენებ, ჩვეულებრივი ფაშიზმია. მეორე უბედურება კი ისაა, რომ ამ დანაშაულის ჩამდენს პარტიის ლიდერი იცავს. ამით აჩვენებენ, რომ ვისაც განსხვავებული აზრი ექნება, ყველას გამოწერილი თავისი ნაგვის ყუთი ექნება. ფაშისტები კომუნისტებს და სოციალისტებს ასე დასდევდნენ და ამცირებდნენ. ასე რომ, ეს არის შემაშფოთებელი ფაქტი. ამიტომ ოპოზიციამ ცალსახად და მკაფიოდ ორი რამ უნდა გააკეთოს - „ოცნებას“ და ნაციონალებს გაემიჯნოს. ენმ-ის ამოცანაა, რომ ერთადერთი გამაერთიანებელი ძალა იყოს. ნიკა მელია ამას ცდილობს და, როგორც ჩანს, ბოლო დღეებში ნერვებმა უმტყუნა. ოპოზიცია ამას უნდა შეეწინააღმდეგოს და დისტანცირება უნდა მოახდინოს“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის „ოცნებაზე“ მეტად ენმ უფრო მიუღებელია. ამიტომ დანარჩენ ოპოზიციას სიფრთხილე სჭირდება, რომ ნაციონალების გავლენის ქვეშ არ მოხვდნენ და მოსახლეობის თვალში ეს პატარა ოპოზიციები არ განულდეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მას იმედი ჰქონდა ნიკა მელია, რადგანაც ახალგაზრდა, ენერგიული და თანამედროვე ლიდერი იყო, საზოგადოებას უფრო მეტ დემოკრატიას შესთავაზებდა. საბოლოო ჯამში კი ფაშიზმი შესთავაზა.
„მელიას ეს ფაშისტური სუნთქვა ცხვირში ძალიან ცუდად მეცა. ძალიან დამაფიქრებელი განცხადებები გააკეთა. ის, რაც ბათუმში მოხდა, იმდენად საზარელი ფაქტი არაა, რამდენადაც მელიას მხრიდან დამნაშავეზე ხელის გადასმა. იმის მაგივრად, რომ გაემტყუნებინათ და ეთქვათ, რომ ეს პარტიის გზა არ არის, პირიქით, წაახალისეს. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ნაციონალებს არაფერი არ ეშველებათ. ვიდრე ეს ხალხი ამ ბათუმის სინდრომს არ გადალახავს და არ იტყვიან, რომ ცუდი იყო, მანამდე მეც და სხვა ადამაინებიც ხალხს შევახსენებთ, თუ ხმას ვის აძლევენ“,-აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.
"ბათუმში მომხდარი შემთხვევა არის თავისუფლების გამოხატვის აქტი... რადგან ხშირად ვამბობთ ყოფით ურთიერთობებში, რომ „მთავრობა ნაგავია“ - ნაგვის დაყრა შეიძლება ჩაითვალოს ამ აზრის დემონსტრირებად."
როგორ მოგწონთ?!
უკაცრავად, მაგრამ საზოგადოების უმრავლესობა რომ ნეხვად მოიხსენიებს მავან ექსპერტებსა და უფლებადმცველებს, ნეხვი უნდა დააყარონ თავზე?!