„არ ვიცი ოპოზიციას რისი იმედი აქვს, მაგრამ საეჭვოა, რომ ჩვენი მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში გამოვიდეს“

„არ ვიცი ოპოზიციას რისი იმედი აქვს, მაგრამ საეჭვოა, რომ ჩვენი მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში გამოვიდეს“

საპროტესტო ტალღა და მოქალაქეების დაუმორჩილებლობა ხელისუფლების დაწესებულ შეზღუდვებს - შესაძლოა თუ არა ქვეყანაში კოვიდპანდემიის ფონზე სოციალური აფეთქება მივიღოთ, ამის პარალელურად კი აქციებს პოლიტიკური კონტექსტი მიეცეს და პოლიტიკოსებმა ეს სოციალური პროტესტი ხელისუფლების წინააღმდეგ პოლიტიკურ ბერკეტად გამოიყენონ? ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა, ქუჩაში ხალხმა არსებული შეზღუდვები და მძიმე სოციალური მდგომარეობა მართლაც გააპროტესტოს, თუმცა მატყუარა პოლიტიკოსების ნაწილის მოწოდებაზე ისინი ქუჩაში გასვლისგან მაინც თავს შეიკავებენ, მით უმეტეს, საქართველოში სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში მოსახლეობა ნაკლებად გამოდის.

24 იანვარს კი თბილისში ერთროულად 6-მდე საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც ორგანიზატორებმა და იქ შეკრებილმა მოსახლეობამ შეზღუდვების მოხსნა სხვადასხვა მიმართულებით მოითხოვეს: ზამთრის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა; სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელება და ყველა შშმ პირს მიეცეს თავისუფლად გადაადგილების საშუალება, საზოაგდოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობის შეზღუდვის მოხსნა; სახელოვნებო სივრცეების ფუნქციონირების აღდგენის მოთხოვნა; კომენდანტის საათის შემსუბუქების მოთხოვნა და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა ხელისუფლებას ამ მოთხოვნების შესრულებისთვის 48 საათი მისცეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, საჯარო დაწესებულების პიკეტირებას აანონსებენ და ამბობენ, რომ მთავრობის წარმომადგენლებს მუშაობის საშუალებას არ მისცემენ. მომდევნო აქცია სამშაბათს, 26 იანვარს გაიმართება.

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია for.ge-სთან ამბობს, რომ მოხდება თუ არა ქვეყანაში სოციალური აფეთქება, ამის პროგნოზირება წინასწარ ძალიან რთულია. მას იმიტომ ქვია აფეთქება, რომ ეს მოულოდნელი მოვლენაა, რომლის წინასწარ განჭვრეტა რთულია. ხვიჩია აცხადებს, რომ მას პირადად ნამდვილად აქვს იმის სურვილი, რომ ხალხი ქუჩაში გამოვიდეს, თუმცა სკეპტიკურად არის განწყობილი. მისი თქმით, მანამ სანამ ის პოლიტიკოსები, რომლებიც მოსახლეობას ადრე დარჩი სახლში მოუწოდებდნენ და საგანგებო მდგომარეობას ითხოვდნენ, ბოდიშს არ მოიხდიან, მანამდე ამ ხალხს მათი არ სჯერა.

„პოლიტიკოსებს, რომლებსაც საკუთარი შეცდომები არ უღიარებიათ, როგორ შეიძლება მოსახლეობა ენდოს? სანამ ესეთი ხალხი მსგავს თემაში ჩართულები იქნებიან, ადამიანებმა იციან, რომ ამ პოლიტიკოსების ნდობა არ შეიძლება. გულწრფელობა სადაც არ არის, იქ ნდობა ნაკლებია. ამიტომაც ვფიქრობ პოლიტიკოსების ასეთ აქციებს საერთოდ უნდა გაეცალონ და მარტო ხალხმა გააპორტესტოს. სხვა შემთხვევაში ჩვენს მოსახლეობას ბოდიში უნდა მოუხადონ. თუ ბოდიშით არ იწყებ, მაშინ რთულია ადამიანები აიყოლიო.

სამწუხაროდ, პოლიტიკოსებს ამ ქვეყანაში ნდობა არ დაუმსახურებიათ, მით უმეტეს პოლიტიკოსებმა ხალხს ისეთი რაღაც „გაუჩალიჩეს“, რომ ექიმები ყველაზე ამორალური მისიის შესასრულებლად გამოიყენს. ვინაიდან ხალხი პოლიტიკოსებს არ ენოდობოდა, მათ ექიმებს დაუძახეს და სისულელეები ალაპარაკეს. ფაქტობრივად, ჩვენ ექიმების რეცეპტით ვართ სახლში გამოკეტილები. სანამ ქართული პოლიტიკური სპექტრი ამას არ გაიაზრებს და სანამ თავიანთ სიტყვებს უკან არ წაიღებენ, არაფერი არ გამოვა და ხალხი ოპოზიციის მოწოდებებს არ დაუჯერებს“, - აცხადებს იაგო ხვიჩია for.ge-სთან.

მისივე თქმით, მას არ სჯერა ასეთი ფსევდო ბრძოლის, ვინაიდან

უკვე დიდი ხანია, ფაქტია, რომ ხალხი პოლიტიკოსებს გვერდით არ იყენებს და აქციებზე არ გამოდის.

„მიუხედავად ამისა, წარსულში ჩარჩენილი პოლიტიკოსები ამით შეურაცხყოფას საკუთარ ამომრჩეველს აყენებენ. ადამიანები, რომლებიც ქუჩაში არ გამოდიან, საარჩევნო ყუთთან მივიდნენ და ოპოზიციას ხმა მისცეს. აი, ამ ხალხის ნებას ეს პოლიტიკოსები არ ემორჩილებიან და ჯიუტად უნდათ, რომ ეს ხალხი მაინც ქუჩაში გამოიყვანონ, მაშინ, როცა ადამიანები საარჩევნო ყუთებთან მივიდნენ და ქუჩაში გასვლაზე უარი თქვეს.

იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებისგან მაქსიმალური წამოვიღოთ და ქართული პარლამენტალიზმი გადავარჩინოთ, ოპოზიცია და ხელისუფლება, გარდა „გირჩისა“, შეთანხმებით ქვეყნის 30-წლიან მონაპოვარს ანგრევს. ჩვენი პარტია პატარაა და არ გვაქვს იმის რესურსი, რომ ეს გავაჩეროთ. თუმცა გვაქვს იმის უნარი, რომ ხალხს გავაგებინოთ, ოპოზიცია და ხელისუფლება ამ დანაშაულს ერთმანეთთან შეთანხმებით აკეთებენ. სადაც პოლიტიკოსები თავზე ნაგვის დაყრას თავისუფალი აზრის გამოხატვად მიიჩნევენ, ჩვენ შევეცდებით საზოგადოებას ამ ყველფრის წინააღმდეგ მებრძოლ პოლიტიკურ ძალად თავი დავამახსოვროთ“,- აცხადებს for.ge-სთან ხვიჩია.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი თაკო ჩარკვიანი for.ge-სთან აცხადებს, რომ საქართველოში სოცილაური გაჭირვების გამო მოსახლეობა ქუჩაში ნაკლებად გამოდის. ბოლო გამოსვლების მიხედვითაც ეს არის ან რუსეთის თემა ან უსამართლობა. თუმცა, ჩარკვიანი ამბობს, რომ ქვეყანაში იმდენად მძიმე მდგომარეობაა, რომ არაა გამორიცხული, მოულოდნელად სოციალური აფეთქება მოხდეს და ყველანაირი პოლიტიკური მოწოდებების გარეშე ხალხი ქუჩაში თვითნებურად გამოვიდეს.

„ქვეყანაში იმდენად მძიმე სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობაა, რომ არ ვიცი, არაა გამორიცხული, რომ ქუჩაში ხალხი თვითონ გამოვიდეს. უბრალოდ ისტორიაც და ბოლო წლებიც გვიჩვენეს, რომ ხალხი ქუჩაში მხოლოდ რუსეთის და უსამართლობის გამო გამოდის. ასევე ბოლო დროს პოლიტიკური მოტივით ქუჩაში გამოსვლისგან თავს იკავებენ. ესეც, ალბათ, რიგი პოლიტიკოსების მიუღებლობის გამო ხდება. რა თქმა უნდა, ოპოზიციის შიგნით ვმსჯელობთ ამაზე, როგორ შეიძლება ეს გამოსწორებული იყოს. ალბათ, ბევრი იმედგაცრუების გამო ჩვენს მოსახლეობას პოლიტიკოსების ნდობა ძალიან უჭირს. თუმცა ეს ნდობა ისევ ჩვენი დასაბრუნებელია. არ ვიცი, იქნება თუ არა სოციალური აფეთქება, მაგრამ ხალხი რომ ამ გაჭირვებას დიდხანს ვერ გაუძლებს და რაღაცა ფორმით მას გააპროტესტებს, ფაქტია. მთავარია ჩვენ პოლიტიკოსებმა მოვძებნოთ მათთან კომუნიკაციის ის გზა, რომელიც მათ ნდობას დაგვიბრუნებს“,-აცხადებს ჩარკვიანი fo.ge-სთან.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ მიუხედავად დიდი გაჭირვების და სოციალური პრობლემებისა, საქართველოში თითქმის არ არსებობს იმის პრეცედენტი, რომ მოსახლეობა სოციალური გაჭირვების გამო ქუჩაში გამოსულიყო. მისი აზრით, ყველაფერი ახლა ასევე ხელისუფლების ქცევასა და გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. თუ საბედისწერო შეცდომები არ იქნება დაშვებული და ამ კრიზისული სიტუაციის რაღაცა ფორმით მართვა მაინც მოხდება, გამოსვლები იქნება, მაგრამ მისთვის ოპოზიციას პოლიტიკური კონტექსტის მიცემა გაუჭირდება.

„არ ვიცი ოპოზიციას რისი იმედი აქვს, მაგრამ საქართველოს ისტორიის მაგალითზე ძალიან იშვიათია, რომ ჩვენი მოსახლეობა სოციალური პრობლემების გამო ქუჩაში გამოვიდეს. თუ მაინც გამოვა და ეს კატასტროფული სიტუაცია ხელისუფლებამ ვერაფრით მოაგვარა, მაშინ მისთვის ოპოზიციას პოლიტიკური კონტექსტის მიცემა გაუჭირდება. ხალხი გამოვა თავისი პრობლემების გამო და არა იმის გამო, რომ ამას პოლიტიკური სარჩული მიეცეს და ვიღაცამ იხეიროს. გაზაფხულზე გამოსვლები იქნება, მაგრამ ხალხი ოპოზიციას გვერდით არ დაიყენებს. ალბათ, გვახსოვს ბევრი მსგავსი გამოსვლები პოლიტიკოსების გარეშე, სადაც მათ პროცესების ხელში ჩაგდების მცდელობა ჰქონდა, მაგრამ ეს ვერ შეძლეს. ხალხი არ ფიქრობს, რომ იმ პრობლემებს, რაც მათ აქვთ, ხელისუფლებაზე უკეთესად ეს ოპოზიცია მოაგვარებს. ბევრი პოლიტიკოსის მიუღებლობა აქვთ და ასევე კარგად ხვდებიან, რომ ბევრი იმედგაცრუების შემდეგ პოლიტიკოსებს აღარ უნდა ენდონ. აქციები, გამოსვლები იქნება, მაგრამ მის მართვას პოლიტიკოსები მგონია ნაკლებად შეძლებენ“, - აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.