„ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს ქვეყნის სტაბილურობას  დაუჭერს, მით უმეტეს კაპიტოლიუმში შეჭრა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა საკუთარ თავზე გადაიტანეს“

„ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს ქვეყნის სტაბილურობას  დაუჭერს, მით უმეტეს კაპიტოლიუმში შეჭრა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა საკუთარ თავზე გადაიტანეს“

ოპოზიცია „ცხელ გაზაფხულს“ აანონსებს და ხესლისუფლებას ჰპირდება, რომ მას უკან დახევა აუცილებლად მოუწევს. ამასთანავე ოპოზიციის მთავარი კითხვაა, თუ როგორ წაართვან „ქართულ ოცნებას“ ძალაუფლება - წავიდეს რევოლუციური გზისკენ ყველანაირი საერთაშორისო მხარდაჭერის გარეშე თუ მოსახლეობაში სოციალურ აფეთქებას დაელოდოს და გაბრაზებული ხალხით პირადი პოლიტიკური ინტერესები გაატაროს. „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ოპოზიცია გასაძლიერებელია, ვინაიდან ივანიშვილის კულისებში გადასვლა, ნიშნავს რომ ოპოზიციას სუსტად აღიქვამს.

თუმცა „ევროპელები“ და „ნაციონალები“ მიიჩნევენ, რომ ამერიკის ახალი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის მხრიდან „ოცნების“ ხელისუფლებაზე ზეწოლა გაძლიერდება და დასუსტებული მმართველი გუნდი იძულებული გახდება რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს.

ანალიტიკოსები for.-ge-სთან ოპოზიციას ამ მოსაზრებას ილუზიას უწოდებენ და ამბობენ, რომ პირიქით, ბაიდენის ადმინისტრაციიდან ოპოზიციიის რევოლუციურ სცენარს და ქვეყანაში დესტაბილიზაცისი მცდელობას მხადაჭერა არ ექნება. მათი მოწოდება კვლავ იქნება, რომ ისინი პარლამენტში შევიდნენ. ბაიდენი არაფრით იტყვის, რომ არჩევნები გაყალბდა. ამიტომაც ოპოზიცია ფუჭ იმედებს იქმნის, რაც სწორი პოლიტიკური ტაქტიკის შემუშავებაში ხელს უშლის.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი აქციებს აანონსებს. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და ოპოზიციასთან არანაირ კომპრომისზე არ წავა მაშინ გაზაფხული „ძალიან ცხელი“ იქნება.

ხაზარაძის თქმით, დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც, ვინაიდან სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს.

„ქართული ოცნება“ ერთპარტიულ პარლამენტში გააგრძელებს მუშაობას. დღეს გავიგეთ, რომ ერთ კვირაში ისინი აპირებენ მანდატების მოხსნას. ჩვენ ამ ყველაფრის ფონზე ვიღებთ ასეთ სურათს - გაყალბების პირობებში 48%-იანი პარტია „ქართული ოცნება“, იღებს თავის თავზე სერიოზულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რომ 52% ამომრჩეველს უთხრას უარი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვაზე. ეს არის დესტაბილიზაციისკენ მიმართული გზა. ისინი ირჩევენ ერთპარტიულ პარლამენტს. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა შეყავთ ღრმა კრიზისში.

ჩვენ მივაღწიეთ პროპორციულ არჩევნებს, მართალია ნაწილობრივ, მაგრამ - მაინც. ასევე დადგება რიგგარეშე არჩევნების დროც. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. არ შეიძლება „ოცნება“ იყოს მარტო წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტში. ეს პარლამენტი, პირველ რიგში, ქართველი ხალხის და შემდეგ ჩვენი უცხოელი მეგობრებისა და პარტნიორების თვალში იქნება არალეგიტიმური.

რას მოიმოქმედებს პარლამენტი, ეს იქნება ბოლო აკორდი, ოპოზიციისა და მმართველი პარტიისთვის. თუ პარლამენტი საბოლოდ გააუქმებს მანდატებს და არანაირ კომპრომისზე არ წამოვა ოპოზიციასთან, მაშინ გაზაფხული იქნება ძალიან ცხელი. არავინ არ დაუთმობს ხელისუფლებას ასე მიისაკუთროს ადამიანების ხმები. ეს არის პრინციპული საკითხი! სანამ საქართველოში არ დავამკვიდრებთ ახალ სტანდარტს პოლიტიკაში, იქამდე ადამიანებს ვერ დავუბრუნებთ ნდობას. ადამიანებს აღარ სჯერათ თავისუფალი არჩევანის. სამწუხაროდ საქართველოში პოლიტიკა არ კეთდება, ეს კი „ქართულ ოცნებას“ აწყობს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებას გამოეხმაურა. არჩილ თალაკვაძე მამუკა ხაზარაძეს ცივი გონებით მოქმედებას ურჩევს.

პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ განცხადებები წარსულშიც ბევრჯერ მოუსმენია, თუმცა „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს და შესაბამისი ქმედებების საპასუხოდ ამჯერადაც მზად არიან.

„გაზაფხულისთვის მზად ვართ! „ქართულ ოცნებას“ შემდეგი პოლიტიკური სვლებიც გათვლილი აქვს, იმ ოპოზიციური პარტიებისგან და ლიდერებისგან განსხვავებით, რომლებიც რადიკალების ტყვეობაში არიან და დემოკრატიაზე და ქვეყნის განვითარებაში მონაწილეობაზე უარს აცხადებენ.

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე“ სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში. ცივი გონებით მოქმედება სჯობს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციას თუკი ამერიკის ახალი ადმინისტრაციის და მისი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერის იმედი აქვს და ფიქრობს, რომ „ოცნების“ ხელისუფლებაზე მათი მხრიდან ზეწოლა გაძლიერდება, ძალიან ცდება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ პირველ რიგში, ამერიკას ჯერ ჩვენთვის არ სცალია და მას იმხელა შიდა პრობლემები აქვს, რომ გამორიცხულია ჩვენი შიდა საქმეების გარჩევა დაიწყონ. ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ ბაიდენის მთავარი ამოცანაა ამერიკელების შერიგება. ამიტომაც ის ხელს საქართველოში არავის შეუწყობს, რომ ქართველები ერთმანეთს დააპირისპიროს. პირიქით, ზაქარეიშვილი დარწმუნებულია, რომ ამერიკის ახალი კონცეფციიდან გამომდინარე, ის ქვეყანაში დაპირისპირებას არ წაახალისებს.

„ბაიდენის ადმინისტრაციასაც იგივე პოზიცია აქვს და უკვირს, როცა დეპუტატებს პარლამენტში შესვლის საშუალება აქვს, რატომ არ შედიან. ბაიდენი არ იტყვის, რომ არჩევნები გაყალბებულია, ესაა აბსურდული მოლოდინი. მით უმეტეს ეს არჩევნები მისი პრეზიდენტობის დროს არ მომხდარა და ასეთ განცხადებას არ გააკეთებს. აუცილებლად თუ რამეს იტყვიან, ის იქნება, რომ ოპოზიციას უსაყვედურებენ პარლამენტში რატომ არ შეხვედითო. ეჭვიც არ მეპარება გიგა ბოკერიას ამერიკის ადმინისტრაციაში ბევრი ნაცნობი ჰყავს, მაგრამ ნაკლები მეგობრები არც მე მყავს.

ვისაც ადმინისტრაციაში ინფორმაციები მიაქვთ და მოაქვთ, ჩემი მეგობრები არიან და ზუსტად ვიცი, რასაც ეტყვიან და ეუბნებიან ბაიდენს, სახელმწიფო მინისტრს და ვიცე-პრემიერს. ის ხალხი არ იცვლება, ისევ ერთი და იგივე ადამიანები არიან. კი ბატონო, ამბობენ, რომ არჩევნები ხარვეზებით ჩატარდა, მაგრამ არ ყოფილა იმხელა გაყალბება, რომ ამას არჩევნების ბედი გადაეწყვიტა. იტყვიან, აი, ამერიკაშიც ხდება რაღაცეები, ამხელა დემოკრატიის ქვეყანაში და გასაკვირი არაა, რომ რაღაცა დარღვევები საქართველოშიც იყოს. ამიტომ ისინი ოპოზიციასაც და ხელისუფლებასაც სახელმწიფოზე უფრო მეტი ფიქრისკენ მოუწოდებენ და არა ერთმანეთის წინააღმდეგ ფიქრისკენ“, -აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

მისივე თქმით, ამერიკაში გპასუხობენ, რომ დიახ გავიგეთ თქვენი პრეტენზიები, მაგრამ ამ ლეგიტიმურობა-არალეგიტიმურობას ქვეყანა გადააყოლო, არ შეიძლება. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია რადგან პარლამენტში არ შევიდა, მას უკვე ახალი ამოცანები აქვს, ახალი გამოწვევების წინაშე დადგება. ამიტომ იმის ლოდინი, რომ ბაიდენი „ოცნების“ ხელისუფლებას რიგგარეშე არჩვენების დანიშვნას აიძულებს, აბსურდია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პირიქით, ზეწოლას ოპოზიციაზე ელის, რათა ხელისუფლებასთან გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიონ.

„დაველოდოთ და ნახავთ ბაიდენის პირველივე განცხადება იქნება, რომ როგორმე მხარეებმა საერთო ენა იპოვონ. ქვეყანაში დესტაბილიზაცია და დაპირისპირება არ დაუშვან. ეს იქნება ძალიან დიპლომატიური და არცთუ ისე კონკრეტული მოწოდება, მაგრამ ეს იქნება სიმშვიდისკენ და დიალოგისკენ რჩევები. დასავლეთში გამოქვეყნებულ სტატიებს თუ თვალს გადაავლებთ, უმეტესობა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლას მიესალმა.

სტატიებში წერენ, რომ ასეთი უცნაური წასვლა მის პოლიტიკაში უცნაურ ყოფნას ბევრად ჯობდა. რაღაცა ფორმით ყველა ხვდება, რომ ივანიშვილი მთლად არ წასულა, მაგრამ მაინც კარგია, რომ წავიდა. კარგია, რომ მის დღევანდელ არსებობაში წასვლა უფრო მეტია. იმ შეფასებით, რაც პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ხდება, საქართველოში მაინც ასეთი ფორმით წასვლა უფრო მისაღებია, რა ფორმითაც თუნდა პუტინი მუდმივად რჩება. ამიტომ დასავლეთს ეს დადებით მოვლენად მიაჩნია“, - აცხადებს ზაქარეიშვილი for.ge-სთან.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძეც for.ge-სთან გამორიცხავს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ „ოცნების“ ხელისუფლებას თითის ქნევა დაუწყოს და განაცხადოს, რომ არჩევნები გაყალბდა. საყვარელიძე ამბობს, რომ ახლა ამერიკას შიგნით უამრავი პრობლემები აქვს და საქართველოსთვის ამ დოზით არც მოიცლის და არც ჩაერევა.

მისი აზრით, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ სააკაშვილის გუნდს ამერიკის ახალმა ადმინისტრაციამ მხადაჭერა გამოუცხადოს. მისი თქმით, დემოკრატები ხელისუფლებაში ბაიდენის დროსაც იყვნენ, მაგრამ სააკაშვილი გვერდით არც მაშინ გაიკარეს. ამიტომ ყველამ კარგად იცის ამერიკის პოლიტიკის თავისებურებები, როცა ადმინისტრაცია მხარს უჭერს არა კონკრეტულ პარტიას, არამედ ქვეყანას. შესაბამისად, ბოკერიას და ენმ-ის იმედი, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დახმარებით რიგგარეშე არჩევნებს დანიშნავენ ილუზიებია.

„პოლიტიკურ ერთ-ერთ ფრთას, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია მხარს არ დაუჭერს, ეს ყველამ კარად იცის. ახალი ადმინისტრაცია მხარს დაუჭერს ქვეყანას და მის სტაბილურობას. მით უმეტეს კაპიტოლიუმში შეჭრა და ქვეყნის გადატრიალების მცდელობა აგერ საკუთარ თავზე გადაიტანეს. ამიტომაც აქ ოპოზიციას იმედი ჰქონდეს, რომ ბაიდენი ვინმეს რევოლუციურ სცენარში დაეხმარება, სრული აბსურდია. ჯერ ერთი, ამერიკას თავად უამრავი პრობლემა აქვს და ქვეყნის შიგნით სიტუაცია აქვთ დასალაგებელი. მით უმეტეს რევოლუციაზე და სადღაცას შევარდნებზე ბაიდენს ადმინისტრაცია არავის არ წააქეზებს. ამიტომ, პირიქით, გზავნილები იქნება, ოპოზიციას მოუწოდებენ, რომ პარლამენტში შევიდნენ და ქვეყანაში ხელი მშვიდობასა და სტაბილურბას შეუწყონ.

ახლახანს კი დასავლეთში სტატიები ქვეყნდება, რომ ივანიშვილის წასვლით, საქართველო დასავლეთისთვის უფრო მისაღები ხდება, რადგან დემოკრატიის განვითარებას კიდევ უფრო მეტი პერსპექტივა ექნება. ასე რომ, დასავლეთის მხრიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ მხარდაჭერა უფრო გაიზრდება და არა პირიქით“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.