12 წლის შემდეგ დამტკიცებული სიმართლე-საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

12 წლის შემდეგ დამტკიცებული სიმართლე-საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო

ისტორიული გადაწყვეტილება - საქართველომ რუსეთს სტრასბურგის სასამართლოში დავა მოუგო. ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ დღეს განაჩენი საქართველოს სასარგებლოდ გამოიტანა. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.

„2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლო დაეთანხმა საქართველოს მოთხოვნას, რომ რუსეთმა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი დაარღვია.

 სასამართლოს დიდი პალატის მიერ ამ დარღვევების აღიარებით დასტურდება, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს რუსეთმა განახორციელა ქართველების ეთნიკური წმენდა.

სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა ქართველი სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების მიმართ ჩადენილი წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისთვის.

 სტრასბურგის სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და აღიარა რუსეთის პასუხისმგებლობა სამოქალაქო პირების თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევისათვის.

სასამართლომ გაიზიარა საქართველოს პოზიცია და დაადგინა რუსეთის პასუხისმგებლობა ომის დროს საქართველოს მოქალაქეთა მკვლელობების გამოუძიებლობისათვის და სხვა არაერთი დარღვევისათვის.

ეს ისტორიული გადაწყვეტილება უმნიშვნელოვანესი ბერკეტია საქართველოსათვის საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით კონფლიქტების მოწესრიგებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის“, - აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

საქართველო რუსეთს აგვისტოს ომის საქმეზე ევროპული კონვენციის არაერთი მუხლის დარღვევაში ადანაშაულებდა, მათ შორისაა: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება და სხვა.

საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, 2013 წლიდან მოყოლებული, რუსეთთან მეორე სახელმწიფოთაშორისი დავის მოსაგებად საქართველომ მყარი პოზიციები და 700-მდე მტკიცებულება წარადგინა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჯამში 33 მოწმეს მოუსმინა. 2018 წლის 23 მაისს სტრასბურგის სასამართლოში საქმეზე ზეპირი მოსმენა გაიმართა.

საქმეზე პირველადი საჩივარი საქართველომ ევროპულ სასამართლოში 2008 წლის 11 აგვისტოს შეიტანა და დროებითი ღონისძიების მიღება მოითხოვა, ხოლო ოფიციალური სახელმწიფოთაშორისი საჩივარი 2009 წლის 6 თებერვალს წარადგინა. 2011 წლის 13 დეკემბერს სასამართლომ საქართველოს საჩივარი დაშვებულად გამოაცხადა.

ეს საერთო გამარჯვებაა! - პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას „ფეისბუკის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო გამარჯვებაა!“.

საქართველოს პრეზიდენტმა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ეს დღე ძალიან სიმბოლურია, რომელსაც ბრიუსელში ხვდება.

„დღეს არის ძალიან სიმბოლური დღე, რომელსაც ბრიუსელში ვხვდები, სადაც ძალიან მაღალი დონის შეხვედრები ტარდება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დღეს სწორედ სტრასბურგმა მიიღო ეს ისტორიული გადაწყვეტილება. ისტორიულია და შემთხვევითი არაფერია. ეს ხდება ჩვენი ოკუპაციიდან 100 წლის შემდეგ, 30 წლის მერე, რაც აღვადგინეთ დამოუკიდებლობა და 2008 წლის ომის შემდეგ 12 წელი გავიდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან პირველად ისტორიაში და პირველად სხვა ქვეყნების ისტორიაშიც ხდება ის, რომ საქართველო სამართლებრივად არის გამართლებული, სახელმწიფო არის აღიარებული როგორც ამ ომის მსხვერპლი და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის, ჩვენი ისტორიისთვის და ჩვენი მომავლისთვის, იმიტომ, რომ ეს არის ის საყრდენი, რაზეც ახლა უნდა ავაშენოთ ჩვენი მომავალი და ჩვენი გაერთიანება.

მე მინდა კერძოდ დიდი მადლობა ვუთხრა იუსტიციის სამინისტროს და თეა წულუკიანს, რამეთუ ამ გამარჯვების ძალიან დიდი წვლილი მათ ეკუთვნით. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის მთელი საქართველოს გამარჯვება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ მადლობის თქმა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს აძლევს საშუალებას, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე და ქართველების ეთნიკურ წმენდაზე არამხოლოდ ისაუბროს, არამედ ამის დამამტკიცებელი იურდიული დოკუმეტი ხელთ ჰქონდეს. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ ესაა საერთო გამარჯვება, რომელიც ვერც ერთ ხელისუფლებას ვერ მიეწერება, თუმცა თუკი პროცენტებით დავითვლით და სახაზავით გავზომათ, დროიდან გამომდინარე წვლილი უფრო დიდი „ოცნებას“ აქვს.

თუმცა არანაკლები შრომა „ნაციონალების“ ხელისუფლების დროს გაიწია. მისი აზრით, ეს არის ქვეყნის უდიდესი გამარჯვება, რომლის გამოც კინკლაობა და გაწევ-გამოწევა მიზანშეწონილი და ლამაზი არაა. ყოფილი მინისტრი აცხადებს, რომ მიუხედავად გამარჯვებისა, ეს დოკუმენტი აფხაზებთან და ოსებთან სიტუაციის დალაგების საშუალებას ვერ მოგვცემს. თუმცა ესაა დიდ ბრძოლაში წინ გადადგმული ნაბიჯი, რომლითაც მთელ მსოფლიოს დავუმტკიცეთ, რომ რუსეთი ოკუპანტი და მოძალადეა.

„რა თქმა უნდა, ესაა მნიშვნელოვანი და ძალიან დიდი გამარჯვება, რომლითაც მთელს მსოფლიოს იურდიულად და სამართლებრივად დავუმტკიცეთ, რომ რუსეთი მოძალადეა. თუმცა არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ ამით ჩვენი ტერიტორიების აღდგენას და დეოკუპაციას შევძლებთ. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ სამი მოსაგვარებელი კონფლიქტი გვაქვს. ესაა ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური და საქართველო-რუსეთის. შესაბამისად ეს გადაწყვეტილება საქართველო-რუსეთის კონფლიქტს ეხება. ამიტომ ეს წარმატება ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ ამ კონფლიქტებს მოვაგვარებთ.

თუ აფხაზებთან და ოსებთან საერთო ენას ჩვენ თავადვე არ გამოვნახავთ, ვერანაირი სტრასბურგი და ჰააგა ამ პრობლემებს ვერ მოგვიგვარებს. ეს არის კარგი და სწორი ნაბიჯი იმ მილიონ ნაბიჯებს შორის, რომელიც ჩვენ გადასადგმელი გვაქვს. დიდი მადლობა სამართლიანი სასამართლოსთვის და ყოჩაღ ჩვენს იურისტებს, რომლებიც წლების განმავლობაში იქ მუშაობდნენ. რა თქმა უნდა, მსოფლიო ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, რადგანაც რუსეთის შესახებ ყველამ კარგად იცის, რასაც წარმოადგენს. არანაკლები აგრესია ყირიმში ჩაიდინა, ამიტომაც ესაა უდიდესი შედეგი და გამარჯვება“, - განაცხადა ზაქარეიშვილმა for.ge-სთან.

მისივე თქმით, სტრასბურგის სასამართლომ დაწვრილებით და დეტალურად შეისწავლა ყველა დარღვევა და ის დანაშაული, რაც რუსეთმა სქართველოს წინააღმდეგ ჩაიდინა. ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსული მედია აჭრელებულია თითქოს რუსეთმა გაიმარჯვა და აქ გულისხმობენ იმას, თუ ვინ დაიწყო ომი - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების ერთ-ერთმა ჩანაწერმა, სადაც წერია, რომ 8-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, რუსეთის ეფექტური კონტროლის დადგენა მოსამართლეებს გაუჭირდათ.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ რუსეთი 8-დან 12 აგვისტოს ჩათვლით, მხოლოდ ერთ პუნქტშია გამართლებული, რაც მკვლელობების გამოუძიებლობას გულისხმობს. სხვა ყველა პუნქტი, სადაც რუსეთი გამტყუნდა, ამ პერიოდის შემდგომ ვადას ეხება. ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ რუსეთს ეს ინტერპრეტაციის საშუალებას ვერ მისცემს, რადგანაც რეალურად სტრასბურგის სასამართლო იკვლევს ჰუმანიტარულ დანაშაულს და მას არ ეხება ეროვნული კონფლიქტები. ეს ჰააგის სასამართლოს პრეროგატივაა, სადაც გამოძიება მიმდინარეობს და ამ მიმართულებით სტრასბურგის გადაწყვეტილება, საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ზურგს უმაგრებს, რომ სამართალს მიაღწიოს.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის ჩვენებებიც, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ საქართველოს მოქალაქეები ეთნიკურად ოსები აძლევდნენ. აღმოჩნდა, რომ სასამართლომ ეს ჩვენებები არ გაიზიარა.