„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე და „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „რუსთავი2“-ის ეთერში ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება ოპოზიციის ერთიან ფორმატში მიმდინარე შეხვედრის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს მოჰყვა.
„პირდაპირ გეუბნებით - არ დაგინახო ჩვენთან გაკარებული, არ დაგინახო ოპოზიციურ შეხვედრაზე მოსული. შენნაირ ადამიანს მე ხელს არ ჩამოვართმევ. ამხელა ტყუილების გუდა საიდან ხარ, ამიხსენი? ამხელა ტყუილები ამხელა კაცმა სად ისწავლე? ვის დაკრულზე დადიხარ, ის გაარკვიე, არ გაიარო ჩვენს გვერდზე, მატყუარა ხალხთან საქმე არ მაქვს“, - მიმართა ხაზარაძემ ელისაშვილს.
თავის მხრივ, ალეკო ელისაშვილმა ხაზარაძეს უპასუხა, რომ ხალხის ბედი არასდროს ანაღვლებდა და პრობლემებზე ხმა მხოლოდ მას შემდეგ ამოიღო, რაც სისტემა პირადად მას შეეხო.
„არასოდეს ხალხის ბედი არ განაღვლებდა, ხალხს რომ ხოცავდნენ ქუჩაში, მაშინ იდექი და ბინებიდან ყრიდი, ის კაცი ხარ შენ და სალომე ზურაბიშვილს ტაშს უკრავდი 20 ივნისის მერე. ახლა შეგიყვარდა ქვეყანა? სანამ დაჭერის პრობლემა არ შეგიქმნეს, მანამდე არ გაგხსენებია ქვეყანა? ეს კაცი ხარ შენ და ღირსებაზე მელაპარაკები? 7 ნოემბრის და 20 ივნისის მერე რა ნამუსით გეძინა, მაშინ საქართველო არ გაგხსენებია?“, - უპასუხა ალეკო ელისაშვილმა.
მმართველი გუნდის წევრი დავით მათიკაშვილი for.ge-თან საუბრისას ოპოზიციის დაპირისპირებას აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიციის რეალური სახე საზოგადოებამ კარგად დაინახა და ისიც დაინახა ოპოზიცია მოწოდების რა სიმაღლეზეა.
მისივე თქმით, ოპოზიციის დაპირისპირებით კარგად გამოჩნდა ვინ დგას „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით და ვის არ სურს ქვეყანაში დესტრუქციის მოწყობა.
ოპოზიციაში დაპირისპირება უკვე საჯარო გახდა და ამის ნათელი მაგალითი იყო ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის დაპირისპირება პირდაპირ ეთერში. ხაზარაძემ ელისაშვილს უთხრა, რომ ის გაერთიანებულ ოპოზიციას აღარ გაეკაროს. მმართველ გუნდს ოპოზიციის ამ „ომზე“ რა პოზიცია აქვს?
- ოპოზიციაში ერთობა რომ არ არის, ეს ისედაც ნათელი იყო. ზოგადად, მარგინალური ოპოზიცია, ვგულისხმობ „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის ანასხლეტ პარტიებს, ალტერნატიულ ვარიანტებს ამუშავებდნენ. ეს კიდევ ერთხელ დადასტურდა მაშინ, როდესაც ომზე იყო საუბარი. თუმცა, ეს ფაქტი საზოგადოებისთვის ახალი არაა. საზოგადოებამ კარგად იცის თუ რა მეთოდით სურს „ნაციონალურ მოძრაობას“ ფონს გასვლა, როდესაც არჩევნებს აგებს.
მეორე - რეალურად კარგად გამოჩნდა დაპირისპირების კონტურები. ასევე კარგად გამოჩნდა, რომ ოპოზიციაში არსებობს ძალები, ვინც ნაციონალური და პრაგმატული აზროვნებით, ახლოს არიან საღ აზრთან. რეალურად, მათი მხრიდან კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმა თეორიულად შესაძლებელი და მოსალოდნელია, ვიდრე მარგინალური და გზას აცდენილი პოლიტიკური ძალებისგან.
მესამე - კიდევ ერთხელ დადასტურდა ელექტორატის თვალწინ, თუ ჩვენმა ამომრჩეველმა როგორი სწორი გადაწყვეტილება მიიღო მაშინ, როდესაც მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა და მანდატი მესამედ მიანდო. სწორედ, „ქართული ოცნებაა“ ის პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს ქვეყნის მართვა და ამ კრიზისული პერიოდიდან ჩვენი სამშობლოს გამოყვანა.
ამ ოპოზიციურ „ერთობაში“ და იქ არსებულ შეხედულებებში, რომელიც თუნდაც ტელევიზიით დაპირისპირების დროს ისმოდა, საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ჩვენი ქვეყნის დღევანდელი ოპოზიცია მოწოდების სიმაღლეზე ვერ დგას. არჩევანი, რომელიც საზოგადოებამ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ გააკეთა, ორი კუთხით იყო მნიშვნელოვანი. პირველი - „ქართული ოცნებაა“ სწორედ ის პასუხისმგებლიანი ძალა, რომელიც ქვეყანას კრიზისული მდგომარეობიდან გამოიყვანს. მეორე - რეალურად, ოპოზიციას არანაირი ძალა არ შესწევს იმისთვის, რომ რაიმე კონკრეტული პასუხისმგებლობა აიღოს. მათ ის პასუხისმგებლობაც კი ვერ გაამართლეს, რომელსაც ერთობა ჰქვია.
„ნაციონალურ მოძრაობას“ ოპოზიციის დაპირისპირება რაში სჭირდება, მათ პირიქით ერთობა და გაერთიანება არ სჭირდებათ, თუნდაც იმის განსახორციელებლად რაზეც თქვენ საუბრობთ - „ომზე“?
- „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთობა რომ სჭირდებოდეს, არ იქნებოდა ის განცხადებები, რომელიც მათი პარტიის ბელადიდან მოდიოდა. კონკრეტულად, „პარტიკულებთან“ დაკავშრებით. მეორე საკითხია, რასაც ჩვენ ვხედავთ, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და სხვა პარტიებთან ურთიერთობაში, ეს პატრონისა და დაქვემდებარებულის მოცემულობა უფროა, ვიდრე ოპოზიციურ გაერთიანებაში უნდა იყოს.
მესამე საკითხია ის ბულინგი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ სხვა ოპოზიციის მიმართ მოდის. ნათელია, „ნაციონალურ მოძრაობა“ საკუთარ გეგმებში სხვას ვერ მოიაზრებს. ფაქტია, რომ საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალებმა“ ეგოისტური გადაწყვეტილება მიიღეს და ასეთივე ნაბიჯები გადადგეს. მათთვის პატარა პარტიები ნაკლებად საინტერესოა, განსაკუთრებით კი, ახალი და პერსპექტიული პარტიები. პირიქით, მათი მიზანია, რომ მახინჯ ფორმასა და პროტესტს მიჰყონ ხელი, რომელსაც აზრი არ აქვს. მთელი მსოფლიო მოუწოდებს ამ პარტიებს, რომ პარლამენტში შემოვიდნენ და საკუთარი უფლებამოსილებები იქ განახორციელონ. „ნაციონალური მოძრაობა“ კი ამ პარტიებს გასაქანს არ აძლევს, რათა პოლიტიკურ ველზე გამოვიდნენ. მართლაც, ოდესმე, იმედია, გვეყოლება ჭეშმარიტი, ჯანსაღი, ევროპული სტილის ოპოზიცია, რომელიც ხელისუფლების მტერი კი არ იქნება, არამედ იქნება ხელისუფლებასთან ოპოზიციაში.
ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე, როგორ ფიქრობთ, ალეკო ელისაშვილი მიიღებს გადაწყვეტილებას და შემოვა პარლამენტში?
- ახალს ვერაფერს გეტყვით. თუმცა, ეს ყველა ოპოზიციური დეპუტატის მხრიდან იქნება ძალიან სწორი გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურადაც, საკუთარი ამომრჩევლის წინაშეც. მაგრამ, ასევე ოპოზიციის დაპირისპირების ფონზე გამოჩნდა, მათი ნაწილი რაღაცას გეგმავს. მაგალითად, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კარგად იცის, რომ არჩევნებს ვერ მოიგებს და ამიტომ პარალელურ გეგმებს ამუშავებს. ამ მოცემულობაში, ასეთ დესტრუქციულ და ავანტურისტულ ძალებთან რამდენად მოხერხდება, გინდა არასაპარლამენტო მუშაობა, გინდა საპარლამენტო მუშაობა, ეს სხვა ამბავია.
თქვენი აზრით ალეკო ელისაშვილს ოპოზიციის რა ნაწილი დაუჭერს მხარს?
- ეს ყველაფერი დროში გამოჩნდება. ვფიქრობ, საღი აზრი გაიმარჯვებს. ყველა კუთხით, ყველა მიმართულებით „ქართულ ოცნებას“ გააჩნია საღი, პოზიტიური შემოთავაზებები. ასე რომ, წინ ძალიან საინტერესო 4-წლიანი საპარლამეტო მუშაობა გველის. პარლამენტში ორი პარტია უკვე არის წარმოდგენილი. მეორე - „ქართული ოცნება“ მარტო არაა, ჩვენ ვართ საზოგადოებასთან ერთად. ასე რომ, ჯერი მათზეა. ჩვენი მხრიდან ყველა სწორი ნაბიჯი გადაიდგა. ოპოზიციამ ამ მოცემულობით უნდა ისარგებლოს. მათ შეძლეს და პარლამენტში შესვლისთვის ბარიერი გადალახეს. ახლა მათ საკუთარი ამომრჩევლის წინაშე აქვთ ვალდებულება და ეს პასუხისმგებლობა უნდა სწორად გაიგონ.
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდი უნდა გაიმართოს და ოპოზიციის დაპირისპირება რამდენად აისახება ამ მოლაპარაკების მაგიდასთან?
- ალბათ, ეს უფრო ოპოზიციის ნაწილს უნდა კითხოთ. ზოგადად, დაპირისპირება რომ ყველაფერზე ისახება, ფაქტია, ისევე, როგორც ერთობა და უნისონში მოქმედება. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც ელჩებს, ასევე საზოგადოებას სურს, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ თავისი ფუნქცია-მოვალეობა შეასრულოს.