ქაოსი, გაუგებრობა და დაპირისპირება - ოპოზიციაში არსებული შიდა კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, რომ პირდაპირ ეთერში აფეთქდა. „რუსთავი 2“-ზე მამუკა ხაზარაძის და ალეკო ელისაშვილის დაპირისპირება იმის ნათელი მაგალითი იყო, რომ ოპოზიციის ერთიანობა ილუზიაა და ის სხვადასხვა ბანაკებად დაიყო - გარიყულები და დანარჩენი ოპოზიცია. „ევროპელები“ „გირჩის“ და „მოქალაქეების“ ოპოზიციდან განგრენასავით მოკვეთას მოითხოვს. თავის მხრივ კი არაა გამორიცხული, რომ ელისაშვილის პარტიასთან სამომავლო თანამშრომლობაზე უარი „გირჩმაც“ თქვას. „გირჩს“ და „მოქალაქეებს“ დაპირისპირების ფრონტის ხაზი „ლელოს“ და „ევროპელების“ გარდა „სტრატეგია აღმაშენებელთანაც“ აქვს გახსნილი.
თუმცა ამ ყველაფრის ფონზე თავად პარტიების შიგნითაც სიტუაცია არცთუ სახარბიელოა. როგორც for.ge-სთვის ხდება ცნობილი, „ევროპელები“ შესაძლოა ელენე ხოშტარიას შემდეგ ზურაბ ჭიაბერაშვილმა და ოთარ კახიძემაც დატოვონ. ცნობილია ისიც, რომ გაბრაზებულმა და უკმაყოფილო დავით კეზერაშვილმა პარტიას დაფინანსება გაუნახევრა. ამიტომ ყველა პრობლემა „ევროპელებს“ ერთიანად დაუგროვდათ. სახარბიელო სიტუაცია არც „ლელოს“ აქვს, რადგან დავით უსუფაშვილის პოლიტიკური მოვლენებიდან დროებით დისტანცირება ეჭვებს და დამატებით კითხვებს აჩენს. ხომ არ არის პარტიის შიგნით დაპირისპირება, რის გამოც ის პროცესებს ჩამოშორდა.
ამ ყველაფრის ფონზე კი ყველაზე ყურადსაღები ენმ-ის პოზიცია და მისი ახალი თავმჯდომარის ნიკა მელიას ტაქტიკაა. ის ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას არ იმჩნევს და მომრიგებლის როლის შეთავსებას ცდილობს. აწყობს თუ არა ახლა ოპოზიციაში არსებული განხეთქილება ყველაზე მეტად „ნაციონალებს“ და ამით რა ხეირს მიიღებენ?!
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის დაპირისპირებაში „ნაციონალურ მოძრაობას“ საკმაოდ სწორი ტაქტიკა აქვს არჩეული და ის ვითარება, რაც ახლა ოპოზიციაშია, მას ხელს აძლევს. ძაბირაძე ამბობს, რომ ენმ-ისთვის ყველაზე აუცილებლია, რომ ოპოზიციამ ბოიკოტის რეჟიმი შეინარჩუნოს და მისი საქმე სხვებმა გააკეთონ. ნიკა მელია შექმნილ სიტუაციას სწორად ხვდება და ამიტომაც ჩუმად არის. ფაქტობრივად, მის გასაკეთებელს „ევროპელები“ აკეთებენ და მიმდინარე დაპირისპირებას თვალს შორიდან ადევნებს. ძაბირაძე ვარაუდობს, რომ თუკი სიტუაცია კიდევ უფრო უკიდურესად დაიძაბება, ის პროცესებში როგორც მომრიგებელი ისე ჩაერევა.
„რა თქმა უნდა, მელია სწორად იქცევა. თუკი შენს საქმეს ვიღაცა გააკეთებს, მაგას რა ჯობია? ამიტომ მშვიდად არიან და გამაერთიანებლის, დამამშვიდებლის ფუნქციას ითავსებენ. სხვა ფუნქცია რატომ უნდა შეასრულონ?! ენმ-ის ინტერესებიდან გამომდინარე, მელიას ქმედება აბსოლუტურად ადეკვატურია. მისი პარტიის მიზანია, რომ პარლამენტში ოპოზიცია არ შევიდეს და ბოიკოტი ბოლომდე შესრულდეს. მე რასაც ვუყრებ, „ნაციოანლებს“ არავინ უპირისპირდება და პირიქით, ყველა გამოდის და ამბობს, რომ მელია კარგი ბიჭია და ყველას უსმენს. ოპოზიცია ერთმანეთს ისედაც უპირისპირდება და საქმეებს საჯაროდ არჩევენ. ამით ზიანდებიან ისევ ეს პატარა პარტიები. ბოიკოტი ყველაზე მეტად მათ არ უნდა აწყობდეთ.
„ნაციონალები“ სეირს უყურებენ, მათი საქმეც კეთდება და თან კეთილსინდისიერ ხალხადაც ჩანან. ენმ-მა ბოიკოტის სახით მიზანს უკვე მიაღწია და ამ მიაზნს ხელიდან არაფრის გულისთვის არ გაუშვებს. მათ ამის სურვილი 2016 წელსაც ჰქონდათ და არ გამოუვიდათ, ახლა მოახერხეს. თანაც ამ იდეის გარეთ გამოტანას და აჟიტირებას „ევროპელები“ მშვენივრად ახერხებენ. ანუ აკეთებენ ენმ-ის საქმეს ისე, რომ მათ ხელის გატოკებაც არ უწვეთ. აბა რატომ უნდა შეიწუხოს მელიამ თავი ან სხვა ოპოზიციურ პარტიიდან ვინმე გადაიკიდოს?!“,-აცხადებს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, ენმ-ისთვის ახლა ორი მთავარი მიზანია შესასრულებელი, არ მოხდეს 1%-იანი ბარიერის დაშვება და ბოიკოტი ბოლომდე გაგრძელდეს. ამის პარალელურად კი ერთმანეთში დაპირისპირებულ პატარა პარტიების ხმებს ისედაც გადაინაწილებს. ძაბირაძე ამბობს, რომ თუკი 5%-იანი ბარიერი დარჩა, მაშინ 2024 წელს მხოლოდ ორი პოლიტიკური ძალა „ნაციონალები“ და „ოცნება“ გვეყოლება. ამიტომაც ახლა ოპოზიციაში სეირის საყურებელი სიტუაცია მხოლოდ „ნაციონალებს“ აქვთ.
„რა თქმა უნდა, „ენმ“ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიაა, ამიტომაც მის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, რომ ბევრად მეტი ამბიციები ექნება, ეს გასაკვირი არაა. თუ ერთიანი ბლოკის შექმნა მოხდა, მაშინ მელია შეიძლება ოპოზიციურ ლიდერად ამ შემთხვევაში ვიხილოთ. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე „ნაციონალების“ გარდა სხვა ძალა არ არის, რომელიც მას ჩაანაცვლებს. რასაც თვალს ვადევნებთ, მელია ისედაც ცდილობს, როგორც ლიდერი ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება დაალაგოს.
ყველას დაელაპარაკოს და საკუთარი მიზნები ბოლომდე გაიტანოს. რაც შეეხება „ევროპელებს“ ჩემთვის გაუგებარია ენმ-ს ამ ყველაფერში რატომ ეხმარებიან. დიდი ალბათობით, ამ პარტიას არცთუ კარგი მომავალი აქვს. გარდა ხოშტარიასი, არ გამოვრიცხავ, რომ პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება სხვა წევრებმაც მიიღონ. „ევროპელებმა“ ხმებსი მაქსიმუმი რაც მიიღო 4%-მდეა. უფრო დიდ პროცენტზე გაქაჩვა გაუჭირდებათ. ამიტომაც ყველა კარგად ათვითცნობიერებს, რომ ამ პარტიას პოტენციალი აღარ აქვს და გაქცევას შეეცდებიან. ველი, რომ მათი ნაწილი ისევ ენმ-ში დაბრუნდება, თუ რა თქმა უნდა, მიიღეს“,-აცახდებს ძაბირაძე for.ge-სთან.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე კი for.ge-სთან ამბობს, რომ დიდი ალბათობით, ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის შეცდომებზე გააანალიზა და გადაწყვიტა, რომ კარი არ ჩაკეტოს და ყველას ელაპარაკოს. საყვარელიძე ამბობს, რომ მელიას პარტიის ლიდერობასთან ერთად მთლიანი ოპოზიციის ლიდერობაც უნდა, რაც ამ ეტაპზე ჯერ გამოსდის. ის ცდილობს, რომ შუამავლის და მომლაპარაკებლის როლი შეითავსოს, რადგანაც იცის, რომ პარტიის მიზნების მისაღწევად სხვა ტაქტიკა არ გამოადგება. მას სიტუაციის კიდევ დაძაბვა და ბანაკებად დაშლილი ოპოზიცია არ აწყობს, რადგანაც ენმ-ისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ბოიკოტის რეჟიმი შენარჩუნდეს. მას ხელს არანაირი მოლაპარაკება არ აძლევს და მისი მთავარი მიზანია ხელისუფლებაში დაბრუნდეს. ამის შანსი კი ოპოზიციის სხვა პარტიებისგან განსხვავებით სამწუხაროდ ისევ ამ ძალას აქვს.
„დიდი ალბათობით დაპირისპირება და აზრთა სხვადასხვაობა თავად „ნაციონალებშიც“ არის. ამიტომაც ეს დაბალანსების და მომრიგებლის პოლიტიკა სწორია, რადგანაც მელიას ახლა კონფლიქტი და გაუგებრობა არაფერში აწყობს. ის ჯერ თავის პარტიაში ცდილობს, რომ სიტუაცია დაალაგოს, შემდეგ კი ოპოზიციის დაწყნარებას შეეცდება. რამდენად გამოუვა არ ვიცი, მაგრამ ყველა ლიდერი მასზე დადებითად რომ საუბრობს, ალბათ, შესამჩნევია. შესაძლოა, მელიამ ისიც გააცნობიერა, რომ თუკი მას მთლიანი ოპოზიციის ლიდერობა უნდა, რა თქმა უნდა, ენდომება კიდევაც, დამბალანსებლის ფუნქცია უნდა აიღოს. მას როგორც ჩანს, სააკაშვილისგან გაკვეთილი აქვს ათვისებული. დაპირისპირების გამწვავებით ოპოზიციური ერთობის ლიდერობა არ გამოდის და საბოლოო ჯამში, ასე მათი ინტერესები დაზიანდება. ოპოზიციის დაშლის შემდეგ კი, მრავალი ლიდერი ჩნდება და მათი კონტროლი მერე ჭირს. ამიტომ საკმაოდ საინტერესო ტაქტიკა აქვს არჩეული და როგორც ვხედავ, ჯერჯერობით მის საქმეში სააკაშვილი არ ერევა. მერე რა იქნება არ ვიცი, მაგრამ მელიას მოქმედებები ენმ-ისთვის ყველაზე სწორი და ლოგიკურია“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.