ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის მოლოდინის პარალელურად, არჩევნებში ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიები ერთმანეთთან კონსულტაციებს მართავენ. ასეთი შეხვედრა „მოქალაქეებსა“ და „გირჩს“ შორის შედგა, თუმცა, მათ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე განუდგა. ცალკეულ პარტიათა მოლაპარაკებებმა საერთო ოპოზიციის ერთობა შეარყია.
როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინათინ ბოკუჩავამ for.ge-თან საუბრისას განაცხადა, თუკი ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ ხელისუფლებასთან ცალკე აპირებენ მოლაპარაკებას, ეს მათ სისუსტეზე მიუთითებს და ეს მოლაპარაკებები ისევ და ისევ მათ დააზარალებს. მისივე თქმით, ოპოზიციის დანარჩენი ნაწილი კვლავ ერთად დარჩება და მტკიცედ გააგრძელებს ბრძოლას.
თინათინ ბოკუჩავა: თუკი, ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებას დაიწყებენ, ეს მათთვის ცუდი იქნება, ისინი იქნებიან გაცილებით სუსტები, ვიდრე იქნებოდნენ საერთო ოპოზიციის ფორმატში. მოლაპარაკების მაგიდასთან ოპოზიციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ზეწოლის ინსტრუმენტი სწორედ მისი ერთიანობაა. ვისურვებდი, რომ მათ გადახედონ მოლაპარაკების მაგიდას. თუ ამას ისინი არ გააკეთებენ, ბუნებრივია, ეს მათი არჩევანი იქნება. დანარჩენი ოპოზიცია ერთად დარჩება, დარჩება მტკიცედ და შეძლებს გაცილებით უფრო ძლიერი იყოს მოლაპარაკების მაგიდასთან, ვიდრე პარტიზანული არხების გახსნის ინიციატორები იქნებიან.
„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა: ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან პროპაგანდის ამოცანაა, რომ ალეკო ელისაშვილებისა და იაგო ხვიჩიების გამოყენებით, ბზარი გაჩნდეს ოპოზიციაში. ეთანხმებით თუ არა ბოკერიას?
- ამ საკითხზე ჩემი შეფასება არის ამგვარი - ნებისმიერი პარტიზანული მოლაპარაკების წარმოება ხელისუფლებასთან, თუნდაც ინდივიდუალურად პარტიების მხრიდან იდეების გაჟღერება, ვიდრე შეთანხმებული არ არის ოპოზიციის შიგნით, ასუსტებს ამ კონკრეტული აქტორების პოზიციას და ასევე საერთო მოლაპარაკების პროცესს აზიანებს. ამიტომ, ვისურვებდი, რომ ეს ასე არ გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, უახლოესი დღეები გვიჩვენებს ოპოზიციის ეს ნაწილი რა გადაწყვეტილებებს მიიღებს.
თქვენი აზრით ალეკო ელისაშვილი და „გირჩი“ პარლამენტში შევლენ?
- მკითხაობის სფეროში ნამდვილად არ მინდა გადავიჭრა, ეს მათი გადასაწყვეტია. უბრალოდ, ამით ისინი „ქართული ოცნების“ ნაწილი გახდებიან. თუ ეს ალეკო ელისაშვილისა და „გირჩის“ არჩევანი იქნება, ეს იქნება იმედგაცრუება იმ ამომრჩევლების, რომლებმაც მათ ნდობა გამოუცხადეს.
მოლაპარაკების მეხუთე რაუნდის თარიღი კვლავ უცნობია. როდის გაიმართება და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული ამ მოლაპარაკების დროს?
- ამაზე საუბარი ძალიან რთულია, რადგან მოლაპარაკების მაგიდა თავად ხელისუფლებამ ააყირავა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის დავალებით ირაკლი კობახიძემ, ბოლშევიკური ბრიფინგების სერია გააკეთა, მათ შორის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმების თაობაზე. ამიტომ, ხელისუფლებამ უნდა გაიაზროს, რომ ქვეყანას პოლიტიკური შეთანხმება სჭირდება, გაიაზროს, რომ ოპოზიციას აქვს ლეგიტიმური მოთხოვნები და ამ გააზრების შედეგად გამოაგზავნოს ივანიშვილმა საკუთარი მომლაპარაკებლები მოლაპარაკების მაგიდასთან. ეს თუ ასე მოხდება, მაშინ, რა თქმა უნდა, მორიგი მოლაპარაკების რაუნდის ჩატარებას აზრი აქვს.
ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და მისი პოსტი პარტიაში დაიკავა ირაკლი კობახიძემ, რომლის მიმართაც არც თუ კარგი შეხედულება გაქვთ. კობახიძე პარტიაში მთავარ პოზიციაზეა და მისი დაწინაურება რა ზეგავლენას მოახდენს მოლაპარაკების რაუნდზე?
- კარგ შეხედულებაზე საუბარი არაა, ივანიშვილს მემკვიდრედ ვინც უნდა დაეტოვებინა, არც მის მიმართ გვექნებოდა კარგი შეხედულება. უბრალოდ, კობახიძე უკიდურესად სუსტი მემკვიდრეა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური გამბედაობა დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღების, რომელიც ქვეყნისთვის რაოდენ საჭიროც არ უნდა იყოს, არ გააჩნია. ის არის სრულად დამოკიდებული ივანიშვილზე. სწორედ, ივანიშვილმა ის ამ ნიშნით აარჩია და ამ ნიშნით დანიშნა მემკვიდრედ. თავად ივანიშვილის წასვლა გაყალბებული არჩევნების ფონზე არის პასუხისმგებლობის არიდების მცდელობა. მას ძალიან კარგად ესმის, რომ „ქართული ოცნება“ ლეგიტიმურად არ იკავებს ხელისუფალთა პოზიციას, ეს ხდება მიტაცებული არჩევნების შედეგების ფონზე. მან რაც არ უნდა ქონება გადააფორმოს და რაც არ უნდა წეროს, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა, ის ვერ აიცილებს იმ პასუხისმგებლობას, რომელიც მას ქვეყნის უკუსვლის გამო, გაყალბებული არჩევნების გამო, პოლიტიკური დევნის გამო და ეკონომიკის ჩამოქცევის გამო ეკისრება. სამომავლოდაც ნებისმიერი პოლიტიკური მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება გამომდინარე სწორედ ივანიშვილის პოზიციებიდან. მისი მემკვიდრე ვინც არ უნდა ყოფილიყო - უსუსტესი კობახიძე თუ სისხლიანი გახარია, ავტორი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების იყო და არის ივანიშვილი.
ანუ, თქვენ თვლით, რომ ის ჩრდილქვეშ მაინც იქნება და ხელისუფლებას ის განაგებს?
- მასთან იქნება ანგარიშვალდებული ნებისმიერი „ქართული ოცნების“ თანამდებობის პირი.