„ბოკერიას სანაცნობოს იმედი ტყუილად აქვს, ამერიკაში პოლიტიკას და მეგობრობას ერთმანეთში არ ურევენ, ხოლო პოლიტიკოსი ამას ხმამაღლა არ უნდა ამბობდეს“

„ბოკერიას სანაცნობოს იმედი ტყუილად აქვს, ამერიკაში პოლიტიკას და მეგობრობას ერთმანეთში არ ურევენ, ხოლო პოლიტიკოსი ამას ხმამაღლა არ უნდა ამბობდეს“

ოპოზიციაში დაპირისპირება სულ უფრო მწვავდება-„ევროპელების“ ლიდერი გიგი უგულავა ოპოზიციას მოუწოდებს, რომ „მოქალაქეები“ და „გირჩი“ საერთოდ გარიყონ. ალეკო ელისაშვილი კი ამბობს, რომ ადამიანი იმის გამო, რომ  სხვაგვარად ფიქრობს, ის განგრენად არ უნდა გამოცხადონ და მისი მოკვეთის სურვილი არ უნდა გაუჩნდეთ. მანამდე კი „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ მედიაში „ევროპელები“ პირდაპირ დაადანაშაულა იმაში, რომ მათ მოლაპარაკების ჩაშლა სურდათ და ამისთვის ყველაფერს აკეთებდნენ. მისი თქმით, ბოკერიას და უგულავას ამერიკის ახალი ადმინისტრაციის იმედი აქვთ, სადაც სანაცნობო წრე ჰყავთ და ფიქრობენ, რომ ამის მეშვეობით ხელისუფლების მიმართ პოზიციები შეიცვლება და ზეწოლა გაძლიერდება, შესაბამისად, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობაც გაჩნდება.

ხვიჩია და ელისაშვილი ასევე „სტარტეგია აღმაშენებლის“ ლიდერს გიორგი ვაშაძეს უპირისპირდებიან და ამბობენ, რომ მას ბოკერია და მერაბიშვილი, შესაძლოა, გარკვეული კომპრომატებით აშანტაჟებდნენ, ამიტომაც მან მათთნ შეხვედრაზე უარი თქვა. ხვიჩია „ლელოსაც“ შეეხო და აცხადებს, რომ ჯაფარიძე იყო სწორედ ის პირი, რომელიც ხელისუფლებასთან ურთიერთობდა და მათი შეთავაზებების შესახებ მისგან იგებდნენ.

ანალიტიკოსები კი ამბობენ, რომ ამ დაპირისპირების ფონზე, ხელისუფლების პოზიციები სულ უფრო ძლიერდება და მოლაპარაკების მე-5 რაუნდზე, რომელიც თვის ბოლოს უნდა გაიმართოს, გამორიცხულია, რომ ხელისუფლება რამე კომპრომისზე წავიდეს, ხოლო მოლაპარაკების მაგიდაზე იმაზე მეტი დადოს, რაც აქამდე შეთავაზება ჰქონდა.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-სთან ამბობს, რომ ოპოზიციის დაქსაქსულობა და დაპირისპირება, რა თქმა უნდა, მმართველ პარტიას აძლიერებს და მის პოზიციებს საზოგადოებაში კიდევ უფრო ამყარებს, მით უმეტეს, როცა ოპოზიციის ნაწილი დესტრუქციულია და მხოლოდ ხელისუფლების სკამებისთვის იბრძვის და არა უკეთესი პოლიტიკის გატარებისთვის. ამიტომაც, ოპოზიციის ასეთი ქმედებები კიდევ უფრო დააჩქარებს იმ პროცესებს, რომ პოლიტიკურ ველზე კონსტრუქციული და შინაარსობრივად კრიტიკული ოპოზიციური პარტია გამოჩნდეს. ანალიტიკოსი ამ პროცესების დაწყებას ამ წელს ელოდება და ფიქრობს, რომ ის პოლიტიკური ძალა, ვინც პარლამენტში შევა, შანსი ეძლევა, რომ გახდეს ახალი პოლიტიკური ძალა.

„რაც შეეხება „გირჩის“ ლიდერის იაგო ხვიჩიას განცხადებას, რომ გიორგი ვაშაძესთან პოზიციები თითქმის შეთანხმებული ჰქონდათ და ბოლო დროს შეხვედრაზეც კი კატეგორიული უარი განაცხდა, რა თქმა უნდა, ეჭვებს ბადებს და ჩნდება ლოგიკური კითხვაც - მას ხომ არავინ აშანტაჟებს? ენმ-ის მმართველობის პერიოდი იმდენად მორყეული და ყველანაირ რეალურ მმართველობას დაცილებული იყო, რომ გამორიცხული არაფერია. იმდენი შავბნელი საქმეები კეთდებოდა, რომ არაფერი არ გამიკვირდება. ჩვენ ვიხილეთ და გაგვიგია, რომ თურმე ერთმანეთსაც კი უსმენდნენ და საძინებლებშიც კი კამერები ჰქონდათ დამონტაჟებული. ერთიმეორეზე დაბეზღებები იყო, ამიტომაც მათგან არაფერი გამიკვირდება. არ არის გამორიცხული, რომ ოპოზიციის ლიდერებზე ფსიქლოგიურ ზეწოლასაც ახდენენ. ეს არის მათი ხელწერა, რომელიც წლების განმავლობაში არ იცვლება“, - აცახდებს აბაშიძე for.ge-სთან.

რაც შეეხება ხვიჩიას იმ განცახდებას, რომ „ევროპელებს“ გაზაფხულზე ამერიკის ახალი ადმინისტრაციის იმედი აქვთ და ფიქრობენ, რომ გიგა ბოკერიას ნაცნობობით მათთან კომუნიკაციას შეძლებენ და „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ ამერიკიდან პოზიციები შეიცვლება, აბაშიძე ამბობს, რომ ეს არის ტყუილი ილუზიის შექმნა, რადგანაც ამერიკის ხელისუფლება პოლიტიკას ნაცნობობაზე დაყრდნობით არ აწარმოებს. არც ერთი ამერიკის მაღალჩინოსანი გადაწყვეტილებებს ბოკერიას მითითებებით და მხოლოდ მისი ინფორმაციით არ იღებენ.

„ეს ძალიან დიდი ტყუილი და ილუზია „ევროპელებმა“ თავისი ვიწრო ამომრჩევლისთვის შექმნეს. არ მინდა დავიჯერო, რომ ეს ადამიანები ამერიკის პოლიტიკის თავისებურებებში ვერ ერკვევიან. იქ მნიშვნელოვანია, რომ ამერიკის ხელისუფლების მხარდაჭერა ჰქონდეს არა რომელიმე კონკრეტულ პარტიას, არამედ ქვეყანას. მათ საქართველოს განვითარებაში მილიონობით დოლარი აქვთ ჩადებული და ეს ილუზია მათ შორს ვერ წაიყვანს. ეს არის ისეთი მორიგი ტყუილი, როგორც სააკაშვილი ხვალ ჩამოვა ან ივანიშვილი ამერიკაში კაპიტოლიუმში შეჭრას აფინანსებდა. ესენი ამ ტყუილებით შორს ვერც ბაიდენთან ურთიერთობაში წავლენ და ვერც ევროპელ ლიდერებთან“,-აცხადებს აბაშიძე.

ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მოსაგები უკვე მოიგო, ამიტომაც მოლაპარაკების მაგიდასთან რა პოზიციაც ადრე მიიტანა, არამჯერად შეცვლის, მით უმეტეს იმ ფონზე, როცა ხედავს, რომ ოპოზიციის შიგნით თავად ვერ ყალიბდებიან, რა უნდათ. ამიტომ ხელისუფლებას დიდად არც აქვს იმის სურვილი, რომ დესტრუქციული ოპოზიცია პარლამენტში შევიდეს. ამ ფონზე კი დასავლეთს უმტიკიცებს რწმენას, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და ოპოზიციას არანაირი მოლაპარაკებაც არ უნდა.

„ოცნებას“ პარლამენტში უმრავლესობა ჰყავს, ამიტომაც სულაც არა აქვს სურვილი, რომ ეს დესტრუქციული და რადიკალური ოპოზიციური ძალა პარლამენტში შევიდეს. არ ველი, რომ ხელისუფლება მოლაპარაკების მაგიდაზე იმაზე მეტს დადებს, რაც აქამდე დადო. ფაქტი ერთია, რომ დიდი ალბათობით „მოქალაქეები“ და „გირჩი“ პარლამენტში შევა, ეს კი „ოცნებას“ იმის თქმის საშუალებას მისცემს, რომ მოლაპარაკებები პროდუქტიულად ჩათვალოს და მრავალპარტიული პარლამენტიც ჰქონდეს. ამიტომ ეს დაპირისპირება ხელს მმართველ გუნდს აძლევს და მის პოზიციებს კიდევ უფრო ამყარებს. ეს გინდა საზოგადოების თვალში იყოს და გინდა დასავლეთის“, - აცახდებს საყვარელიძე for.ge-სთან.

მისივე თქმით, ოპოზიციის ნაწილის მოლოდინი, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია „ოცნების“ ხელისუფლების მიმართ პოზიციებს შეიცვლის, მცდარი და ფუჭი იმედებია. „ევროპელებს“ საკუთარი ხალხის იმედი უნდა ჰქონდეს და არა ამერიკის ხელისუფლების.

„ბოკერიას აქვს საფუძველი ივარაუდოს, რადგანაც მისი სანაცნობოს დიდი ნაწილი სწორედ ბაიდენის ბანაკში არიან. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, ამერიკაში მეგობრობა და ნაცნობობა ერთია, ხოლო პოლიტიკა მეორე. ტრამპი სააკაშვილის მეგობარიც იყო, მაგრამ ინაუგურაციაზე საშვიც კი არ მისცეს და ბუჩქებიდან ტელეფონზე რეკავდა. რაც შეეხება დემოკრატების სიმპათიას „ნაციოანლების“ მიმართ, ობამაც იყო პრეზიდენტი, მაგრამ სააკაშვილი ახლოსაც არ გაიკარა. ასე რომ, ბოკერიას სანაცნობოს იმედი ტყუილად აქვს, რადგანაც ისინი პოლიტიკას და მეგობრობას ერთმანეთში არ ურევენ. ისე ამას წესით, პოლიტიკოსი ხმამაღლა არ უნდა ამბობდეს. უცხო ქვეყნის ძალებზე დაყრდნობით ხელისუფლებაში მოსვლა სირცხვილია. საქართველოს ისტორიაში ასეთი მეფე რამდენიმე იყო, მაგალითად ერეკლე პირველი, რომელიც სხვისი ჯარით შემოვიდა და მეფე გახდა, მაგრამ ისტორიამ საერთოდ დაივიწყა“,-აცხადებს საყვარელიძე for.ge-სთან.