„ნაციონალები“ გამუდმებით რევოლუციაზე ლაპარაკობდნენ, ხან კულტურულ, ხანაც ნგრევისა და აღშფოთებული მასის მიერ ყველაფრის წალეკვის კონტექსტში. ალბათ, არც ერთ სიტყვას არ ჰქონია გასულ წელს იმდენი დატვირთვა, რამდენიც სიტყვა „რევოლუციას“. რევოლუცია „ნაციონალებისთვის“ და „ევრონაცებისთვის“ ერთდროულად იყო ლეგიტიმურიც, მშვიდობიანიც, დამსახურებულიც, ალტერნატიულიც, მენტალურიც, არამენტალურიც და ა.შ.
დღეს კი ტერმინი „რევოლუცია“ მილევად რეჟიმშია და ეს სიტყვა ოპოზიციონრების ლექსიკიდან თანდათან ქრება.
რატომ უარყვეს „ნაცებმა“ რევოლუციური გზა?
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ რევოლუციების ეპოქა დასრულდა. თავის დროზე რევოლუციის ტალღა დაკავშირებული იყო მთელ მსოფლიოში ლიბერალიზმის გაბატონებასთან. ამერიკელი პოლიტოლოგის ფრენსის ფუკუიამას ცნობილი წიგნია „ისტორიის დასასრული“, დისკურსი ფერადი რევოლუციების შესახებ ამას მოჰყვა, მარტო საქართველოში კი არა, მთლიანად მთელ მსოფლიოში. ლიბერალიზმის სურვილია, მთელ მსოფლიოში დამყარდეს ახალი წეს-წყობილება, მათი აზრით, ყველაზე სამართლიანი, ყველაზე ღირსეული და ადამიანის უფლებებზე დამყარებული, თავისუფალი ბაზრის გაბატონებაზე ორიენტირებული. ამ საერთაშორისო დაკვეთას მოჰყვა ის, რომ მხარი დაუჭირეს ე.წ. ვარდების რევოლუციას.
„სინამდვილეში, ეგ არავითარი რევოლუცია არ ყოფილა. რევოლუცია არის მდგომარეობა, როცა ერთი სოციალური წეს-წყობილება მეორეთი იცვლება. ვარდების რევოლუციით რა შეიცვალა წეს-წყობილების თვალსაზრისით? არაფერი. ხელისუფლება შეიცვალა და, პირიქით, ორიენტირებული რომ იყო შევარდნაძის ხელისუფლება ძალაუფლების მონოპოლიზებაზე და მასში იყო პოლიტიკური მდგენელი კორუფციისა, სწორედ ეს განახორციელა სააკაშვილის რეჟიმმა, მეტი არაფერი. ვარდების რევოლუციის შედეგი რა იყო? პლურალიზმის შეზღუდვა, ძალაუფლების მონოპოლიზება. თუ გახსოვთ, მაშინდელ 2003 წლის არჩევნებში ექვსი პარტია იყო შესული პარლამენტში და მეტ-ნაკლებად ეს პარტიები იყვნენ თანაბარზომიერნი, სააკაშვილმა, როგორც „მოქალაქეთა კავშირის“ მემკვიდრემ, მოახერხა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აბსოლუტურად მარტო დარჩა ბრძოლის ველზე“, -აცხადებს დავით ზარდიაშვილი და მიიჩნევს, რომ დღევანდელი პოლარიზებაც ამას უკავშირდება.
სწორედ აქიდან დაიწყო პარტიულ-პოლიტიკური სისტემის პოლარიზება, რომელმაც დღეს სრულ კრახამდე მოგვიყვანა. პოლარიზების შედეგია, რომ პარტიები ერთმანეთს უყურებენ, როგორც მტრებს, რაც წარმოუდგენელია, რადგან პარტიები არიან ერთმანეთის კონკურენტები, მაგრამ ისინი, ამავდროულად, არიან პარტნიორებიც.
დავით ზარდიაშვილის აზრით, რევოლუციური მოტივაცია ხალხში არც დღეს არის და არც 2003 წელს არ ყოფილა. ხალხი მაშინაც არ იყო, უბრალოდ, იმ პერიოდში კითხვა დაისვა, რას უნდა დაუჭიროს მხარი დასავლეთმა აღმოსავლეთ ევროპაში-თავისუფალ კონკურენციას, თუ პირდაპირ ღიად დაუჭიროს მხარი ისეთ რეჟიმებს, რომლებიც ავტორიტარულნი არიან, მაგრამ ლიბერალურ ღირებულებებს სიტყვიერად მაინც აღიარებენ. უპირატესობა მეორეს მიანიჭეს, რადგან, მათი აზრით, არაპროგნოზირებადია საბჭოთა სივრცე, ხელისუფლებაში შეიძლება მოვიდნენ ფაშისტები, ან გიჟები, ამიტომ გადაწყვიტეს, მხარი დაუჭირონ ისეთ ხალხს, ვინც ლიბერალიზმს აღიარებს, თუნდაც ავტორიტარული იყოს მათი ხელისუფლება. ამიტომაც მოხდა 2003 წელს ვარდების რევოლუციის მხარდაჭერა. გარკვეულწილად, ეს იყო ავანსის გაცემაც, მაგრამ ეს ნდობა ამოიწურა აგვისტოს ომისთანავე.
„სააკაშვილმა ასეთ შარში გახვია არა მარტო საქართველო, არამედ ამაყობდა კიდეც, ლამის საქართველოს გამო მესამე მსოფლიო ომი დაიწყოო. რეალურად, მესამე მსოფლიო ომი საქართველოდან რომ დაწყებულიყო, ჩვენგან ხომ არაფერი დარჩებოდა. ეს იქნებოდა, რაზეც ოცნებობდა ლავროვი, რომ მოხდებოდა საქართველოს ანიჰილაცია, ანუ ფიზიკური გაქრობა. ამ საფრთხის წინაშე დაგვაყენა სააკაშვილმა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
„საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის“ ასოცირებული პროფესორი, საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი თენგიზ ფხალაძე for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობაში არანაირად რევოლუციური განწყობა არ არსებობს. თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ ჩვენ არასოდეს არ უნდა დავბრუნდეთ რევოლუციების ეპოქაში, რადგან ეს არის უკიდურესი გზა. ამიტომ დროულად უნდა მიეხედოს იმ პროცესებს, რაც დღევანდელ დღეს ხდება, კერძოდ, პოლიტიკოსებმა პროცესები უნდა გაითავისონ და გაიაზრონ, რომ რადიკალიზაცია არაფერ კარგის მომტანი არ არის. თავიანთი ქმედებებით არ უნდა წაახალისონ რადიკალიზაცია, არ უნდა წაახალისონ პოლარიზაცია და ორიენტირებულნი იყვნენ კონსტრუქციულ ქმედებაზე.
„ხელის გადაგრეხვით, ძალის პოზიციიდან ლაპარაკი დაუშვებელია. ცივილიზებული და დემოკრატიული სახელმწიფოები იმით განსხვავდებიან სხვებისგან, რომ ისინი ახერხებენ კონსტრუქციულ ჭრილში პრობლემის მოგვარებას. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველო მიისწრაფვის დემოკრატიული ოჯახებისკენ, როგორიცაა ევროკავშირი, ნატო, ისიც უნდა ვისწავლოთ, თუ როგორ გადავლახოთ პოლიტიკური კრიზისი“, - აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.