ბიძინა ივანიშვილის ათწლიანი პოლიტიკური კარიერის დასრულების შემდეგ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე გადაინაცვლა.
პარტიის ახლადარჩეული თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის წასვლა მათთვის სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, ისინი ყველა გამოწვევას გუნდის ერთიანობით უპასუხებენ.
„მთავარია, რომ გუნდში არის ერთიანობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, გამოწვევა არის სერიოზული, როცა ასეთი რესურსის მქონე პარტიის თავმჯდომარე ტოვებს პოლიტიკას და პოლიტიკურ გუნდს, მაგრამ ჩვენ გუნდის ერთიანობით ვუპასუხებთ აბსოლუტურად ყველა გამოწვევას და ამის შედეგებს იხილავს ქართული საზოგადოება. რა თქმა უნდა, მე ვიქნები დამოკიდებული ჩემი გუნდის წევრებზე, დამოკიდებული ვიქნები პოლიტსაბჭოზე, 44 000 წევრზე, რომელსაც აერთიანებს „ქართული ოცნება“, - განაცხადა კობახიძემ.
for.ge-თან საუბრისას ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე აცხადებს, რომ კობახიძის პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დანიშვნა ნიშნავს იმას, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტია და ივანიშვილის აჩრდილი კაბინეტებში დარჩა.
ირაკლი კობახიძე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ აირჩიეს. როგორ ფიქრობთ, მმართველი გუნდიდან რამდენად მართებული ნაბიჯია მისი დანიშვნა ამ პოზიციაზე?
- ირაკლი კობახიძის დანიშვნა მართებულია თუ არა, ამას დრო გვიჩვენებს. მთავარია, „ქართულ ოცნებაში“ პროცესები როგორ წარიმართება. ფაქტია, ირაკლი კობახიძე „ოცნების“ ლიდერია, ვინმეს მოსწონს თუ არ მოსწონს, ეს სხვა საკითხია. მინდა აღვნიშნო, რომ მას საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი იყო, ამასთან ერთად პარლამენტის თავმჯდომარის პოსტს იკავებდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ის აკადემიური წრიდან მოდის. ის არის კონსტიტუციონალისტი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი და მისი შეხედულებები ქართულ კონსტიტუციასთან დაკავშირებით ერთმანეთს არ ემთხვევა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ კონსტიტუციისადმი მის მიდგომებს რასაც ვიცნობ, არის საკმაოდ მაღალი დონის.
საერთოდ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეობის ოთხი კანდიდატი იყო - კალაძე, გახარია, თალაკვაძე და კობახიძე. პირველი სამი გადანაწილებულია მაღალ პოსტებზე. შესაბამისად, პარტიული იერარქიულ მოდელში, პარტიის თავმჯდომარე თავისუფალი ფიგურაა. ამიტომ, კობახიძის დანიშვნა მოულოდნელი არ ყოფილა.
თუმცა, ირაკლი კობახიძე როგორც ოპოზიციაში, ასევე საზოგადოების ნაწილში არაპოპულარულია...
- რაც შეეხება ოპოზიციის შეფასებებს, ვერ დამისახელებთ კანდიდატურას, რომელიც ოპოზიციისთვის მოსაწონი იქნებოდა. რა თქმა უნდა, ასეთი კანდიდატი არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს. კონკურენტი პარტიის თავმჯდომარე რატომ უნდა მოგწონდეს?!
ასევე საუბარი მიმდინარეობს იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილის წასვლის წამიდან კობახიძე-კალაძე-გახარიას შორის „შავმა კატამ“ გადაირბინა და ლიდერობისთვის პაექრობა დაიწყო და მათი გუნდურობა ფასადური სახისაა...
- ამას ყველაფერს დრო აჩვენებს. დღეს, ივანიშვილის წასვლამ „ქართულ ოცნება“ საკმაოდ მძიმე ვითარებაში ჩააყენა. მე არ ვიცი კალაძე-გახარიას ან კობახიძეს პარტიაში რა გავლენები აქვთ, მაგრამ, ჯერჯერობით, უნდა ითქვას, იმ დანაკლისის შესავსებად, რომელიც ივანიშვილის წასვლით არის გამოწვეული, პარტიის თავმჯდომარის დანიშვნა აუცილებელი იყო, რათა თუ დაპირისპირება მართლაც არის გარეთ არ გამოვიდეს.
მეორე - თუ ქართული პოლიტიკის ტრადიციას გავითვალისწინებთ, ეს განხეთქილება რომც მოხდეს, არ მგონია კრიზისამდე მივიდეს. დაპირისპირების ფონზე, პარტიის სათავეში ვინც არ უნდა მოვიდეს, 77 მანდატი ექნება. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ განხეთქილების შემთხვევაშიც კი, გამარჯვებულ ლიდერს უმრავლესობა ეყოლება. უმრავლესობა იმისა, რომ პოლიტიკურ კრიზისამდე ქვეყანა არ მიიყვანოს და ხელისუფლება შეინარჩუნოს. ვფიქრობ, თუ ეს დაპირისპირება განხეთქილებამდე მივიდა, „ქართული ოცნების“ გამარჯვებული ლიდერი უმრავლესობას შეინარჩუნებს.
ლიდერი ახსენეთ და შეიძლება ითქვას, რომ ირაკლი კობახიძემ კალაძე-გახარია-თალაკვაძეს ლიდერობაში აჯობა და ის ბიძინა ივანიშვილის ფავორიტი პოლიტიკოსია?
- დარწმუნებული ვარ, რომ კობახიძე ივანიშვილის ფავორიტია. მის გარეშე კობახიძის დანიშვნა არ მოხდებოდა. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ახალი თუ ძველი წევრების თაობაზეც, ყოველ შემთხვევაში, ივანიშვილი ინფორმირებული იქნებოდა. ამასთან ვიღაცამ ვიღაცას აჯობა, ამის თქმაც არ შეიძლება, რადგან არ ვიცით რეალურად ეს დაპირისპირება არსებობს? არის კი ამაზე საუბარი? ჯერჯერობით ეს არ ჩანს.
ბიძინა ივანიშვილის წასვლის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ მან საზოგადოებას აჩვენოს თუ რა ხდება გუნდში მის გარეშე?
- ივანიშვილს არავისთან არაფრის დამტკიცება არ სჭირდება. ის „ქართული ოცნების“ უპირებო ლიდერი იყო. მისი მესამედ დაბრუნება ცოტა კომიკურ სახეს კი მიიღებს. მტერი და მოყვარეც იმას თვლიდა, რომ ივანიშვილი ყველაფრის გადამწყვეტი იყო. ვინმესთან რაიმის დამტკიცება რაში სჭირდება?!
მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, როგორ ფიქრობთ, ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებში მაინც ჩაერევა?
- ასეთი მოსაზრება არის. ვერ გეტყვით, ჩაერევა თუ არა, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, რომ ის ერთხელ უკვე წავიდა და ვიცოდით, რომ საჯარო სივრციდან წავიდა, თუმცა დარჩა ისე, როგორც იყო. კულუარებიდან პოლიტიკურ სიტუაციას მაინც მართავდა. ამჯერად არ ვიცი, ამბობს, რომ წავედი და მეტს აღარ ვიზამო. უნდა ვნახოთ და შევხედოთ. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავ. მათ შორის ვერც იმას, რომ მობრუნდება თუ არ მობრუნდება, რადგან ეს გარანტირებული არ გვაქვს. რასაც ვუყურებ, ივანიშვილის აჩრდილი ჯერჯერობით კაბინეტებში დარჩა.