ბიძინა ივანიშვილის პარტიიდან წასვლის შემდეგ ახალი პოლიტიკური რეალობა შეიქმნა, როგორც ქვეყანაში ასევე პარტიაში. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ყრილობაზე, ირაკლი კობახიძე პარტიის თავმჯდომარედ სრული თანხმობით აირჩიეს და მან ივანიშვილი ჩაანაცვლა. ანალიტიკოსთა შეფასებით, ასეთი არჩევანი იმითაა განპირობებული, რომ კობახიძეს დამოუკიდებელ პოლიტიკურ მოთამაშედ ქცევის პოტენციალი არ აქვს. პარტიის ის სხვა ლიდერები კი, ვისაც ამის ამბიცია გააჩნია, „ოცნების“ შიგნით განაგრძობენ ბრძოლას გავლენებისათვის და ამ შიდაპარტიულ კონკურენციაში გამარჯვებული წელს დაგეგმილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე გამოჩნდება.
ანალიტიკოსები კონკრეტულ ლიდერებს ასახელებენ - მათი პროგნოზით, გუნდის შიგნით კახა კალაძის, გიორგი გახარიას და ირაკლი ღარიბაშვილის დაჯგუფებები დამოუკიდებელ მოქმედებებს დაიწყებენ. კობახიძე კი, როგორც არც ისე პოპულარული პოლიტიკური ფიგურა, მათი მხრიდან კონკურენტად არ აღიქმება და ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნა არანაირ საფრთხეს არ უქმნით.
თუმცა, ამ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება თვითმართველობის არჩევნებამდე არ გაღრმავდება. არჩევნების შედეგები კი პარტიასა და იქ არსებულ დაჯგუფებებზე დიდ გავლენას მოახდენს.
ანალიტიკოსთა უმრავლესობის აზრით, ყველაზე ძლიერი ფიგურა მაინც კალაძეა, რომელსაც შესაძლოა პრემიერობის სურვილიც კი გაუჩნდეს. რაც შეეხება ახალი პოლიტსაბჭოს შემადგენლობას, ყველა მათგანი ბიძინა ივანიშვილის ერთგული კადრია, ამიტომაც ამ მხრივ გავლენები ვერცერთ ჯგუფზე ვერ გადანაწილდება.
ახალი „ოცნება“ და პარტიის ლიდერთა მთავარი მესიჯები
ირაკლი კობახიძე ამ დრომდე, პარტიის აღმასრულებელი მდივნის თანამდებობას იკავებდა, ახლა კი ის პარტიის თავმჯდომარე გახდა. პარტია „ქართულ ოცნებაში“ გენერალური მდივნის პოსტზე ისევ კახა კალაძე აირჩიეს. ვასილ მაღლაფერიძე კი პარტია „ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა.
„ქართული ოცნება = დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობა 15-დან 21-მდე გაიზარდა. საბჭოს განახლებული შემადგენლობაში არიან:
კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახა კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ვანო მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე, თორნიკე რიჟვაძე და პარტიის თავჯდოიმარე ირაკლი კობახიძე.
ყრილობას, რომელიც „ექსპო-ჯორჯიაში“ გაიმართა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 400-მდე დელეგატი ესწრებოდა. სიტყვით გამოსვლისას პარტიის ლიდერები პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს უხდიდნენ მადლობას და ამავდროულად, კეთდებოდა კონკრეტული მინიშნებებიც.
ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ივანიშვილის წასვლა პარტიისთვის გამოწვევაა და ამ პირობებში დიდი მნიშვნელობა ექნება შიდაპარტიული ერთიანობისა და სიმტკიცის შენარჩუნებას.
„ბიძინა ივანიშვილის ჩვენი გუნდიდან წასვლა ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, რა თქმა უნდა, სერიოზულ გამოწვევას ნიშნავს. ამ გამოწვევაზე პასუხი უნდა იყოს გუნდის სიმტკიცე და ერთიანობა, კიდევ უფრო მეტი თავდადება და შემართება ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ. ასევე, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მადლობა გადავუხადო პირადად ჩემთვის, გამოცხადებული ნდობისთვის. მადლობას ვუხდი პოლიტსაბჭოს და ჩემი გუნდის ყველა წევრს ნდობის გამოცხადებისთვის," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლა საქართველოს დემოკრატიული განვითარება უკვე გარანტირებულია და პოლიტიკიდან ივანიშვილის წასვლიღ „რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი დაიწყო“.
„ახლა, როდესაც ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული განვითარება გარანტირებულია, ბიძინა ივანიშვილი პირნათელი და ვალმოხდილი ტოვებს პოლიტიკას. დარწმუნებული ვარ, თითოეული თქვენგანი, ყველა ჩვენი მხარდამჭერი კარგად აცნობიერებს, თუ რამდენად მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენაზე ვსაუბრობთ. რასაკვირველია, ეს რაღაც ახლის და მნიშვნელოვანის დასაწყისია, როგორც მაშინ, როდესაც ყველამ ერთად, ამ ქვეყნის მოქალაქეებს მთავარი ღირებულება თავისუფლება დავუბრუნეთ.
„ჩვენ, განვლილი წლების განმავლობაში არაერთი დიდი მიღწევა გვქონდა, გარკვეული შეცდომებიც დავუშვით და რა თქმა უნდა გულდასაწყვეტია ის, რის გაკეთებაც ვერ შევძელით და ისიც გულდასაწყვეტია, ვინც ჩვენს თანაგუნდელად მიგვაჩნდა, მაგრამ სხვა გზა აირჩიეს. მიუხედავად ამისა, რამდენიც არ უნდა ვისაუბრო დღეს ამ ტრიბუნიდან, სწორედ ჩვენი პოლიტიკური გუნდია იმ ისტორიული მოვლენის მთავარი მოქმედი პირი, რაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირდა, როდესაც ჩვენი მოსახლეობის უპრეცედენტო გადაწყვეტილებით, „ქართულ ოცნებას“ მესამე ვადით მიენიჭა ნდობა“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ურეიტინგო ლიდერი და სამი გუნდის შიდა ბრძოლა პარტიაზე კონტროლისთვის
ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარეობა „ოცნების“ შიგნით არსებული სხვადასხვა ჯგუფებისათვის მისაღებია, რადგან მისგან ნაკლებ საფრხეს ელიან.
„საზოგადოებისთვის ყველაზე მიუღებელ ადამიანს ირჩევენ უფროსად, რადგანაც ვერანაირი პრობლემა ვერ შექმნას. ამიტომ დარტყმის ქვეშ აყენებენ კობახიძეს, რათა არჩევნებამდე სხვა ლიდერები და მათი გუნდი მივიდეს.
„ახლა პარტიაში ყველაზე ძლიერი და დამოუკიდებელი ფიგურები არიან კახა კალაძე, გიორგი გახარია და ირაკლი ღარიბაშვილი. სამივე ეს ლიდერი ახლა კონცეტრირებული იმაზე იქნება, რომ საკუთარი გავლენები როგორც პარტიის შიგნით, ასევე საზოგადოებაში გაიმყარონ.
„კალაძე ახლა ყველაზე მობილიზებული და დამოუკიდებელია. ისაა ქალაქის არჩეული მერი და მას პარტიის თავმჯდომარეობა საერთოდ არაფერში სჭირდება. ის თვითმართველობის არჩევნებისთვის მაქსიმალურად მოემზადება, რათა ოპოზიციას მარცხი კიდევ ერთხელ მწარედ აგემოს და არ გამოვრიცხავ, რომ პრემიერობაზეც გამოთქვას პრეტენზია. კალაძეს უნიკალური შანსი აქვს, რომ უფრო გაძლიერედეს და ამიტომაც „ოცნების“ შიგნით არანაირი დაპირისპირება არ სჭირდება. ურჩევნია „ქართულ ოცნებაში“ არაპოპულარული ფიგურა იყოს, ვიდრე საზოგადოებაში. ის თუ მერობაზე თავის კანდიდატურას აღარ დააყენებს, მაშინ პრემიერობა უნდა. აი, მერე უკვე შეიძლება მისი ამბიციების რეალიზება დაიწყოს. მას ურჩევნია პარტიას არაპოპულარულმა ფიგურამ მიხედოს, რომელიც მისთვის ნაკლები კონკურენტი და საფრთხეა“, - აცახდებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
მისივე თქმით, მსგავსი პოზიცია აქვს გიორგი გახარიასაც. მასაც ურჩევნია, რომ ქულები პრემიერ-მინისტრობით ჩაიწეროს და კიდევ უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა გახდეს. ანალიტიკოსის აზრით, ორივე - გახარიაც და კალაძეც, პარტიულ კინკლაობას და პრობლემებს განერიდნენ. თუმცა დამოუკიდებლად გავლენებისთვის თამაშს დაიწყებენ.
მსგავს მოქმედებას ზაქარეიშვილი ირაკლი ღარიბაშვილისგან ელის და მისი აზრით, ეს სამი ლიდერი და მათი დაჯგუფებები იქნებიან ყველაზე აქტიურები ადგილობრივ არჩევნებამდე დარჩენილი 10 თვის განმავლობაში და დიდ პოლიტიკურ თამაშში ჩაებმებიან, სადაც ყველას თავისი მიზანი და გეგმები ექნება.
„კალაძე იმერეთიდან და ქვემო ქართლიდან ბევრ ხმას აიღებს. იქ საკმაოდ პოპულარულია. თბილისში, მარნეულში და ბოლნისშიც ბევრი ხმების აღებას შეძლებს. ღარიბაშვილს კახეთი აქვს, გახარიას კი - სამეგრელო. ამიტომაც ეს სამი ლიდერი დიდ კონკურენციაში იქნება. კობახიძე ამათ შორის ყველაზე სუსტი რგოლია. თვითმართველობის არჩევნებისთვის ის პრობლემებს და კონკურენციას არავის შეუქმნის. ამიტომაც მისი თავმჯდომარედ დანიშვნა ყველა დაჯგუფებას აწყობს.
„კობახიძე ძლიერი რეგიონის წარმომადგენელი რომ ყოფილიყო, მას თავმჯდომარედ არავინ დანიშნავდა. მისი მართვაც და თავიდან მოშორებაც ივანიშვილს თუ დასჭირდა, ადვილად შეძლებს. ივანიშვილი რაც არ უნდა უყვარდეთ და მოსწონდეთ, ყველას თავისი მომავლის შექმნა უნდა. ამიტომ, ადრე თუ გვიან, თუ კი თავის ინტერესებს სხვაგან დაინახავენ, შესაძლოა ივანიშვილსაც კი განუდგნენ და სხვაგან წავიდნენ. ამ ფონზე მუშაობა კობახიძესთან, რადგანაც ძალიან სუსტი რგოლია, ფიქრობენ, რომ გაუადვილდებათ“, - აცხადებს ზაქარეიშვილი „რეზონანსთან“.
იგი თვითმართველობის არჩევნებამდე „ქართული ოცნების“ შიგნით არანაირი დაპირისპირებას არ ელის. ხოლო თუ კი თვითმართველობის არჩევნებზე „ოცნების“ საქმე ისე არ წავიდა, როგორც მათ უნდათ და დამარცხდნენ, მაშინ, მისი აზრით, შიდა დაპირისპირება შესაძლოა იმ დონემდე გაღრმავდეს, რომ ივანიშვილი ან უკან დაბრუნდეს, ან კიდევ პარტია დაიშალოს.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე „რეზონანსთან“ ამბობს, რომ ირაკლი კობახიძის პარტიის თავმჯდომარის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიიღო, ამიტომაც კახა კალაძეს, გიორგი გახარიას, ირაკლი ღარიბაშვილს და სხვებს, სიამოვნებთ თუ არა ეს ფაქტი, იძულებული არიან შეეგუონ.
ძაბირაძის ვარაუდით, ეს გადაწყვეტილება იმით არის განპირობებული, რომ ივანიშვილი კობახიძეს ყველაზე მეტად ენდობა. გარდა ამისა, მას პარტიის მართვის გამოცდილებაც აქვს და ოპოზიციასთან ხისტი პოზიციითაც გამოირჩევა, რაც ივანიშვილისთვის მისაღებია.
„კომპლექსურად ამ ყველაფერს თუ გავითვალსიწინებთ, მას ყველაზე კარგი მონაცემები აქვს ივანიშვილის გადმოსახედიდან იმისთვის, რომ პარტია მართოს. როგორც ჩანს, ძირითადად ეს გარემოებები იყო, რისთვისაც ივანიშვილმა ის პარტიის თავმჯდომარედ შეარჩია. გარდა ამისა, გახარიას და კალაძეს საკმაოდ საპასუხისმგებლო პოზიციები უკავიათ და ამის პარალელურად ისინი უფრო დამოუკიდებელი პოლიტკური ფიგურები არიან, რაც ივანიშვილისთვის დამატებით საფრთხის შემცვლელია. კობახიძე კი არის ადამიანი, რომელიც საუბრობს და აკეთებს იმას, რაც ივანიშვილს მოსწონს და უნდა.
„თუ გავითვალისწინებთ, რომ ოპოზიციისთვის კობახიძე საკმაოდ მიუღებელი ფიგურაა, ესეც გახდა მთავარი კრიტერიუმი იმისთვის, რომ ის ამ თანამდებობაზე დანიშნულიყო. ოპოზიციისთვის სასურველ კანდიდატს ახლა ივანიშვილი ვერ დააყენებდა.
„რა თქმა უნდა, „ოცნებაში“ რამდენიმე ჯგუფი გავლენების გამყარებას შეეცდება. მითუმეტეს იმ ფონზე, როცა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წავიდა. თუმცა, რეალურად ეს ასეა თუ არა, არავინ იცის. ამიტომაც გახარიას, კალაძის, ღარიბაშვილის დაჯგუფებები თუ გაძლიერედებიან, რომლებიც ყველაზე გავლენიანები არიან, ივანიშვილის ჩრდილის შიში მაინც მუდმივად ექნებათ. მითუმეტეს ახლა თვითმართველობის არჩევნებისთვის მათ შიდა დაპირისპირება არ სჭირდებათ და საერთოდ ინტერესებისთვის მაინც შეეცდებიან, რომ ერთად თანაცხოვრება შეძლონ“, -აცხადებს ძაბირაძე „რეზონანსთან“.