პოპ–პორტრეტები – Jefferson Airplane, ანუ ჯეფერსონის ფსიქოდელიური გაფრენა

პოპ–პორტრეტები – Jefferson Airplane, ანუ ჯეფერსონის ფსიქოდელიური გაფრენა

არსებობს ჯგუფები, რომელთაც ჩვენში გამოხატული თაყვანისმცემლები არ ჰყავს, თუმცა მათი იგნორირება, სიძველისდა  მიუხედავად, ალბათ არასწორი იქნებოდა და როკ მუსიკის მსმენელს შევახსენებთ, რომ გასული საუკუნის 60-იანი წლების შუახანს დაარსდა ჯგუფი, რომლის სახელთანაც მომავალში დაკავშირებული იქნებოდა აბსოლუტურად ყველა სოლიდური როკ ფესტივალი ატლამონტის იმ ავისმომასწავებელი ფესტივალის ჩათვლით, რომელზედაც მიკ ჯაგერზე თავდამსხმელი, „ჯოჯოხეთის ანგელოზებმა“ სიცოცხლეს გამოასალმეს.

Jefferson Airplane 1965 წელს სან-ფრანცისკოში Grateful Dead-ის იდეურ ტალღაზე შეიქმნა. მის იდეურ მამამთავრებად  მომღერალ-გიტარისტი პოლ კენტნერი და მარტი ბალინი იქცნენ. 

The Byrds-სა და Simon & Garfunkel აკუსტიკური მუსიკით გატაცებული დუეტი, თავიდან თითქოს იმ პერიოდში გამეფებულ ამერიკულ ფოლკ ბალადურ ჟანრს უნდა მიჰყოლოდა, მაგრამ ბრიტანულმა შეჭრამ, Jefferson Airplane-ის დამაარსებლები სხვა მხრივ განაწყო და ელექტრო ინსტრუმენტების ფართო დანერგვაზე გადააწყვეტინა. მალე კოლექტივს კიდევ ერთი - ბლიუზური ყაიდის  გიტარისტი - იორმა კაუკონენი დაემატა, მომღერლად კი სიგნი ანდერსონი აიყვანეს, რომელმაც მონაწილეობა სადებიუტო ალბომ Takes Off -ის ჩაწერაში მიიღო. ჯგუფი სექსტეტად ჩამოყალიბდა. აქედან სამ კაცს - კენტნერს, ბალინსა და კაუკონენს, ხელში გიტარები ეკავათ. 1966 წლისთვის ასეთი სუპერ გიტარული ჯგუფი, მართლაც რომ გაკვირვებას იწვევდა, თანაც იმ დაშვებით, რომ სამეულიდან სერიოზული გიტარისტი მხოლოდ იორმა კაუკონენი იყო, რომლის ვირტუოზობაც Jefferson Airplane-ს მაინცდამაინც არ ესაჭიროებოდა.

გამოხატულად სან-ფრანცისკოში მოღვაწეობის მიუხედავად, ალბომმა Takes Off,  მთელი ამერიკის მასშტაბით ჰპოვა გამოხმაურება, რადგან მის ჟღერადობაში იყო რაღაც ახალი და იქამდე შეუცნობელი. ორ-სამ წუთიან სიმღერებში აქცენტირება თითქოს მელოდიურობაზე უნდა ყოფილიყო გაკეთებული და Jefferson Airplane-ის მასშტაბით ეს მართლაც ასე იყო, მაგრამ უცნაური იყო სხვა რამ; ანუ ის ფარული ვაკხანალია, მომდევნო ალბომებში სულ უფრო წინა პლანზე რომ გადაინაცვლებდა, რაც მელოდიურობას ზოგჯერ ლამის აღმოფხვრიდა კიდეც მათ შემოქმედებაში. Let’s Get Together, Blues From An Airplane და Tobacco Road -ის ქავერი ალბომის ფსიქოდელიური ხასიათის მაუწყებელი წამყვანი სიმღერებია. It’s No Secret-მა კი საყოველთაო აღიარება ჰპოვა, აიჭრა რა ჩარტების მაღალ საფეხურებზე. Runnin' 'Round This World-მა ალბომს მისტიკური ხასიათი მიანიჭა, რადგან RCA Victory-ის მხოლოდ პირვანდელ ვერსიაში შევიდა.

ნახა რა ხმის ჩამწერმა კომპანიამ, რომ მარტო სან-ფრანცისკოში გაყიდვებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა, Runnin' 'Round This World სინგლად აქცია, ალბომი ხელახლა კი უკვე ამ სიმღერის გარეშე გამოსცა. ამის მიზეზი ხელისუფლების უკმაყოფილება იყო სიმღერის ტექსტის მიმართ. მეტიც, ალბომის განახლებულ ვერსიაში  Jefferson Airplane-ს ზოგიერთი სიმღერის ტექსტის ნაწილობრივი შეცლაც კი მოუწია და ამიტომაც „Runnin' 'Round This World-იანი“ ორიგინალი ვინილის ღირებულება, კოლექციონერთა შორის, დღესდღეობით რამდენიმე ათასი დოლარს შორის მერყეობს.

სიგნი ანდერსონმა ჯგუფი მშობიარობის გამო დატოვა, ხოლო მისი შემცვლელის - გრეის სლიკის სახელთან კი დაკავშირებულია Jefferson Airplane-ის არამარტო აღზევების პერიოდი, არამედ სასცენო სახე, რომლის განუმეორებელი ლაზათი, განსაკუთრებულ ეშხს სძენდა ფსიქოდელიური სცენის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს.

სლიკი რამდენიმე წლით უფროსი იყო ჯგუფის დანარჩენ წევრებზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი  შეძლებულ ოჯახში აღიზარდა და ფოტომოდელის პროფესიასაც დაუფლებოდა, ჰიპურმა ტალღამ კონსერვატიულ ოჯახურ მარწუხებს დააშორა და Jefferson Airplane-ის გამახურებელ ბენდ The Great Society-ის ლიდერად აქცია. სწორედ ამ კოლექტივმა წარმოადგინა პირველად Jefferson Airplane-ის უკვდავი ჰიტი Somebody to Love თავდაპირველი სახელწოდებით Someone to Love.

1967 წელს გამოსულმა მომდევნო ალბომმა Surrealistic Pillow, ბილბორდის გამოკითხვით მე-3 ადგილი დაიკავა და როკის მრავალი მოყვარულის აზრით, ჯგუფის საუკეთესო ნამუშევრად იქცა. მეტიც, იგი გასული საუკუნის 60-იანი წლების კონტრკულტურის, ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშადაა მიჩნეული.

გრეის სლიკთან ერთად, ჯგუფში ახალი დრამერი Moby Grape-დან სპენსერ დრაიდენი გამოჩნდა და Jefferson Airplane-ის შემადგენლობაც მთელი სამი წლით, ანუ ფსიქოდელიური ეპოქის დასრულებამდე,  დასტაბილურდა.

Surrealistic Pillow  შესანიშნავი სიმღერების ნაკრებია. ალბომმა ფსიქოდელიური ტონებით შეკრა სიმღერები, შეუნარჩუნა რა მათ მელოდიური დრამატიზმი, რითაც ჯოპლინთან და The Doors-თან შედარებით, Jefferson Airplane ნაკლებადაა გამორჩეული. განსაკუთრებულ აღიარებას  Somebody to Love-თან ერთად, ფსიქოდელიურმა ბოლერომ - White Rabbit-მა მიაღწია. გრეის სლიკის  ხმის მძლავრი ენერგეტიკა აქ მშვიდდება ხოლმე და საბოლოოდ სიმღერა როკული ვულკანის ამოფრქვევას ემსგავსება. Surrealistic Pillow გამოირჩეოდა მარტი ბალინისა და პოლ კენტნერის ფსიქოდელიური ბალადით  Today, ასევე მარტი ბალინის 3/5 of a Mile in 10 Seconds-ითა და Plastic Fantastic Lover-ით. იორმა კაუკონენმა კი ალბომის გამხსნელ She Has Funny Cars-ის შემდგომში გამოცემულ საკონცერტო ნახევრად ოფიციალურ ალბომ  White Rabbit-ის ვერსიაში, საოცარი - სტივ ვაისეული ილეთი შეასრულა. ეს 1968 წელში ხდებოდა, როდესაც მსგავსი რამ, ალბათ თვით კაუკონენსაც კი შემთხვევით, ემოციურ ტალღაზე გამოუვიდა. მნიშვნელოვანი იყო რა თქმა უნდა ნამუშევარში მათი სულიერი მამის, Grateful Dead -ის სულისჩამდგმელ, ჯერი გარსიას მონაწილეობაც.

უკვე აშკარა ხდებოდა მუსიკოსთა დაფასება როკულ წრეებში და ალბომ Electric Ladyland-ის ბლიუზში დასაკვრელად, ჯიმი ჰენდრიქსმა ბასისტი ჯეკ კესიდი მიიწვია, რომლის გადაირებასაც აპირებდა იგი, რომ არა 1970 წლის 18 სექტემბერი...

ალბომი After Bathing At Baxter’s, ჯგუფმა ექსპერიმენტების არეალად აქცია. აქ ფსიქოდელიური ვაკხანალია ზღვარს აღწევს და ქრონომეტრაჟით საგრძნობლად გაზრდილ კომპოზიციებში, მელოდიზმს ზოგჯერ საბოლოოდ სპობს ხოლმე. იგი საკმაოდ ძნელი მოსასმენია მაინდამაინც არადამაკმაყოფილებელი ჟღერადობის გამოც.

მომდევნო - 1968 წელს ჩაწერილი Crown of Creation, სათაურიდან და ტექსტობრივი დატვირთვიდან გამომდინარე, ადამიანის, როგორც ღვთის უზენაესი ქმნილებისადმი ჰიმნს წარმოადგენს, ოღონდ თავისუფლების შეუზღუდავი შესაძლებლობებით. ამ მხრივ უპირველეს ყოვლისა აღსანიშნავია დევიდ ქროსბის  The Byrds-ის თვის შექმნილი Triad-ის ქავერი და მარტი ბალინის (და არა კენტნერის) საკმაოდ რთული გიტარ რიფებით დატვირთული The House at Pooneil Corners. სწორედ ეს ერთადერთი სიმღერა შესრულდა RCA Records სტუდიის სახურავზე, სანამ პოლიცია შეაჩერებდა მუსიკოსებს. ეპიზოდი აღბეჭდილია ჟან ლიუკ გოდარის ფილმში „ღამის საათს“. 

ალბომის გამხსნელი Lather, ალბათ ალისას ზღაპრული სამყაროს გრეის სლიკისეული ფსიქოდელიური გამოხატულებაა. ტექსტი კი ჯგუფის დრამერ სპენსერ დრაიდენს ეხება, რომელსაც საზოგადოება „ბავშვურობის“ გამო ვერ ღებულობს. სლიკი მას იცავს და კიდევ დიდხანს უსურვებს „ბავშვური გახსნილი თვალებით“ სიცილს.

ალბომ Volunteers-მა კი განაგრძო ღირსეულად ჯგუფის დასახული გეზი, მაგრამ ფსიქოდელიური ეპოქის დასასრულთან ერთად, მალე  Jefferson Airplane-იც რომ უნდა გადასხვაფერებულიყო, ეჭვს არ იწვევდა. ალბომიდან აღსანიშნავია ანტისაომარი ჰიმნი We Can Be Together, რომლის შესრულებაც ვუდსტოკის ფესტივალზე კი შევიდა სკორცეზეს ფილმში, მაგრამ არა თვით ჯგუფის ვუდსტოკის ფესტივალზე წარმოდგენის ამსახველ ვიდეოში.  Bark და Long John Silver მშვენივრად მოსასმენი ალბომებია, მაგრამ აქ უკვე აღარაა არც მარტი ბალინი, არც სპენსერ დრაიდენი, რომელმაც New Riders Of The Purple Sage შექმნა…

1970-ებში Jefferson Airplane ჯერ Jefferson Starship-ად, ხოლო შემდეგ კი უბრალოდ Starship-ად გადაკეთდა. სლიკმა ნელ-ნელა დოზებს უკლო, რადგან იგი ხომ თვით ჯენის ჯოპლინს ეცოდებოდა - რა დღეში არის, დიდხანს ვერ გასტანსო... ცხოვრება კი თურმე სხვაგვარად უნდა წარმართულიყო. დღესდღეობით სლიკი მემუარებს წერს. Jefferson Airplane-ის იშვიათ კონცერტებზე კი რამდენიმე წლის წინათ, ვიღაც  ახალგაზრდა გოგონა მღეროდა...