„ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა ასეთი ტერმინი „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც თითქოს პატიოსანი ხალხია, წესიერები, მაგრამ სისულელეებს აკეთებენ, რადგან პოლიტიკოსები არ არიან“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე.
რა პერსპექტივა ელის ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგს ურთიერთკომპრომისის არარსებობის პირობებში 2021 წელს?
- ახალ წელს პირველად არ ვხვდებით ასეთ მდგომარეობაში. ზუსტად საახალწლოდ გვახსოვს ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ სამხედრო გადატრიალება, მაგრამ დღეს უნიკალური სიტუაციაა, პირველად ჩვენს პოლიტიკურ ისტორიაში, ასე თუ ისე, ოპოზიციამ მოახერხა გაერთიანება. ეს არის პირველი ფაქტორი და ეს არის სამომავლო დემოკრატიის პირველი ჩანასახი ერთიანი ოპოზიციის სახით. ქვეყანაში პარტიული სისტემა, პარტიული ანატომია არამდგრადია და ჩვენ მიჩვეულნი ვართ, რომ ხელისუფლებაში მოდის რომელიმე ერთი პარტია, იმარჯვებს თუ იფორმებს არჩევნებს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, შემდეგ ხდება ოპოზიციის ფრაგმენტაცია. ასე მოხდა შევარდნაძის დროს, სააკაშვილის დროს, დღეს კი უკვე ეს ფრაგმენტირებული ოპოზიცია გაერთიანდა, რაც მნიშვნელოვანია.
თითქმის ნახევარი საუკუნეა, ქართული პოლიტიკა ერთსა და იმავე შეცდომას იმეორებს, რასაც ჰქვია არასწორი საკადრო სელექცია. ვერ იქნა და ვერ მოხდა საქართველოს ისტორიაში, რომ ნებისმიერი ახლადმოსული პოლიტიკური ძალა ეყრდნობოდეს არა თანამებრძოლებს, არამედ თანამოაზრეებს. ყოველთვის თანამოაზრეთა დეფიციტია, სამაგიეროდ, არიან თანამებრძოლები, როგორიც ჰყავდა შევარდნაძეს და სააკაშვილს, ან არის ეკლექტიკა, რომელიც გვაქვს დღევანდელ ვითარებაში - ანუ არც თანამოაზრეები, არც თანამებრძოლები, უბრალოდ, რუსულად რომ ვთქვათ, „ნახლებნიკები“. დღევანდელი პარლამენტის არც ერთ წევრს მმართველი პარტიიდან არ უბრძოლია, რასაც ჰქვია ცივილიზებული პოლიტიკური ბრძოლა. ამიტომ დღეს რეალობა პრიმიტივიზმამდე მარტივია. თუ შეინარჩუნებს ოპოზიცია ერთიანობას, სულ სხვა რეალობა იქნება, მაშინ მმართველი პარტია უფრო სერიოზულად დაფიქრდება კომპრომისზე. თუკი პოლიტიკური შტრეიკბრეხერები გამოჩნდნენ ახლა და საამისო მონაცემები დღეს გვაქვს, რაც ყოველთვის არ არის პირადი სარგებლობის მიზნით გამოწვეული, არამედ პოლიტიკური გულუბრყვილობით, ეს ყველაზე საშიშია.
ჯერ კიდევ გასული საუკუნის 20-იან წლებში დაიბადა ასეთი ტერმინი „სასარგებლო იდიოტები“, რომლებიც თითქოს პატიოსანი ხალხია, წესიერები, მაგრამ სისულელეებს აკეთებენ, რადგან პოლიტიკოსები არ არიან. ჩვენთან მთელი უბედურება დაიწყო იმით, რომ მმართველი პარტიის ლიდერი არ იყო პოლიტიკოსი, ბატონი ბიძინა ივანიშვილი. გარდა იმისა, რომ ის არ იყო პოლიტიკოსი, საერთოდ არ უყვარს პოლიტიკა. ამას ღიად ლაპარაკობენ მისი გუნდის წევრები, ამას წინათ კობახიძე ამბობდა, ბატონი ბიძინა იძულებით პოლიტიკოსიაო. იძულებით არ შეიძლება პოლიტიკოსი გახდე. ეს გამორიცხულია.
სამაგიეროდ, იქნებ, პოლიტიკას შეუყვარდა ბიძინა ივანიშვილი, რადგან ის ვერ მიდიოდა პოლიტიკიდან, რომ მისი გუნდის წევრებს რამე არ დაეზიანებინათ და ვერც საკუთარი გუნდი ვერ ელეოდა მას.
- საკუთარი გუნდი ივანიშვილს ვერასოდეს ვერ შეელევა, რადგან ეს გუნდი არ არის. ეს არის გუნდი, რომელიც ყოველ არჩევნებზე იცვლება, ახლდება, ახალი ძალა მოდის, ახალი ხალხი, მაგრამ არა ახალი სისხლი, ახალი ინტელექტი. ძველ და ახალ სახეებს რომ ადარებ, ხშირად განსხვავებას ვერც ხედავ, გავიხსენოთ წინა პარლამენტის დეპუტატები, რომლებიც ახლა არ მოხვდნენ პარლამენტში, რომელი პოლიტიკოსები ისინი იყვნენ? არავითარი. ჩემდა საუბედუროდ, მე მოვესწარი, როდესაც გურიაში ჩაის მაგრად კრეფდა რომელიღაც ქალი და ირჩევდნენ დეპუტატად. უფრო ადრე, რასაც მე ვერ მოვესწარი, ჩემამდე იყო ცნობილი მაღაროელი სტახანოვი, რომელმაც ერთ დღეს რეკორდული რაოდენობის ქვანახშირი მოანგრია ხელით, მაშინ ეს პრიმიტიული შრომა იყო და ამის შემდეგ სტახანოვი გახდა მინისტრის მოადგილე.
ეს ისტორიები როიალისა და ელისო ბოლქვაძის ანალოგია?
- სწორედ ამის თქმა მინდოდა. ყველამ უნდა აკეთოს ის საქმე, რომელიც კარგად გამოსდის, მაგრამ, როდესაც ადამიანი იმ საქმეს, რომელიც კარგად გამოსდის, ცვლის სხვა საქმეში, ეს უკვე ეჭვს ბადებს. მე არ ვიცი, რით დაახარბეს ეს ცნობილი პიანისტი, შეიძლება იმით, რომ საფრანგეთში ასეთი პანდემიაა, იქაც კრიზისია და კონცერტებზე მოთხოვნილება შემცირდა. ნურავინ მეტყვის, რომ პატრიოტიზმითაა აღსავსე და გადაწყვიტა, საქართველოს დაეხმაროს. სისულელეებს ლაპარაკობს, სკოლის პირველი კლასიდან დავიწყოთ მუსიკალური განათლებაო. ამას არ სჯობდა, ეთქვა, მოდით, მეტი ყურადღება მივაქციოთ მუსიკალურ სკოლებს, რომელიც დაკნინებულია, აღარც ფული აქვთ, ზოგს შენობებიც აღარ აქვს. არ ვიცი, მართალია თუ არა, ეს ქალბატონი როიალს ითხოვს კაბინეტშიო. მეორე დეპუტატი კი გამოდის და ამბობს ონლაინსწავლების ჰაბი გავხადოთ საქართველოო. მე თვითონ უკვე ერთი წელია, ონლაინლექციებს ვკითხულობ, ვინ იტყვის, რომ ეს სჯობს ცოცხალ ლექციას, ამას არავინ იტყვის. ამიტომ კადრების სელექცია არ არის მოსაწონი. მე მაინც ვფიქრობ, თუ ოპოზიციამ შეინარჩუნა ერთობა, მაშინ მმართველი პარტია სერიოზულად მიუდგება საკითხებს. რასაკვირველია, თითო-ოროლა შტრეიკბრეხერი იქნება. ეს ყველგან არის და საქართველო ამ მხრივ გამონაკლისი არ იქნება.
ხომ შეიძლება, ახლა უკვე ბიძინა ივანიშვილმა თავად შექმნას ოპოზიცია, იმდენად მოსაწყენი აღმოჩნდეს ერთპარტიული პარლამენტი?
- არ გამოვა ასეთი რამ, ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია ოპოზიცია არ არის. თანაც, ეს სიახლე არ არის, სააკაშვილმაც შექმნა ხელოვნური ოპოზიცია, მაგრამ ეს რით დამთავრდა? ხელოვნურად შექმნილი ოპოზიცია გამოსავალი არ არის. ოპოზიცია ბუნებრივად უნდა შეიქმნას. თანაც, როდესაც მმართველ პარტიაში დიპლომატიურად ხისტი ლიდერები არიან, როგორიც კობახიძეა, რომელიც ხატოვნად რომ ვთქვათ, ყოველთვის შაშხანის გარეშე ფარიკაობს, ეს საშიშია, რადგან კოკა ყოველთვის წყალს არ მოიტანს. გარდა ამისა, ჩვენს ზურგს უკან ყოველთვისაა მესამე მოთამაშე - ჩვენი მეგობრები. თავის დროზე მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე ცხონებულმა შარლ დე გოლმა „ტრუბაში“ გააძვრინა თავისი საგარეო საქმეთა მინისტრი კუვ დე მიურვილი, რადგან მან თქვა, „ჩვენი უცხოელი მეგობრებიო“, დე გოლმა უცბად შეაწყვეტინა საუბარი და პირდაპირ უთხრა, ბატონო საგარეო საქმეთა მინისტრო, გახსოვდეს, რომ სახელმწიფო თუ ღირსია, ერქვას ტერმინი „სახელმწიფო“, მას არ შეიძლება ჰყავდეს მეგობრები, ვინაიდან მეგობრები უცხოელები არიან და მათი ინტერესები ოდესღაც შეიძლება გადაიკვეთოს ჩვენი ქვეყნის ინტერესებთანო. იგივე დე გოლი აღფრთოვანებული იყო ეიზენჰაუერით, მაგრამ სულ კამათობდა მასთან და საერთო ენა ვერ მოძებნეს, ერთხელ წამოსცდა დე გოლს, „სამწუხაროდ, ჩვეულებრივ ადამიანებს შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები, მაგრამ პოლიტიკოსებს არასოდეს“. ე.ი. თუ პოლიტიკოსებს არ შეიძლება ჰყავდეთ მეგობრები, სახელმწიფოსაც არ შეიძლება ჰყავდეს მეგობარი. ამიტომ ევროპელები და სხვები კი გვეხმარებიან, მაგრამ ლამაზი თვალებისთვის დღეს არავინ არავის არ ეხმარება. ჩვენთან არავის არ გაუანალიზებია ის ფაქტი, რამდენად სჭირდება საქართველო დღეს ცივილიზებულ მსოფლიოს და საქართველოს რამდენად შეუძლია, ისარგებლოს იმით, რომ ჩვენ მაინც ვჭირდებით ცივილიზებულ მსოფლიოს და შეგვიძლია ცოტა პრინციპულნი ვიყოთ საკუთარ მოთხოვნებში. მაგალითად, ეს შეეხება ნატოში ჩვენს მიღებას.
ამერიკის თვალში თურქეთის როლის დაკნინების კვალდაკვალ, ჩვენი რეგიონის პოტენციალიდან გამომდინარე, შეიძლება კიდევ უფრო დავჭირდეთ ცივილიზებულ მსოფლიოს?
- რასაკვირველია, მას შემდეგ, რაც თურქეთმა S-400 იყიდა რუსეთისგან, ის უკვე დღეს ნომინალური, ანუ ფორმალური წევრია ნატოსი. ამ დროს ნატოს სამხრეთი ფლანგი, რომელმაც თავისი აქტუალობა დაკარგა 80-იანი წლების დასასრულს და 90-იანის დასაწყისში, ელცინის პერიოდში, დღეს უფრო და უფრო აქტუალური ხდება, თუნდაც იმავე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გააქტიურების თვალსაზრისით. ამისთვის საჭიროა, საქართველოს ჰქონდეს მძლავრი დიპლომატიური სკოლა, რაც არ გვაქვს. შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, შეიძლება, კარგი დიპლომატია, ნაკითხია ჩვენი მინისტრი, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტრო დღეს არ ჩანს. მომავალ წელს მაინც ველი, რომ მოდუს ვივენდი მოიძებნება ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის, ვინაიდან დღეს კობახიძემ რაც არ უნდა ამტკიცოს, ჩვენ ათასი სვლა გვაქვს და ოპოზიციას ერთი სვლა აქვსო, ეს არ არის სიმართლე. ოპოზიციის ერთი სვლა შეიძლება უფრო შედეგიანი აღმოჩნდეს, ვიდრე მმართველი პარტიის ხუთი სვლა. ეს იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიცია შეძლებს ერთპარტიული დატოვოს პარლამენტი. ერთპარტიულ პარლამენტს, როგორც სასურველ კლიენტს, არ შეეგუება ცივილიზებული დასავლეთი. გამორიცხულია, ერთპარტიულ პარლამენტიანი ქვეყანა ევროპამ თავის თუგინდ პრაგმატულ მოკავშირედ ჩათვალოს. ასეთ შემთხვევაში, შეიძლება საქართველოში ვიღაც-ვიღაცებმა დაიწყონ ალტერნატივაზე ფიქრი და თქვან, აი, ხომ ხედავთ, ნატოში არ გვღებულობენ, ევროკავშირში არ გვღებულობენ, ამიტომ დასავლეთმა თავისი რჩევა სათავისოდ შეინახოსო.
როგორც წესი, ასეთ დროს ავანტიურისტები სარგებლობენ.
- რასაკვირველია, ჩვენთან დღეს არის ავანტიურიზმი და დილეტანტიზმი. პოლიტიკოსების საშინელი დეფიციტია, საიდან იქნებიან პოლიტიკოსები, როდესაც ჩვენთან განათლების სისტემა არ არის, მეცნიერება არ არის. ძალიან კარგი ბიჭია ალეკო ელისაშვილი, როდესაც ის იყო სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტი, ამისთვის იყო ზედგამოჭრილი, მაგრამ არ არის პოლიტიკა მისი საქმე. კარგი გაგებით, ძალიან გულუბრყვილოა პოლიტიკისთვის, რომელსაც სჯერა, რომ უკვე აიძულა მმართველი პარტია ოთხი მოთხოვნიდან სამზე უკან დაეხია. ამ დროს გამოდის კობახიძე და ამბობს, ჩვენ კი არა, ოპოზიცია იხევსო უკან. თუ დასავლეთის ელჩმა მუშტი არ დაარტყა მაგიდას, არაფერი შეიცვლება. ტრამპი ორი წელი არ ნიშნავდა საქართველოში ელჩს, რადგან არ აინტერესებდა საქართველო. ახლა ვნახოთ, ბაიდენი შეცვლის ელჩს საქართველოში, თუ ამ ელჩს დატოვებს დიდხანს?
კელი დეგნანი შესაცვლელია?
- მე მგონი, ჯერჯერობით შესაცვლელი არ არის, ყოველ შემთხვევაში, შარშან მარტის შეთანხმებას მიაღწია და კარგად იმუშავა, მაგრამ ახლა ვნახოთ, რას გააკეთებს. თუ შეთანხმება არ მოხდა ჩვენს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ჩათვალეთ, რომ ეს არ მოინდომა ამერიკამ. სიტუაცია შეიცვლება, თუკი ელჩი მიიღებს დირექტივას ვაშინგტონიდან, ახალი სახელმწიფო მდივნისგან, რომელიც კარგ იმედებს იძლევა, მისი ბიოგრაფია რომ წავიკითხე, წარსული ყოველთვის გვაძლევს სურათს რეალობაზე. არაფერი შეიცვლება, თუ დეგნანმა არ მიიღო ამერიკიდან დირექტივა, რომ პოზიციამაც და ოპოზიციამაც ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებონ და შეთანხმდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუკი არ შეთანხმდებიან, მაშინ იქნება მრავალწერტილი. ის მრავალწერტილი კი ყველასთვის ცნობილია, რაც არის. არც იმას გამოვრიცხავ, მრავალწერტილი მისაღები აღმოჩნდეს ვიღაცებისთვის და მაშინ უკვე რთული ვითარება იქნება. ეს ყველაფერი იანვრის ბოლოს გადაწყდება. ამ ყველაფერს ჩვენთან დიდი ყურადღებით აკვირდებოდა მხოლოდ ერთი ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკა მას არ უყვარს -ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გადაწყვეტდა, საითკენ წაიყვანდა თავის გუნდს. დანარჩენი არავინ არ უყურებს ამას. ევროპა-ევროპა ვიძახით და ამ დროს გამალებული მივდივართ გასული საუკუნის 60-იანი წლების აფრიკისკენ, თანაც ევროპული დროშით.