ნინო ბურჯანაძე -

ნინო ბურჯანაძე - "რა დროს პალმებია ამ მშიერ ქვეყანაში?"

"თუკი ხელისუფლებასთან ბრძოლაში რომელიმე ოპოზიციონერი შეგნებულად შეგვიშლის ხელს, ამის საჯაროდ  თქმას აღარ მოვერიდები", - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობა "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე, რომელიც ხელისუფლებასთან შეურიგებელის ბრძოლის გაგრძელებას აპირებს:

- სააკაშვილმა კარგად იცის, რა ფასი აქვს უცხოეთში ჩემს სიტყვას და ამიტომაც  ხელისუფლებიდან ჩემი წამოსვლის შემდეგ მთავარი ამოცანა საერთაშორისო არენაზე ჩემი დისკრედიტაცია გახდა. მაგრამ ტყუილად დახარჯეს მრავალი მილიონი ჩემი იმიჯის შესაბღალავად.

კონკრეტულად, რას გულისხმობთ?

- კონკრეტულად დონაძის ტელევიზია "რეალ ტვ" ჩემი შავი პიარით არის დაკავებული. ასევე მებრძვის "პრაიმტაიმი", რომელსაც მერიამ სარეზერვო ფონდიდან 200 ათასი ჩაურიცხა. გაზეთის ნომრები, სადაც ჩემი მაკომპრომეტირებელი სტატიები იბეჭდებოდა, ერთხანს უფასოდ რიგდებოდა. პიარკომპანიები უცხოეთში საგანგებო შეხვედრებს,  ლანჩებსა და სადილებს აწყობენ, სადაც სტუმრებს ეუბნებიან, ბურჯანაძე რუსეთთან არის შეკრული, მათგან მილიონებს იღებსო.

ოპოზიცია სააკაშვილის საერთაშორისო იზოლაციაზე ლაპარაკობს, ამ დროს საგარეო საქმეთა მინისტრმა გვაუწყა, პრეზიდენტს ათეულობით ვიზიტი აქვს დაგეგმილი დასავლეთშიო.

-  წელიწადზე მეტია, სააკაშვილს მნიშვნელოვანი ვიზიტი არ ჰქონია, რაც ქვეყნის დიპლომატიურ საქმიანობაში ჩავარდნაა.  არაბი შეიხის გამოგზავნილი 70 ათას დოლარად ღირებული პალმების გამოგზავნა არა მგონია დიდი დიპლომატიური მიღწევა იყოს. რა დროს პალმებია ამ მშიერ ქვეყანაში?

რადგან ქვეყნის პრეზიდენტია, არ მიხარია სააკაშვილისადმი  ცინიკური დამოკიდებულება, რადგან ეს საქართველოზე მოახდენს გავლენას.  მხოლოდ რუსეთში კი არა,  სააკაშვილს სერიოზულად მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ აღიქვამენ. გაეროში ყოფნისას ობამა სააკაშვილს არ შეხვდა. ცხადია, აშშ-ში სააკაშვილთან დამოკიდებულებას გადახედეს. ის არ მიიწვიეს მიუნხენის კონფერენციაზე, მაინც ჩავიდა, მაგრამ რაკი მიწვეული არ იყო, სიტყვა არ მისცეს. ერთადერთი, რაზეც სააკაშვილის რეჟიმი დგას, ვითომ მისი ანტირუსულობაა. სააკაშვილი რუსეთს ლანძღავს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერს აძლევს. დასავლეთში იციან, რაზეც შეუძლია სააკაშვილს წასვლა, თუკი დარწმუნდება, რომ ხელისუფლების დატოვება მოუწევს. ამიტომ  ეკიდებიან ფრთხილად, მაგრამ მუდმივად ელაპარაკებიან და ახდენენ ზეწოლას. ამერიკელები სულელები ხომ არ არიან, თავიანთ ქვეყანას მოაკლონ ფული, მილიარდები მოგვცენ და სააკაშვილმა კი 50-100-მილიონიანი ფილმი გადაიღოს თავის გმირობაზე? ეს ფილმი "მადნეულმა" დააფინანსა.

"მადნეული" ბატონი გენერალოვისაა, რომელიც პუტინის უახლოესი მეგობარია. რატომ უნდა აძლევდეს ხელს პუტინს სააკაშვილზე ჰოლივუდში ფილმის გადაღება? თუ "მადნეულს" შეუძლია მილიონები გასცეს, დევნილებს დაეხმაროს.

ამ ლოგიკით ხელისუფლების  წევრებიც გეტყოდნენ, თუკი დევნილებზე გული შეგტკივათ, წყნეთის აგარაკი დევნილებისთვის მიგეცათო.

- აგერ არის აგარაკი და ნახეთ, იქ რამდენი ოჯახი დაეტევა. როდესაც მედია გათავისუფლდება, საზოგადოება სიმართლეს გაიგებს. ხელისუფლებაში რომ ვყოფილიყავი, ან დემოკრატიული ფონდის პრეზიდენტად დავრჩენილიყავი და ნელ-თბილად მეკრიტიკებინა ხელისუფლება, აგარაკი არავის გაახსენდებოდა და, პირიქით, სააკაშვილი ფულს მომცემდა.

მპირდებოდა კიდეც, სანამ პოლიტიკურ საქმიანობას დავიწყებდი. წყნეთის სახლზეც შემომთავაზეს, შეარბილე ბრძოლა და ამ ქონებაზე პრობლემა არ იქნებაო.

პრეზიდენტი, რომელიც ლაპარაკობდა ქამრების შემოჭერასა და ხალხივით ცხოვრებაზე, 25-მილიონიანი თვითმფრინავით დაფრინავს საფრანგეთში დასასვენებლად და რომში ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად. მას შეუძლია კოდუას შვილის ნათლობაზე უცხოეთიდან ჩამოფრინდეს და მეორე დღეს უკანვე  გაფრინდეს. ეს ყველაფერი სახელმწიფოს ხარჯზე ხდება. მე რომ ასეთი რამ გამეკეთებინა, ყველა დოკუმენტი გამოფრიალებული იქნებოდა. არასოდეს მითქვამს ხალხისთვის,  რომ მათსავით ვცხოვრობ, რადგან მათ კარგად იციან, რომ  ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს აქვთ პრივილეგიები, მაღალი ხელფასი. ვინც დაინტერესდება, გაარკვიოს, რა ჰქონდა ბურჯანაძეს ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა აქვს დღეს. ხელისუფლება  და სააკაშვილი ჩემს მორალზე ლაპარაკობენ და საინტერესოა, რა ჰქონდათ მათ ხელისუფლებაში მოსვლამდე და რა სიმდიდრის მფლობელები არიან დღეს. ხელისუფლება ყველა სახის ბიზნესს აკონტროლებს და ყველგან  წილშია.

მეტსაც გეტყვით, ბიზნესის გაკონტროლების გამო სახელისუფლებო  გუნდში ისეთი გარჩევებია, მნიშვნელოვანი სახელმწიფოების ელჩებს უხდებათ საქმეში ჩარევა. არ ვგულისხმობ მხოლოდ კეზერაშვილის ინციდენტს "მაგთისთან", რომელიც გახმაურდა. ამიტომაც ებღაუჭება ხელისუფლება ძალაუფლებას.

როდესაც ამბობთ, რომ შეურიგებელი იქნებით, რას გულისხმობთ?

- ელჩებთან  შეხვედრას, წერილების გაგზავნას, ბრიფინგს, მიტინგს, ბოიკოტს. ხელისუფლებამ "კარგად" იმუშავა, რათა ჩვენს მოთხოვნებს რადიკალიზმი დარქმეოდა. რატომ არის რადიკალური იმ ქვეყნის პრეზიდენტის გადადგომა, რომელმაც ქვეყანა დააქცია? ეს კითხვა ელჩებსაც დავუსვი და პასუხი ვერავინ გამცა.

მაგრამ რამდენ ხანს უნდა იდგეს ხალხი ქუჩაში?

- ხელის ჩაქნევა ყველაზე დიდი ხელშეწყობაა ხელისუფლებისათვის. სად გინახავათ,  რომ დიქტატორულ რეჟიმებთან ბრძოლა მიტინგების ერთი ციკლით დასრულებულიყოს? ეს ხელისუფლება სავარძელთან ერთად ყველაფერს კარგავს, რადგან მისი წევრების უმეტესობა არაფერს წარმოადგენს. მახსენდება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების დროს ხელისუფლების ერთ-ერთ მაღალჩინოსანთან ერთად   ბავშვთა კოლონიაში ვიყავი და მაშინ მან ბავშვებს უთხრა, ცხოვრებაში ბევრ რამეს შეგიძლიათ მიაღწიოთ, რადგან ვინც აქ ვართ, არაფერს წარმოვადგენდით, ისევე როგორც ჩვენი მშობლები არავინ არ იყვნენ და ხედავთ, რამდენს მივაღწიეთო.

შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის, რომ თურმე ეს პიროვნება თვლიდა, ჩემი  მშობლები არავინ არ იყვნენ, რადგან თანამდებობა და სიმდიდრე არ ჰქონდათო. წარმოგიდგენიათ, ხელისუფლებაში მოვიდნენ პირები, რომლებიც ფიქრობენ, რომ მშობლები არარაობა ჰყავდათ, დღეს კი მათი შვილები მეგობარ გოგონებთან ერთად საკუთარი თვითმფრინავებით დაფრინავენ ფეხბურთის მატჩებსა და მადონას კონცერტებზე.

მას შემდეგ, რაც განაცხადეთ, ჩემი მეუღლე დავით ბეჟუაშვილთან ერთად იყო კიევშიო, თურმე ბეჟუაშვილებს ეჭვით უყურებენ ხელისუფლებაში და გელა ბეჟუაშვილის უწყებას დაფინანსებაც კი შეუმცირეს.

- გელა ბეჟუაშვილი არც მანამდე სარგებლობდა ხელისუფლებაში დიდი მხარდაჭერით, რადგან ხშირად გამოხატავდა განსხვავებულ აზრს. მაგალითად, ის წინააღმდეგი იყო აჭარაში ძალის გამოყენებისა.  რაც შეეხება დაფინანსების შემცირებას, ამ ხელისუფლებას არ სჭირდება არც დაზვერვა, არც კონტრდაზვერვა და არც საზღვრების დაცვა. მას სჭირდება მოსასმენი აპარატურა, ზონდერბრიგადები და ძალიან დიდი ფული ხალხის მოსატყუებლად და სამართავად. იცით, რომ 6-კილომეტრიანი გზის დასაგებად ხელისუფლებამ 118 მილიონიანი კრედიტი აიღო? გინახავთ ისეთი ქვეყანა, სადაც მოსახლეობის 40% სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდეს და ამდენი მილიონი იხარჯებოდეს ინფრასტრუქტურაზე? დღეს ეს მათთვის მთავარი შემოსავლის წყაროა.

თუ დავუშვებთ, რომ სააკაშვილი 2013 წლამდე დარჩა ხელისუფლებაში, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ოცი წელი არ წავა ან წავა რევოლუციით.