ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა

ცეზარ ჩოჩელის ხალხმა ვანო მერაბიშვილს სცემა

მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის თავზე შავი ღრუბელი ჩამოწვა. დღეის მდგომარეობით მისი ქონება დაყადაღებულია. როგორც მისი ადვოკატი აცხადებს, ოჯახს საარსებო საშუალებაც კი არ დაუტოვეს. ექს-გუბერნატორი იმედოვნებს, რომ ძალიან მალე დაამტკიცებს თავის სიმართლეს. ვნახოთ, როგორ გამოუვა ეს ამბავი. გამოძიებას მასთან ბევრი კითხვა აქვს. არც ის არის გამორიცხული, ჩოჩელმა ახალ ხელისუფლებასთანაც გამონახოს საერთო ენა. ამის გამოცდილება მას ნამდვილად აქვს.

2003 წელს ცეზარ ჩოჩელი მაჟორიტარად ახალგორში კენჭს შევარდნაძის ბლოკიდან იყრიდა. მისი კონკურენტი ნაციონალებიდან სახელგანთქმული ფეხბურთელი ვოვა გუცაევი იყო.

ამომრჩეველთან შეხვედრის მიზნით გუცაევი რამდენჯერმე ეწვია ახალგორს. ერთხელ მას იქ მიხეილ სააკაშვილი და ვანო მერაბიშვილიც გაჰყვნენ. ვანო იმ დროისთვის ერთი ჩვეულებრივი დეპუტატი იყო. სააკაშვილი კი თბილისის საკრებულოს ედგა სათავეში. მათი სტუმრობა ახალგორში დიდი ხმაურით დასრულდა.

"როგორც კი ეს დელეგაცია დაინახეს, გამოვარდა რამდენიმე ადამიანი ყვირილით და უცენზურო შეძახილებით. რამდენიმე მათგანს ხელში მარგილი ეკავა. ისინი ნაციონალებს გაეკიდნენ. სააკაშვილი გაიქცა და მისი დაწევა შეუძლებელი აღმოჩნდა. ვოვა გუცაევი არსად გაქცეულა მაგრამ მისთვის ხელი არავის დაუკარებია. გაქცევას შეეცადა მერაბიშვილიც. მისდა საუბედუროდ, სააკაშვილივით მარდი ვერ აღმოჩნდა. დაეწივნენ და მაგრად სცემეს, - განუცხადა "ახალ თაობას" ამ ამბის თვითმხილველმა.

მისი განცხადებით, ნაციონალებს ქვები და მარგილები ჩოჩელის სანათესაომ დაახვედრა. ჩხუბში მონაწილეობას თავად ჩოჩელიც ღებულობდა.

ცეზარ ჩოჩელი იმ დროისთვის ახალგორში კარგი სახელით სარგებლობდა. მას ჰქონდა ლუდსახარში "ლომისი" და ბლომად ხალხი ჰყავდა დასაქმებული. და როგორც ახალგორელები ამბობენ, მან ბევრ ადამიანს გაუმართა ხელი.

ამდენად არავის გაჰკვირვებია მაჟორიტარული არჩევნები რომ მოიგო. ამის გამო კი საკმაოდ დიდ შარში გაეხვია. 2003 წლის საპარლამენტო არჩევნები რევოლუციით დასრულდა.

რევოლუციის მიზეზად გაყალბებული არჩევნები დაასახელეს. შესაბამისად გაუქმდა არჩევნების შედეგები, მაგრამ მხოლოდ სანახევროდ. მაჟორიტარული შედეგები უცვლელი დარჩა. არადა, ყველა ოლქი თითქმის შევარდნაძის მაჟორიტარებს ჰქონდათ მოგებული.

გავრცელებული ინფორმაციით, ამაში რევოლუციონერებმა საკმაოდ დიდი ფული აიღეს. იმ მაჟორიტარებს ფული თავზესაყრელად ჰქონდათ. საკუთარი ტყავის და მანდატის გადასარჩენად ვარდოსნებს ფული ფიანდაზად დაუფინეს.

რამდენიმე მაჟორიტარს უფრო ძვირი გადასახადი დაუწესდა. მათ შორის იყო ცეზარ ჩოჩელიც. ამბობენ, რომ მან ხელშეუხებლობა 3 მილიონად იყიდა, როგორ გგონიათ, ნაციონალები ქვებით და მარგილებით დახვედრას ასე აპატიებდნენ. ამბობენ, რომ მას წილშიც ჩაუჯდნენ.

დეპუტატად ჩოჩელი 2008 წლის იანვრამდე იყო. დეპუტატობის ჟამს არ აქტიურობდა და ხალხსაც ნაკლებად აღიზიანებდა. მერე გუბერნატორად დანიშნეს. ამბობენ, რომ ჩოჩელს არ სურდა გუბერნატორობა. ჩინეთშიც კი წასულა და უთქვამს, ცუდად ვარო. მაგრამ მერე ქონების ჩამორთმევით დაემუქრნენ. ასეთი რამეები იმ ხელისუფლებას საკმაოდ კარგად გამოსდიოდა.

გუბერნატორობამ ჩოჩელი სერიოზულად შეცვალა. ვანო მერაბიშვილთან ერთად ბევრის ქონება ჩაიგდო ხელში. დღეს მათ ერთობლივი ბიზნესი აქვთ. ამ ბიზნესში მერაბიშვილი ოფიციალურად არ ფიგურირებს. ამბობენ, რომ ჩოჩელიდან გამოძიება მერაბიშვილზე გავა. ვანო ამბობს, თუ ყოჩაღები არიან, დამკითხონო. მთავარი პროკურორი იძახის, დავკითხავთ,
რა პრობლემააო.

ჩოჩელმა რამდენიმე დღე გაატარა საპატიმროში. მაშინ მერაბიშვილმა თქვა, რომ ის დიდი პატრიოტი იყო. იმის შემდეგ ჩოჩელის გვარი აღარ უხსენებია. სამაგიეროდ, სხვა ნაციონალებმა ატეხეს დიდი ამბავი. მეოცნებეებს თავს ლაფს ასხამენ, ადამიანი ისე როგორ გაიმეტეთ, საარსებო საშუალებაც კი არ დაუტოვეთო.

მართალია ჩოჩელს ანგარიშები დაუყადაღეს, მაგრამ საარსებო საშუალება მაინც დარჩებოდა. განსაცდელში ჩავარდნილ ადამიანზე ცუდი არ უნდა დაწერო, მაგრამ რაღაცეების გახსენება აუცილებელია.

აბა, გავიხსენოთ, რამდენი ადამიანი გაათავისუფლეს მისი ბრძანებით სამსახურებიდან განსხვავებული პოზიციების გამო. არჩევნების წინ მისი ბრძანებით მარტო ყაზბეგში რამდენიმე ათეული ადამიანი მოხსნეს. მცხეთაში, თიანეთსა და დუშეთში კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა იყო.

მძიმე დღეში იყვნენ ამ რეგიონებში მომუშავე ჟურნალისტებიც. "ახალი თაობა" ხშირად წერდა, რა დღეში აგდებდნენ მცხეთა-მთიანეთის საინფორმაციო ცენტრს. ეს რეგიონში პირველი დამოუკიდებელი მედიასაშუალება იყო და ამაზე სამხარეო ადმინისტრაცია კინაღამ გადაირია. მოგვიანებით იქ "მეცხრე არხისა" და "ინფო 9"-ის ჟურნალისტებიც გაჩნდნენ. კარგი დღე არც მათ დაადგათ.

რაკი ეს რეგიონი ვახსენეთ, იმასაც გაგახსენებთ, როგორ აიძულებდნენ აქაურებს ჩოჩელის პროდუქციის გასაღებას. ყველა მაღაზია ვალდებული იყო, "ბარამბოს" ტკბილეული გაეყიდა. ზოგ მაღაზიაში "ბარამბოს" ნაწარმის გარდა არაფერი იყიდებოდა.

ეს დრო წარსულს ჩაბარდა. შესაბამისად ნაციონალებმა თავი უნდა შეიკავონ სხვების დადანაშაულებაში. და არც ასე იოლად უნდა გამოაცხადო ადამიანი პატრიოტად, ისევე, როგორც მტრად.

რუსეთის დუმის დეპუტატთან ერთად სხვას რომ ჰქონოდა ბიზნესი დაწყებული, ნაციონალები ალბათ გამუდმებით მასზე ილაპარაკებდნენ, ჩოჩელი კი მათთან ერთად ასხამდა ლუდს. და საერთოდ, ლუდის ბიზნესი მათი ფულით დაიწყო. ამისთვის მას ძმებმა ხადარცევებმა საკმაოდ სერიოზული თანხა გადაუხადეს.

სხვათა შორის, ხადარცევების კლანი თავიდან გოგი თოფაძესთან აწარმოებდა მოლაპარაკებას. იყო საუბარი, რომ მათ ყაზბეგში ერთობლივი საწარმოს გახსნაც კი შესთავაზეს, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა დასაქმდებოდა. მაგრამ თოფაძემ არ მოინდომა, მისთვის ყაზბეგი, როგორც ჩანს, მარტო ლუდის სახელია და მეტი არაფერი.

გოგი თოფაძე საუბრის სხვა თემაა და მისით ცეზარ ჩოჩელს ნუ დავამძიმებთ. ისედაც დამძიმებულია მისი საქმე. როგორც თავში უკვე ვთქვით, ის თავისი სიმართლის დამტკიცებას აპირებს. და როგორც მისი ახლობლები ამბობენ, ძალიან გახარებულია, ნაციონალები ხელისუფლებას რომ ჩამოშორდნენ.