აშშ-ის თავდაცვის ათი ყოფილი მდივანი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, პატივი სცეს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს. თავდაცვის ყოფილი მდივნების განცხადებით, „ამერიკელმა სამხედროებმა არანაირი როლი არ უნდა ითამაშონ არჩევნების შედეგების დადგენაში“.
„ჩვენი არჩევნები შედგა. ხმების გადათვლა და გადამოწმება ჩატარდა. სასამართლოებმა საჩივრები სათანადოდ და კეთილსინდისიერად განიხილეს. გუბერნატორებმა არჩევნების შედეგები დაამოწმეს. შედეგების გასაჩივრების დრო გავიდა და საარჩევნო კოლეგიის ხმების დათვლის დრო დადგა, როგორც ეს გათვალისწინებულია კონსტიტუციითა და კანონით“, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის თავდაცვის ყოფილი მდივნები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ „აშშ-ის შეიარაღებული ძალების საარჩევნო დავების გადაწყვეტაში ჩართვის მცდელობა ქვეყანას სახიფათო, უკანონო და არაკონსტიტუციურ გზაზე გადაიყვანს“.
„პენტაგონის ხელმძღვანელობამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი პოლიტიკური ქმედებისგან, რაც ძირს გამოუთხრის არჩევნების შედეგებს ან დაბრკოლებებს შეუქმნის ახალი ადმინისტრაციის გუნდს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელი მოაწერეს თავდაცვის შემდეგმა ყოფილმა მდივნებმა: დიკ ჩეინი, ჯეიმს მეტისი, მარკ ესპერი, ლეონ პანეტა, დონალდ რამსფელდი, უილიამ კოენი, ჩაკ ჰეიგელი, რობერტ გეითსი, უილიამ პერი და ეშტონ კარტერი.
15 დეკემბერს ამომრჩეველთა კოლეგიამ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. 3 ნოემბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგად, „დემოკრატების“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, ჯო ბაიდენმა ამომრჩეველთა კოლეგიის წევრთა 306 ხმა მიიღო, ხოლო მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა - 232 ხმა.
რამდენიმე გადამწყვეტ შტატში დონალდ ტრამპის გუნდი სამართლებრივ დავებს აწარმოებს არჩევნებში დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით. აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი არჩევნებში დამარცხებას არ აღიარებს და აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები გაყალბდა.