“ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში აცხადებს.
ხუხაშვილმა ივანიშვილსა და მას შორის დაპირისპირების მიზეზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ მიუხედავად მადლიერებისა, ბიძინა ივანიშვილი მისთვის მნიშვნელოვან და შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს, ამიტომ იძულებულია აკრიტიკოს.
“პირველი ადამიანი, ვისაც ბიძინა ივანიშვილი შეხვდა პოლიტიკაზე სასაუბროდ, მე გახლდით. “მინდა მე და შენ დავიწყოთ” – ზუსტად მახსოვს ეს სიტყვები. სამი დღე ვუყურე ტელევიზორს და შენ აგარჩიეო. შევპირდი, დავეხმარებოდი, მაგრამ პოლიტიკაში არ შევიდოდი. მეორე დღიდანვე გავმართე კონსულტაციები იმ პოლიტიკურ ჯგუფებთან, ვისთან ერთადაც ბიძინა ბრძოლის დაგეგმვას აპირებდა. პირველი შეხვედრა გავმართე რესპუბლიკელებსა და “თავისუფალ დემოკრატებთან”. საჯარო მონაწილეობაზე თავიდანვე უარი მქონდა ნათქვამი, მაგრამ კულისებში ძალიან აქტიურად ვიყავი ჩართული.
პირველი ნაბიჯები ნამდვილად მე გადავდგი კოალიციის ფორმირებაში. შემდეგ ვიფიქრე, კულისებში ყოფნა სწორი აღარ იქნებოდა და საჯაროდ ჩავერთე საქმეში. დღეს აღარავის ახსოვს და შეთქმულების თეორიებს აწყობენ, მაგრამ მე მაშინვე ვთქვი, რომ არჩევნების დასრულებისთანავე გავდგებოდი განზე. სამწუხაროდ, არჩევნები მოვიგეთ. ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ის იყო, რომ დროულად ვერ მოვახერხე განზე გადგომა.
დავაპირე, მაგრამ ივანიშვილმა მთხოვა რამდენიმე თვე არ წავსულიყავი, რადგან იყო საკითხები, რომელთაც ჩემ გარდა ვერავინ მოაგვარებდა. სწორი იქნებოდა, რომ არ დავთანხმებულიყავი. ასე ვერ მოვიქეცი. ამიტომაც მივიღე რეპუტაციული ზიანი. ბინძური კამპანია დაიგეგმა ჩემს წინააღმდეგ, არა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტებისგან, არამედ თავად გუნდში. რატომ? იმიტომ, რომ მავანთ ეკონომიკური ინტერესები ჰქონდათ, ხელისუფლების გამოყენებით ფულის შოვნა უნდოდათ და მე ხელს ვუშლიდი. ვიცოდი, ჩემს წინააღმდეგ ბინძური კამპანია რომ წამოიწყეს, საქმის კურსში ბიძინაც ჩავაყენე, მაგრამ ზერელედ შეხედა ამ პრობლემას. მაშინ მივხვდი, უკვე პრინციპული გადაწყვეტილების მიღების დრო იყო. ისევ მთხოვა დარჩენა, ამის გამო ურეკშიც ჩამიყვანა, მაგრამ მე აზრი აღარ შევიცვალე.
ივანიშვილი ჩემთვის პოლიტიკურად აბსოლუტურად მიუღებელია, მაგრამ ვერასდროს გადავხაზავ იმ ადამიანურ ურთიერთობას, რაც ერთად ბრძოლის დროს ჩვენ შორის ჩამოყალიბდა. ძალიან მაკლია როგორც მასთან, ასევე მის ოჯახთან ურთიერთობა. ვერ დავივიწყებ მის კეთილ საქმეებს როგორც ქვეყნის, ისე პირადად ჩემთვის. მატერიალურ სიკეთეებზე არაფერს ვამბობ, შეუფასებელი რამ გამიკეთა – ჩემი მეუღლე დღეს ცოცხალი რომ არის, მას უნდა ვუმადლოდე. ძვირად ღირებული სასწრაფო ოპერაცია ისე დააფინანსა, არც მითხოვია მისთვის. მაგრამ თვალს ვერ დავხუჭავ იმაზე, რომ დღეს ასევე ჩემთვის შეუფასებელ ღირებულებებს აზიანებს. არ მიხარია მისი გაკრიტიკება, არც ჩასაფრებული ვარ. ხვალ რომ დაცვა დასჭირდეს, ისევ მე დავიცავ, ირაკლი კობახიძე კი არა. კობახიძე დაჯდება პროკურატურაში და დაწერს, ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის ბრალი იყო, ის მავალებდა ცუდ საქმეებსო“, – ამბობს ხუხაშვილი.
0